“ამ აბსურდულ არჩევნებში გასვლა მოღალატეობრივია” – “ძლიერ საქართველოს” კასპის ოფისის ხელმძღვანელი ტოვებს – Netgazeti • „ძლიერი საქართველო“ • Netgazeti.ge
“ძლიერი საქართველოს” კასპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, ირაკლი მილაძე პარტიას ტოვებს. ამის მიზეზად მან დაასახელა კოალიციის პოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. მართალია, კოალიციაში ამას არ ადასტურებენ, მაგრამ მილაძე წერს, მისთვის ამ საკითხზე მსჯელობაც მიუღებელია. “პოლიტიკური პარტია არ არის ჩემი ცხოვრებისეული განაჩენი. ნებისმიერ პარტიას რუსული მთავრობის შეცვლის ინსტრუმენტად განვიხილავდი. ას იყო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებშიც, […]


“ძლიერი საქართველოს” კასპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, ირაკლი მილაძე პარტიას ტოვებს. ამის მიზეზად მან დაასახელა კოალიციის პოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
მართალია, კოალიციაში ამას არ ადასტურებენ, მაგრამ მილაძე წერს, მისთვის ამ საკითხზე მსჯელობაც მიუღებელია.
“პოლიტიკური პარტია არ არის ჩემი ცხოვრებისეული განაჩენი. ნებისმიერ პარტიას რუსული მთავრობის შეცვლის ინსტრუმენტად განვიხილავდი. ას იყო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებშიც, როცა პატივი მერგო და ნდობა გამომიცხადეს, ვყოფილყავი კასპში “ძლიერი საქართველოს” ხელმძღვანელი. ჩემი ცხოვრებისეული განაჩენი ჩემი მორალი და პიროვნულობაა. ამ მორალში არ ჯდება პარტია “ლელოს” დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ 60-მდე პოლიტიკური პატიმრის პირობებში და “ქართული ოცნების” ადმინისტრირებულ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. თავს ვერ მოვიტყუებ და ვერც ამომრჩეველს მოვატყუებ. კასპის საკრებულის დეპუტატობა არ მიღირს ამად! მინდა ღირსეული ვიყო, როგორც მოქალაქე, როგორც პოლიტიკოსი და როგორც ბიჭის მამა, რომელიც ამ დღეებში დაიბადება. მამუკა ხაზარაძის დღევანდელი განცხადებები კი ცხადს ხდის მის პოზიციას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩემთვის დისკუსიის გახსნაც იგივეა, რაც არჩევნებში გასვლა. თუკი ვფიქრობ, რომ ამ აფსურდულ არჩევნებში გასვლა მოღალატეობრივია, ვერ გავმართავ დისკუსიას, შეიძლება თუ არა ვიყო მოღალატე. სწორედ ამიტომ, მრავალი ადამიანური და პოლიტიკური განსხვავებებისა, მე ვეღარ ვიქნები ამ გუნდში და ვტოვებ კასპის “ძლიერი საქართველოს” ხელმძღვანელის პოზიციას. პირველ რიგში, დიდ მადლობას ვუხდი გუნდის უამრავ წევრს, იმ ურთიერთობისთვის და ყურადღებისთვის, რასაც აქამდე ჩემს მიმართ იჩენდნენ. განსაკუთრებული მადლობა კი გრიგოლ გეგელიას, რომელთან ერთადაც მართლაც უდიდესი შრომა გავწიე მაქსმალური შედეგის მისაღწევად. მადლობა მას უანგარო ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის”, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი მილაძე.
მილაძემ პარტიის დატოვების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც კოალიციის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა თვითმართველობის არჩევნებში მონაწილების შესახებ. არ დაუდასტურებია, რომ კოალიცია აპირებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. თუმცა, დიდი დრო მოანდომა იმაზე საუბარს, რატომ არის ეს კარგი იდეა. ის ირწმუნება, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა არ აწყობს “ქართულ ოცნებას”.
უფრო ადრე, 2 ივნისს, “ძიერი საქართველოს” გენერლაურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ “თვითმმართველობის არჩევნების შესახებ სერიოზული მსჯელობა არის დასაწყები”. ასევე, მან თქვა, რომ “თბილისის წართმევა და გათავისუფლება ბოროტი, ძალადობრივი და რუსული ქოცობისგან არის შესაძლებელი”. სწორედ კუპრაძის განცხადებებმა გააჩინა ეჭვი, რომ “ლელო – ძლიერი საქართველო” აპირებს ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, რის გამოც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურეს.
What's Your Reaction?






