04.03.2021 14:17 63

"არა მარტო ჯანო, არამედ ნებისმიერი მოთამაშის ნაკრებში ყოფნა გვინდა.." - ლევან კობიაშვილი

სპორტი

2 აპრილს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტული გადაცემის, "ტაიმაუტის" სტუმარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახლდათ.

"ნამდვილად ურთულესია ვილისთვის ყველაფერი, რადგან პირველი სათამაშო დღის წინ ერთი სავარჯიშო დღე იყო, როდესაც ყველა ფეხბურთელი იყო; შემდეგ შვედეთში გამგზავრება და თამაშის მერე ისევ უკან დაბრუნება... ნუ, ეს ყველაფერი გასაგებია, ვიცით, თუმცა ფაქტია, მან ამ მოკლე პერიოდში მოახერხა ის, რომ ელემენტარულად, როდესაც თამაშს თითოეული გულშემატკივარი უყურებს, პირველი კითხვა ჩნდება, თუ რა ტაქტიკით მუშაობს გუნდი, რა უნდა გუნდს მოედანზე, რისი მიღწევა სურს, როგორ მოქმედებს დაცვის ხაზში, როგორ გადადის შეტევაში. შესაბამისად, ეს ყველაფერი ჩანდა, რაც ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი კი იმაზე მიანიშნებს, რომ ის ფილოსოფია, რაც მწვრთნელს აქვს და როგორც უნდა მას, რომ გუნდი თამაშობდეს, ეს ყველაფერი ფეხბურთელებმა გაიგეს და ამას მოედანზეც, სავარაუდოდ, ასრულებდნენ, ალბათ, თქვენც დამეთანხმებით. გუნდის ფორმაცია ნამდვილად ჩანდა, იგივე სათამაშო სტილი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია და მე დარწმუნებული ვარ, მომდევნო თვეებში, წლებში და მომავალშიც უფრო და უფრო გაღრმავდება ის, რადგან უფრო მეტი სავარჯიშო დღეები ექნება, მეტი ამხანაგური თამაშებიც გაიმართება. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ვილისთან ერთად ამ გუნდს ის მომავალი აქვს, რაზეც ყველა ჩვენგანი ოცნებობს.

რასაკვირველია, თვითონაც კმაყოფილია იმით, რომ ამ მოკლე პერიოდში გუნდმა მისი გაიგო, თუ რა უნდა, რა სურს მთავარ მწვრთნელს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არამარტო გაიგო, ამას აკეთებენ კიდევაც. ძალიან მისასალმებელია და კარგია. რასაკვირველია, მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, დიდი ავტორიტეტი აქვს. შესაბამისად, ფეხბურთელებისთვისაც მასთან ყოველდღიური კომუნიკაცია, მისი ხედვა და გაგება ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ეს ერთიანობა გუნდსა და სამწვრთნელო შტაბს შორის ამ მოკლე პერიოდში ძალიან კარგად მუშაობდა. ასე რომ, ნამდვილად ვხედავ პოტენციალს. ცხადია, რომ რაღაც ნაწილში კმაყოფილია, მაგრამ ასევე ცხადია, რომ რაღაცები არ მოსწონს და უნდა სხვანაირად იყოს. შესაბამისად, ამის დრო მომავალში ნამდვილად ექნება.

ერთი, რაც ცხადი და მისასალმებელია, გუნდში ის ერთსულოვნება ნამდვილად ჩანდა, გამოჩნდა ის გუნდურობა და დისციპლინა, რადგან ხშირად ვსაუბრობთ ზოგადად დისციპლინაზე, რადგან თვითონ მოთამაშემ უკვე იცის, თუ რა უნდა გააკეთოს, რას ითხოვს მისგან მწვრთნელი, რა არის მისი როლი, ფუნქცია და შესაბამისად ასრულებს ამ ყველაფერსაც და არა ისე, როგორც ვინმე თვლის, რომ მე ისე ვითამაშებ, როგორც მე მსურს. ეს არის ზუსტად ის სათამაშო დისციპლინა, რაც მისასალმებელია, რომ ზუსტად ამ კუთხით იყო პროგრესი, თუმცა არის ხარვეზები და პრობლემები. შესაბამისად, ყველანი ბედნიერები ნამდვილად ვერ ვიქნებით. რეალობაა ის, რომ პრობლემები გვაქვს. ამიტომ მომავალში ამ პრობლემებზე უნდა ვიმუშაოთ. ეს იყო ის საუბარი, რაც გვქონდა მე და სამწვრთნელო შტაბს. ნამდვილად ვიცით, სად არის ის მტკივნეული ადგილები ჩვენს ნაკრებში და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მომავალში გამოსწორდება.

ვილიმ და სამწვრთნელო გუნდმა კარგად იმუშავეს, იმიტომ, რომ ურთულესი თამაში იყო, 2 შეხვედრა იმედგაცრუება, არ იყო წასაგები თამაშები; გუნდს გვერდში დგომა სჭირდებოდა, მათზე ფსიქოლოგიურად მუშაობა, მესამე თამაში, კიდევ ერთი გასვლა, დაღლილი; ემატება საბერძნეთი, რომელიც მანამდე ისვენებდა, შეიძლება ითქვას, რამდენიმე დღე სახლში იყო. ამას ემატება, თამაშის მიმდინარეობას თუ ავიღებთ, ჩვენს კარში გატანილი გოლი და ამის შემდეგ გუნდის რეაქცია, ეგრევე შეტევაზე წასვლა, მაშინვე გოლის გატანა და 1:1-ის შემდეგაც, ალბათ დამეთანხმებით, უფრო მეტად ჩვენ ვიყავით ის გუნდი, რომელსაც თამაშის მოგება უნდოდა და წინ მივდიოდით. ეს არის ზუსტად ის ეპიზოდები, რომლებიც მიანიშნებს იმაზე, რომ გუნდს თამაშის მოგება უნდა. არა ის, რომ ჩვენ ანგარიში შევინარჩუნოთ, არამედ გვინდა, გვჯერა. გულშემატკივრებს ყოველთვის ჰქონდათ ეს შეკითხვა, გვჯერა კი, რომ მოვიგებთ? ნამდვილად ეს ეპიზოდი იყო ამის პასუხი. გუნდს სჯერა, რომ მოიგებს თამაშს და უნდა და ალბათ დამეთანხმებით, რომ 1:1-ის შემდეგაც ნამდვილად ვიყავით ის გუნდი, გარდა ამ დატვირთული გრაფიკისა, რომელიც ფიქრობდა მოგებაზე, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, თუმცა ეს პოზიტივი ნამდვილად იყო.

დებიუტანტების თამაში ნამდვილად პოზიტივი იყო, გუნდს ძალიან დაეხმარნენ. მე ნამდვილად ვხედავ ორივე ფეხბურთელში და მათ შორის არიან კიდევ სხვა ფეხბურთელები. მერწმუნეთ, კიდევ გამოჩნდებიან მომდევნო თამაშებში, რომლებსაც ძალიან დიდი მომავალი აქვთ, თუმცა ეს ყველაფერი მათ ხელთაა, მათ ეს შანსი უნდა გამოიყენონ და მიხარია, რომ ამ დებიუტანტებმა ეს შანსი გამოიყენეს და ნამდვილად იმსახურებენ ადგილს ეროვნულ ნაკრებში და ამას მომავალშიც დაიმსახურებენ. ეს თითოეული მოთამაშისთვის იმის მანიშნებელია, ვისაც შეიძლება ნაკრებშიც არ უთამაშია, რომ ეროვნულ გუნდში თამაშის საშუალება ნებისმიერს აქვს, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებული მათზეა, თუ როგორ წარმოაჩენენ თავიანთ თავს და მე დარწმუნებული ვარ, როგორც აქამდე ვთქვი, მომავალში ჩვენ არაერთ სხვა მოთამაშეს ვიხილავთ.

რაც შეეხება დანაკლის ფეხბურთელებს და ჯანო ანანიძეს, ჩვენ რასაკვირველია, არა მარტო ჯანოს, არამედ ნებისმიერი მოთამაშის ნაკრებში ყოფნა გვინდა და ცხადია, რომ ეს მოთამაშეების მიზანიც არის, თუმცა ეს მათზეა დამოკიდებული და მათ ჯანმრთელობაზე. მე ჯანოს, პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ და რასაკვირველია, თითოეულ მოთამაშეს, რადგან ჩვენ ის რესურსი ნამდვილად არ გვაქვს, რომ ვინმეზე უარი ვთქვათ. არც ვიტყვით არასდროს, პირიქით, ეს ყველაფერი მოთამაშეზეა დამოკიდებული, თუ იქნებიან მზად, უბრალოდ უნდა მივხვდეთ, რომ სანაკრებოდ სულ სხვა ხარისხია და სხვა კონდიცია სჭირდებათ ფეხბურთელებს და შესაბამისად, თუკი მზად იქნებიან, რა თქმა უნდა, გაგვიხარდება. ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები.

რაც შეეხება ვაკო ყაზაიშვილს, პრობლემა ის იყო, რომ გუნდში ახალი გადასული იყო. იმ ქვეყანაში სხვა წესები მუშაობს. თავიდან გარკვეული პერიოდი კარანტინშიც იყო, გუნდსაც ვერ ეხმარებოდა. შემდეგ აქ ჩამოსვლით, ისევ უკან დაბრუნებით მისი გადაადგილება საკმაოდ პრობლემური იყო. საერთო ჯამში, გაგვიხარდება, რადგან ვთვლი, რომ ვაკო ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, იყო და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ის ჩვენს გუნდს ისევ გამოადგება და დაეხმარება. ასევე - სხვა ფეხბურთელები, ტრავმირებულებიც. ეს პირველი შემთხვევა არაა, გვჩვევია ეს ტრავმიანობა, თუმცა იმედს ვიქონიებ, მომავალში რაც შეიძლება ნაკლები ფეხბურთელი გვეყოლება ასეთი, ვინაიდან თითოეული მათგანი ნამდვილად გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, იგივე გაზაფხულზე, როდესაც ამხანაგური თამაშები იქნება და შემდეგ უკვე შემოდგომაზე ოფიციალური თამაშები, უფრო ძლიერი შემადგენლობით დავხვდებით. იგივე მიქაუტაძისა და წიტაიშვილის ტრავმა... სამწუხაროდ, ისინი ვერ გამოვცადეთ. ნუ, ჩაკვეტაძეზე და ასე შემდეგ აღარ ვსაუბრობთ, ვიცით ეს მდგომარეობა, თუმცა გვიხარია, რომ თითოეულის მდგომარეობა დღითი დღე უკეთესდება. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციებს და ნამდვილად შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ მომავალში გაცილებით უფრო ძლიერი გუნდი გვეყოლება.

რაც შეეხება კვარაცხელიასა და სკაუტებს, მას ისინი ამ თამაშებამდეც აწუხებდნენ და ეს ძალიან კარგია და გვიხარია ჩვენც. რა თქმა უნდა, გაგვიხარდება, რაც უფრო ძლიერ გუნდში იქნება. მიხარია, რომ ის ამ თამაშებზე შესანიშნავი იყო, არა მარტო ხვიჩა, არამედ დანარჩენი მოთამაშეებიც და მთლიანად გუნდიც. ვუსურვებ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას და თითოეულ ქართველს იმ კუთხით ვქომაგობთ, რომ გვინდა უკეთეს გუნდში იყოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება. შვედეთთან მის შეცვლას რაც შეეხება, თვითონ ხვიჩას თვალთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა პირველ ტაიმშიც, ერთი ეპიზოდი თუ გახსოვთ. შემდეგ უკვე გასახდელში თვითონაც მოითხოვა, რომ თამაში არ გაეგრძელებინა. აქედან გამომდინარე, მიზეზი ეს იყო, რატომაც შეიცვალა ის პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ.

რაც შეეხება სანიოლის დანიშვნას, ეს ჩვეულებრივი პროცესია. როდესაც ორი მხარე ვსხედვართ და რაღაცაზე ვსაუბრობთ, გვინდა შედეგამდე მივიდეთ. შესაბამისად, ორივე მხარეს თავისი აზრები აქვს. ასე არ ხდება, რომ მე ვთქვა, წამოდით ჩვენთან და თქვენც დამთანხმდეთ. რაღაც აზრთა გაცვლა ხდება. ჩვენ ვგებულობთ, როგორ ხედავთ, რა მიზანი გაქვთ, როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი, ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს და რაღაც წერტილამდე მივდივართ. მივხვდით იმას, რომ ჩვენი ერთად მუშაობა ორივე მხარისთვის მისაღებია და ეს მოლაპარაკება ზუსტად ასე იყო. აღარ ვიტყვი იმას, რომ წლების განმავლობაში ვიცნობდი მას, როგორც პიროვნულად, ასევე მისი ავტორიტეტი ძალიან ბევრს ნიშნავს. მერწმუნეთ, თვითონ, როდესაც გუნდში ასეთი წარმატებული მოთამაშე იყო და რაც ყველაზე მთავარია, ასევე მისი პირველივე დღიდან დამოკიდებულება ჩვენი გუნდისა და მოთამაშის ნდობის მიმართ, ასევე იმის აღიარება, რომ სჯერა ამ გუნდის და აქვს პოტენციალი, რომ მას ნაკრებით შეუძლია წარმატებას მიაღწიოს, რაც ჩვენთვის, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი იყო. ასევე არის მწვრთნელი, რომელიც სამწვრთნელო კარიერისთვის ახალგაზრდაა, რის გამოც დასამტკიცებელი ძალიან ბევრი რამე აქვს. შესაბამისად, მოტივირებულია და სჯერა, რომ მოტივირებულია და წარმატებას მიაღწევს. დარწმუნებული ვარ, რომ ვილისთან ერთად კიდევ უფრო საინტერესო დღეებს, თვეებს და წლებს გავატარებთ, რადგან ეს არის ის მწვრთნელი, რომელიც ჩვენს გუნდს ახლა ჰყავს. ის საქართველოს ჩემპიონატს თვალყურს მიადევნებს. აქამდე სხვა მწვრთნელებიც აკეთებდნენ ამას, თუმცა ჩვენი მწვრთნელი საქართველოში იქნება, ექნება საცხოვრებელი ადგილი და აქ ხშირად იქნება. ეს მისასალმებელია, რადგან ეს იყო მისი სურვილი, არა მარტო ის, რომ ჩემპიონატს მიადევნოს თვალი, არამედ ის, რომ ადამიანებთან ჰქონდეს ურთიერთობა, გაიგოს ჩვენი მენტალიტეტი, რას ითხოვს ჩვენი გულშემატკივარი. ამიტომ ეს მისი სურვილი იყო და ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი იყოს საქართველოში, ცხოვრობდეს და ადამიანებთან ჰქონდეს ურთიერთობა, ჩაერთოს ეროვნულ ჩემპიონატში; იგივე ფეხბურთელებთან კავშირიც. მას სამუშაო ადგილი ექნება, არა მარტო ასაკობრივ ნაკრებთან კონტაქტი, არამედ ზოგადად საფეხბურთო სამყაროსთან და სხვა მწვრთნელებთანაც. მართლა ღია ადამიანია, კომუნიკაციის პრობლემა მას არ აქვს და მზად არის იცხოვროს აქ და ხელი შეუწყოს ამ პროცესის განვითარებას.

ამხანაგურ მატჩებს რაც შეეხება, ერთი, რაც დადასტურებულად გვაქვს, 2 ივნისს რუმინეთს ვეთამაშებით. რაც შეეხება მეორე თამაშს, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გავასაჯაროებთ ამას. ამას ახლა ვერ ვიტყვი, რადგან იცით, ორივე მხარე, ორივე ფედერაცია ამას ერთდროულად ვაცხადებთ, თუმცა დანამდვილებით ვამბობ, ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგესთან გვექნება გასვლა. სავარაუდოდ, 6 ივნისს იქნება. ის გუნდია, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე სტაბილურად თამაშობს. ძალიან კარგია ასეთ გუნდთან თამაში. რაც შეეხება დანარჩენ თამაშებს, ოფიციალური თამაშები სექტემბრიდან იწყება" - განაცხადა კობიაშვილმა.шаблоны для dle 11.2