ბაჩიაშვილი: ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც ჩამომიყვანეს

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ბორტზე, რომლითაც საქართველოში ჩამოიყვანეს, სუსის უფროსი ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. „წლების მანძილზე ვიყავი პირდაპირი მოწმე, როგორ ხდებოდა სახელმწიფოს მიტაცება. პრესტიჟითა და ძალაუფლებით შეპყრობილი ადამიანები როგორც იდგნენ ივანიშვილის კარზე. როდესაც მან ნახა, რომ პირდაპირ ვერ შემიყვანა მის სამსახურში, დამავალა ანტიდასავლური წერილების გამოქვეყნება, რასაც დღემდე შათირიშვილი აკეთებს. […]

ივნ. 9, 2025 - 18:27
 0
ბაჩიაშვილი: ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც ჩამომიყვანეს

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ბორტზე, რომლითაც საქართველოში ჩამოიყვანეს, სუსის უფროსი ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა.
„წლების მანძილზე ვიყავი პირდაპირი მოწმე, როგორ ხდებოდა სახელმწიფოს მიტაცება. პრესტიჟითა და ძალაუფლებით შეპყრობილი ადამიანები როგორც იდგნენ ივანიშვილის კარზე. როდესაც მან ნახა, რომ პირდაპირ ვერ შემიყვანა მის სამსახურში, დამავალა ანტიდასავლური წერილების გამოქვეყნება, რასაც დღემდე შათირიშვილი აკეთებს. აქედან დაიწყო დაპირისპირება. მან მიმართა კრიმინალურ მეთოდს — მოტაცებას, რომლითაც მას ძმა მოსტაცეს 90-იან წლებში; როგორც კალაძეს მოსტაცეს ძმა. ზუსტად იმავე მიზნით — ფულის გამოძალვის მიზნით. იმ განსხვავებით, რომ იმ გამტაცებლებს სახელმწიფო არ ჰქონდათ მიტაცებული“, — განაცხადა ბაჩიაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში თავზე ტომარაჩამოცმული ჩამოიყვანეს.
„ეს იყო ივანიშვილის შეკვეთილი და სუსის მიერ შესრულებული ოპერაცია. ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე ჩამომიყვანეს. ამ საერთაშორისო დანაშაულს იძიებს სუსი — თავის მიერ ჩადენილ დანაშაულს. მე როგორ ვიპოვო სამართალი? როგორ ვანდო თავი იმ ხელისუფლებას, რომელიც შეფის კარზე ატუზული მყავს ნანახი?! როგორ ვანდო თავი იმ სასამართლოს, რომელმაც ჯოჯოხეთი მოუწყო ჩემს ოჯახს?! როგორ ვანდო თავი იმ სისტემას, რომელმაც ორად გაყო ქვეყანა?! წამება არ არისო, ამბობენ. ჰკითხეთ ჩვენს მშობლებს. ჰკითხეთ სინდისის პატიმრების ოჯახებს, მზია ამაღლობელის ოჯახს, თუ არ არის წამება. ბატონო მოსამართლევ, თქვენც გამოძალვის იარაღი ხართ ივანიშვილის ხელში. შეიძლება ძალიან კარგი მოსამართლე და კარგი ადამიანი ხართ, მაგრამ მე ამ სასამართლოს ვერ ვენდობი, რადგან ივანიშვილის პირადი მითითებით, ჯოჯოხეთად მექცა ცხოვრება“, — მიმართა ბაჩიაშვილმა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას.
გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც დაახლოებით სამი თვის წინ გაიქცა ქვეყნიდან, 26 მაისს დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 26 მაისს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბაჩიაშვილი წითელ ხიდსა და სადახლოს შორის, ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთზე გადაადგილდებოდა. თავად ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ სხვა ქვეყანაში დააკავეს და საქართველოში „აირზენას“ თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. „გარდიანის“ ინფორმაციით, იგი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დააკავეს.
ბაჩიაშვილმა საქართველო მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში დატოვა. იმ პერიოდში ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. ორივე შემთხვევაში მას “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, უჩიოდა. ორივე საქმეზე ბაჩიაშვილი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.
ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა, ამჯერად – საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. პატიმრობა შეუფარდეს იმ ადამიანსაც, ვინც მას საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარა.
ძებნილობის პერიოდში გადაწყვეტილება გამოცხადდა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ერთ-ერთ საქმეზე – მას 11 წლით პატიმრობა განესაზღვრა. ამის შემდეგ, იმავე, ე.წ. ბიტკოინების საქმის ირგვლივ ივანიშვილმა მის წინააღმდეგ სამოქალაქო დავა დაიწყო. ეს საქმე საქალაქო სასამართლომ დაჩქარებული წესით განიხილა და ბაჩიაშვილს ივანიშვილისთვის 9 000 ბიტკოინის ღირებულების თანხის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილების მიღებისას ეს თანხა დაახლოებით 850 მილიონ დოლარს შეადგენდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow