18-წლამდე ქართველი მორაგბეები ექვსი ერის ფესტივალის მეორე თამაშში უელსთან დამარცხდნენ

18-წლამდე ქართველი მორაგბეები ექვსი ერის ფესტივალის მეორე თამაშში უელსთან დამარცხდნენ

აპრ. 15, 2025 - 01:26
 0
18-წლამდე ქართველი მორაგბეები ექვსი ერის ფესტივალის მეორე თამაშში უელსთან დამარცხდნენ
18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის მეორე რაუნდში, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა უელსთან იტალიაზე უკეთესი თამაში აჩვენეს, მაგრამ დასკვნით წუთებზე ლელოს გატანის რეალური შანსი ვერ გამოიყენეს და მეტოქეს 7 ქულით ჩამორჩნენ - 10:17.

ზურაბ ამონაშვილის შეგირდები უელსელთა წინააღმდეგ მოტივირებულები გამოვიდნენ მეტოქეს არაფერი დაუთმეს. უმცროსი ბორჯღალოსნები დომინირებდნენ კონტაქტის არეში და მომაკვდინებელი ბოჭვებით მათ ადგილზე აქვავებდნენ, ანაც უკან ახევინებდნენ, მაგრამ დროის უმეტესი წილი ბურთს უელსი აკონტროლებდა, შეხვედრის მიწურულს დაღლა დაგვეტყო, შეცდომებს და ჯარიმებს მოვუხშირეთ, რამაც მატჩის შედეგი განაპირობა.

თამაში ჩვენი აქტიურობით დაიწყო. ხისტმა დაცვამ უელსს გასაქანი არ მისცა, ძალისმიერ თამაშში უპირატესობა ვიგრძენით და მე-5 წუთზე დასარტყმელი ჯარიმა აუტში გადავიტანეთ, რასაც დერეფნიდან აგორებული მოლი და ლუკა წიკლაურის ლელო მოყვა, ლუკა ჭაკუამ კი რთული პოზიციიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ფულბეკის პოზიციაზე მოთამაშე ჭაკუამ ფეხით გადაკიდების შემდეგ რამდენჯერმე კარგად გაჭრა ხაზი და სიტუაცია გაამწვავა, თუმცა რიგ ეპიზოდებში მიყოლამ დააგვიანა და მომენტები გამოუყენებელი დარჩა.

გაშვებული ლელოს შემდეგ უელსი გააქტიურდა და სამჯერ მათი სახიფათო შეტევა კარგად მოვიგერიეთ, მაგრამ მარცხენა ფრთაზე დანიშნული შერკინების შემდეგ მეტოქემ ბურთი ბოლომდე სწრაფად ჩაათამაშა და საპასუხო ლელო გაიტანა, რთული გარდასახვის შემდეგ კი ანგარიში გაათანაბრა. თამაში იგივე სცენარით გაგრძელდა, საქართველო იოლად არაფერს თმობდა, ყველა მორაგბე, ნებისმიერ ეპიზოდში ბოლომდე იბრძოდა და ტაიმი 7:7 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კარგი შესატევი პლაცდარმი მივიღეთ, მაგრამ მეტოქის 22-ში ჩვენსავე 22-ში დავჯარიმდით, რასაც ჯარიმების სერია მოყვა და იოსებ ღვინჯილია სინბინით დაისაჯა. მიუხედავად ამისა კაცნაკლულებმა თავი დავიცავით, მერე თავად გადავედით შეტევაზე, 51-ე წუთზე ჯარიმა გამოვიმუშავეთ და ჭაკუამ 40 მეტრიდან დაგვაწინაურა. უელსმა დაახლოებით 3 წუთში ჯარიმითვე გვიპასუხა და ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა.

მალე მსაჯმა ყვითელი ბარათი დათა ახვლედიანს აჩვენა და კიდევ ერთხელ დავრჩით კაცნაკლული, რითაც მეტოქემ ისარგებლა და გარდასახული ლელოთი დაწინაურდა. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ფორვარდებით შევუტიეთ და ლელომდე სულ ცოტა დაგვაკლდა. ეს შეტევა უელსმა სინბინის ხარჯზე მოიგერია, მაგრამ მოლით პასუხის გაცემის მცდელობისას ბურთი დავკარგეთ და საბოლოოდ უელსმა 17:10 გაიმარჯვა.

საფრანგეთის ქალაქ ვიშში მომდევნო თამაშს 18 აპრილს, ჩვენი დროით 15:15 საათზე ირლანდიის წინააღმდეგ გავმართავთ, რომელიც პირველ ტურში უელსთან 24:32 დამარცხდა, დღეს კი შოტლანდია 38:21 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ თამაშს ქართველი რეფერი პაპუნა ჭიქაბერიძე სჯიდა.



18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი. II რაუნდი

14 აპრილი. ვიში (საფრანგეთი).

საქართველო - უელსი 10:17 (7:7)

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა (ფოთი), 14. დავით არობელიძე (არმია),13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დემეტრე დევდარიანი (სენტ მერი, ინგლისი), 11. ლუკა ტაბატაძე (არმია),10. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);

შერკინება: 1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ლელო), 4. ანდრია ბილანიშვილი (ინგლისი), 5. დავით ბარამია (ტულონი, საფრანგეთი, კაპ.),6. შოთა გვრიტიშვილი (ლელო), 7. გიორგი ზაზაძე (ხარები), 8. გიორგი არძენაძე (ბათუმი).

მარქაფა: 16. სანდრო გამყრელიძე (აკადემია), 17. გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 18. დავით ხურციძე (ლელო), 19. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი), 20.ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი); 21. გიორგი ხონელიძე (ლელო), 22. გიორგი გაბუნია (ლელო), 23. ივა კვირიაშვილი (ლელო), 24. გიორგი კეკელია (ლოკომოტივი), 25. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 26.იოსებ ღვინჯილია (ლელო).

1 ლელო: წიკლაური

1 გარდასახვა: ჭაკუა

1 ჯარიმა: ჭაკუა


rugby.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow