16-წლამდელთა A ლიგის ნახევარფინალურ სერიებში აკადემია და ჰიუნდაი დაწინაურდნენ

16-წლამდელთა A ლიგის ნახევარფინალურ სერიებში აკადემია და ჰიუნდაი დაწინაურდნენ

ივნ. 13, 2025 - 22:27
 0
16-წლამდელთა A ლიგის ნახევარფინალურ სერიებში აკადემია და ჰიუნდაი დაწინაურდნენ
დაძაბული მატჩებით დაიწყო საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის A ლიგის ნახევარფინალური სერიები. ჩემპიონობისთვის 4 გუნდი – აკადემია, ჰიუნდაი, ზაზა ფაჩულიას აკადემია (ზფა) და აჭარის ნაკრები იბრძვიან. ჰიუნდაი ზფა-ს დაუწყვილდა, აკადემია – აჭარის ნაკრებს. ორივე წყვილში ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი დღეს, თბილისი არენაზე გაიმართა.

აკადემიამ ძალიან დაძაბული, დრამატული ფინალის მქონე შეხვედრაში 1 ქულის სხვაობით – 68:67 (სტატისტიკა) დაამარცხა აჭარის ნაკრები. არადა, ზღვისპირელები თითქმის მთელი თამაში იგებდნენ. განსაკუთრებით პირველ ნახევარში, როცა აჭარელთა უპირატესობამ 20 ქულას მიუკაკუნა.

აკადემიელებმა საკუთარ თავში ძალები გამონახეს და თამაში გაათანაბრეს, რაც ანგარიშზეც აისახა. მატჩის ბოლოს ქულა-ქულაში თამაში წავიდა. ხან ერთი გუნდი გალიდერდებოდა, ხანაც – მეორე. აკადემიას ბოლო წუთებზე დავით ტრაპაიძე და ნოდარ ჯავახიშვილი ლიდერობდნენ, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი ბურთები ჩააგდეს. განსაკუთრებით გამოსარჩევია ჯავახიშვილის სამქულიანი და ყველაზე მთავარი – გამარჯვების ბურთი, რომელიც მან დასრულებამდე 1.5 წამით ადრე ჩააგდო.

მატჩის ბომბარდირი 20 ქულით ტრაპაიძე გახდა. 12 ქულა ჩააგდო აკმალხან აუბაკიროვმა, ჯავახიშვილის ანგარიშზე კი 13 მოხსნა და მთლიანად ბოლო პერიოდში მითვლილი 8 ქულა დაგროვდა. აჭარის ნაკრებში 25 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ჯუმბერ თავდგირიძე.

მეორე ნახევარფინალში ჰიუნდაი დაწინაურდა, რომელმაც სერიის პირველი მატჩი ზფა-ს 70:61 (სტატისტიკა) მოუგო. გარდამტეხი გამოდგა მეორე პერიოდი, რომელიც ჰიუნდაელებმა 21:8 მოიგეს და პირველი პერიოდის შემდეგ 2 ქულით ჩამორჩენილებმა 9-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს. ზფა ბოლომდე ინარჩუნებდა შანსს, თუმცა ჰიუნდაელებმა მეტოქეს გასაქანი არ მისცეს და საბოლოოდ ისე იმარჯვეს, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა.

ჰიუნდაიში 19 ქულითა და 22 მოხსნით საუკეთესო იყო სანდრო შარვაშიძე. 20 ქულა, 8 მოხსნა და 5-5 ჩაჭრა–დაფარება მიითვალა თორნიკე ხონელიძემ. 15 ქულა საბა პატაშურის ანგარიშზე დაგროვდა. ზფა-ში 21 ქულით საუკეთესო იყო გიორგი ფრანგიშვილი. 10 ქულა ალექსანდრე ხუციშვილმა დააგროვა.

ორივე სერიაში ნახევარფინალის მეორე მატჩები 15 ივნისს გაიმართება.

gbf.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow