ბიზნეს ტურიზმმა დატვირთვა გაზარდა, ფასები უცვლელია – The Biltmore Tbilisi Hotel
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პრემიუმ კლასის სასტუმრო The Biltmore Tbilisi Hotel ტურისტული სეზონის დაწყებას პოზიტიურად აფასებს. როგორც სასტუმროს გაყიდვების ხელმძღვანელმა, მარიამ ქუთათელაძემ BM.GE-სთან საუბარში აღნიშნა, მაისიდან სასტუმროს დატვირთვა საგრძნობლად გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, მაისსა და ივნისის თვეებში დატვირთვამ 80%-ს გადააჭარბა. „სიტუაციის გამოსწორება შეიძლება ითქვას, რომ მაისიდან დაიწყო. ასევე კარგი ტენდენცია ფიქსირდება ივნისშიც. კონკრეტულად, ივნისსა და მაისში […]


თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პრემიუმ კლასის სასტუმრო The Biltmore Tbilisi Hotel ტურისტული სეზონის დაწყებას პოზიტიურად აფასებს.
როგორც სასტუმროს გაყიდვების ხელმძღვანელმა, მარიამ ქუთათელაძემ BM.GE-სთან საუბარში აღნიშნა, მაისიდან სასტუმროს დატვირთვა საგრძნობლად გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, მაისსა და ივნისის თვეებში დატვირთვამ 80%-ს გადააჭარბა.
„სიტუაციის გამოსწორება შეიძლება ითქვას, რომ მაისიდან დაიწყო. ასევე კარგი ტენდენცია ფიქსირდება ივნისშიც. კონკრეტულად, ივნისსა და მაისში სასტუმროს დატვირთვამ 80%-ს გადააჭარბა“, – ამბობს ქუთათელაძე.
მისივე თქმით, პანდემიის შემდეგ მომხმარებლის ქცევა შეიცვალა. თუ ადრე ტურისტები სასტუმროს ხშირად ერთი წლით ადრეც კი ჯავშნიდნენ, დღეს ბოლო წუთის ჯავშნებია გახშირებული. კომპანიის წარმომადგენლის შეფასებით, ბოლო პერიოდში გააქტიურებულია საქმიანი ტურიზმი, რაც სასტუმროს დატვირთვაზე პოზიტიურად აისახება.
„ამ ეტაპზე, კონფერენციების კუთხით აქტიურია ინდოეთის ბაზარი, ასევე ივნისიდან შეინიშნება გალფის ქვეყნების გააქტიურება. იზრდება ებრაელი სტუმრების რაოდენობაც. ხვალიდან უკვე ვმასპინძლობთ ევროპულ ჯგუფებსაც. ეს არის შერეული ჯგუფები, კონკრეტული ქვეყნები გამოკვეთილად არ გამოირჩევა“, – აღნიშნავს სასტუმროს წარმომადგენელი და დასძენს, რომ ინტერესი ინდივიდუალური ჯავშნების შემთხვევაშიც მსგავსი მოცემულობით ხასიათდება.
რაც შეეხება ფასებს, სასტუმროს გაყიდვების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მაღალ სეზონზე ფასები არ დაუკორექტირებიათ
„სტანდარტული ნომრის ღირებულება, საუზმით გათვალისწინებული, ერთ ღამიანი განთავსებისთვის $200 -ს შეადგენს“, – აღნიშნავს ქუთათელაძე.
What's Your Reaction?






