Sport Services-ის და "მანჩესტერ სიტის" გამოცდილება სანაკრებო ვერტიკალის სამედიცინო ჯგუფისთვის

Sport Services-ის და "მანჩესტერ სიტის" გამოცდილება სანაკრებო ვერტიკალის სამედიცინო ჯგუფისთვის

ივლ. 11, 2025 - 18:57
 0
Sport Services-ის და "მანჩესტერ სიტის" გამოცდილება სანაკრებო ვერტიკალის სამედიცინო ჯგუფისთვის
საქართველოს რაგბის კავშირის მოთამაშეთა კეთილდღეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნონო ანდღულაძის ინიციატივით, სანაკრებო ვერტიკალის სამედიცინო სამსახურის სპეციალისტებს მორიგი მაღალი დონის სწავლება ჩაუტარდათ.

კურსს, რომელიც 2-თვიან ონლაინ თეორიულ სწავლებას და 2-დღიან პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავდა, ნიდერლანდური სამედიცინო კომპანია S3 Sport Services-ის სპეციალისტები (ხელმძღვანელი დევიდ შერმანი; მარტაინ სნუკი და მაარტენ კონინგი) და ინგლისის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ ‘მანჩესტერ სიტის’ აკადემიის მთავარი ექიმი, ბენ სეი, უძღვებოდნენ.

რაგბის კავშირი უკვე წლებია ამ სპეციალისტებთან თანამშრომლობს და ჩატარებული აქვს სხვადასხვა მიმართულებით არაერთი სემინარი, მაგრამ სპორტული მედიცინა ყოველდღიურად ვითარდება და მნიშვნელოვანია, უახლეს სამედიცინო თუ სარეაბილიტაციო პრაქტიკას ჩვენი სპეციალისტებიც მიჰყვებოდნენ. ეს უნდა გახდეს იმის წინაპირობა, რომ სანაკრებო ვერტიკალის მოთამაშეები მაქსიმალურად იყვნენ დაცული ტრავმით გამოწვეული გართულებებისგან და გონივრულ ვადებში, უსაფრთხოდ დაბრუნდნენ მოედანზე.

კურსის ფარგლებში ჩატარდა ხუთი ონლაინ შეხვედრა, საიდანაც ერთი ზოგად-ინფორმაციული ხასიათის, ხოლო ოთხი კონკრეტულ თემაზე ფოკუსირებული იყო. თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ ქართველ სპეციალისტებს საქართველოში ჩაუტარდათ გამოცდა და ორდღიანი პრაქტიკული სწავლება „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე. ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ დამსწრე მედიკოსებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.



სწავლებით კმაყოფილი დარჩა რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსი გიორგი გვაზავა:

„ეს იყო ძალიან სასარგებლო, ინტერაქციული კურსი, რომელიც მნიშვნელოვანია უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის, რათა ჩვენი სამედიცინო ჯგუფი ფეხაწყობილი იყოს დანარჩენ მსოფლიოსთან და ჩვენს მოთამაშეებს საჭიროების შემთხვევაში ჰქონდეთ უმაღლესი დონის სარეაბილიტაციო პირობები. ჩამოვაყალიბეთ დიაგნოსტიკისა და ტრავმების მკურნალობის ერთიანი სისტემა, რის მიხედვითაც ვიხელმძღვანელებთ და ეს დაგვეხმარება შემდგომი გართულებების თავიდან არიდებაში“.

„კურსი მოიცავდა პირველად და მეორად გასინჯვას, მკურნალობისთვის საჭირო დიაგნოსტიკას, ინდივიდუალური სარეაბილიტაციო კურსის შედგენას თითოეული ათლეტისთვის, მათ შემდგომ შეფასებას და მოედანზე დაბრუნებას. ეს იყო პირველი დონის კურსი და მომავალში აუცილებლად გავივლით მეორე და მესამე დონესაც, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ტრავმებისა და ტრავმისშემდგომი გართულებების რისკი“.

„მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო ვერტიკალის სამედიცინო ჯგუფის სპეციალისტები თავისი საქმის პროფესიონალები არიან, აუცილებელია პროფესიული განვითარება იყოს უწყვეტი. დიდი მადლობა რაგბის კავშირის მოთამაშეთა კეთილდღეობის დეპარტამენტს ამ შესაძლებლობისთვის, მოწვეულ სპეციალისტებს გულისხმიერი დამოკიდებულებისთვის და მსმენელებს აქტიური ჩართულობისთვის“.

ბენ სეი (‘მანჩესტერ სიტის’ აკადემიის მთავარი ფიზიოთერაპევტი): „საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო ჯგუფი უმაღლესი დონის სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული და მიღებული გამოცდილება და განათლება მათ კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. თქვენ გყავთ ძალიან კარგი, მონდომებული ახალგაზრდები, რომლებსაც უკვე აქვთ დადებითი გავლენა მოთამაშეთა მკურნალობაზე და ეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. მე თავად ვთამაშობდი რაგბის, დაკავშირებული ვიყავი სხვა სპორტის სახეობებთანაც და რა თქმა უნდა ტრავმების სიხშირე და ხასიათი სხვადასხვა სპორტში განსხვავებულია, თუმცა ადამიანის ანატომია არ იცვლება და საბოლოოდ მკურნალობაც ყველა სპორტის სახეობისთვის იდენტურია“.

„ჩვენ დიდი ხანია რეგულარულად ჩამოვდივართ საქართველოში და თქვენი სპეციალისტების დონე ძალიანაა გაუმჯობესებული. მნიშვნელოვანია, რომ ეს ნიჭი კიდევ უფრო განვავითაროთ და საჭირო შედეგები მივიღოთ“.



მარტაინ სნუკი (Sport Services-ის სპეციალისტები): „საქართველოში მეხუთედ ვართ და აქ ჩამოსვლა ყოველთვის გვიხარია, რადგან მოგვწონს თქვენი მასპინძლობა და თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ. ამ კურსის ფარგლებში გვქონდა ონლაინ სემინარები და ახლა პრაქტიკულ ნაწილს ვატარებთ - როგორ უნდა დიაგნოსტირდეს ტრავმები როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ვიმუშავეთ კუნთების ტრავმების რეაბილიტაციაზე. ჩვენი ინტერაქციები მუდმივად იხვეწება და ადგილობრივი სპეციალისტებიც სულ უფრო მაღალ საფეხურზე ადიან. „შევარდენის“ ბაზაზეპირველად ვარ და ის უბრალოდ ბრწყინვალეა, რადგან აქ საუკეთესო რეაბილიტაციისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი“.

საბა ლომიძე (7-კაცა ეროვნული ნაკრების ექიმი): „გავიარეთ სამედიცინო გადამზადება პირველადი დახმარების, ზედა და ქვედა კიდურების ტრავმების მართვის მიმართულებით. ძალიან მეგობრული გარემო იყო, რაც სწავლებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდა. გარდა ამისა, შეხვედრები ინფორმაციით იყო დახუნძლული. თეორიულ სწავლებასთან ერთად გვქონდა პრაქტიკული მეცადინეობები. ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გავიაროთ მწვავე ფაზა, როგორ უნდა მივიდეთ დიაგნოზამდე და დავსახოთ რეაბილიტაციის გეგმა“.

„მწვრთნელებისთვის მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდნენ, თუ როდის შეძლებს მოთამაშე მოედანზე დაბრუნებას და ამისათვის საჭიროა სწორი დიაგნოზი. ეს იყო ნაყოფიერი კურსი და კარგი ბაზა იმისათვის, რომ ჩვენი მოთამაშეები იყვნენ ჯანმრთელები და ითამაშონ სრული ძალით“.

RUGBY.GE

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow