დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ჩემპიონობას მიუახლოვდა. ლექსო ლაფანაშვილისა და ნიკა მსხალაიას გაწვრთნილმა გუნდმა ქუთაისში...

აქამდე მხოლოდ ერთხელ მომხდარა, როცა ფინალურ სერიაში 0:2 ჩამორჩენილი გუნდი ჩემპიონი გახდა. ეს შორეულ, 1998 წელს იყო, როცა რუსთავის აზოტი 2:0 უგებდა ვითას და შემდეგ ზედიზედ 3 მატჩი წააგო. იგივე რომ განმეორდეს, ქუთაისმა ზედიზედ 3 შეხვედრა უნდა მოიგოს, მათ შორის მომავალი 2 მატჩი თბილისში, თუმცა 25 მაისს თსუ-ს გამარჯვების შემთხვევაში სერია მშრალი ანგარიშით შეწყდება.
არავინ იცის, რა მოხდება, თუმცა თსუ-ს უდიდესი უპირატესობა აქვს. სადაც ქუთაისში, მეტოქის ქომაგებით სავსე დარბაზში იმარჯვა, თბილისში გამარჯვების უკეთესი შანსები აქვს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თსუ-ს ქუთაისში ქომაგობა არ აკლდა. მართალია, რაოდენობით ქუთაისელებთან ახლოსაც ვერ მივიდოდნენ, მაგრამ სტუდენტები არ გაჩერებულან და მთელი შეხვედრა ომახიანად და მხურვალედ ქომაგობდნენ თსუ-ს.
არადა, ქუთაისმა გააბათილა 18-ქულიანი ჩამორჩენა და ბოლო წუთზე იგებდა კიდეც, მაგრამ ბოლო შეტევაში გამოეპარა დევონტრე ტომასი, მატჩის გმირი თსუ-ს ფორვარდი, რომელმაც მანამდე ხომ ხელი არ დააკლო ქუთაისელებს და საფინალო სირენამდე 13 წამით ადრე გამარჯვების სამქულიანი ჩაუგდო. ბოლო შეტევის წინ თსუ ქულით აგებდა, როცა წუთშესვენება აიღო და მწვრთნელმა გადამწყვეტი შეტევა დაგეგმა. გეგმის მიხედვით ბურთი ცენტრთან, კარსონ ბაშამთან საჯარიმოში ჩაიტანეს, რომელსაც მჭიდროდ მეურვეობდნენ. ბაშამმა ბურთი პერიმეტრზე მიტოვებულ ტომასს მიაწოდა, რომელმაც სამქულიანით თსუ 86:84 (სტატისტიკა) დააწინაურა.
ყველაფრის მიუხედავად ქუთაისს დარჩა შანსი. დარჩენილ 13 წამში მასპინძლებმა შეუტიეს, მაგრამ ისევე როგორც თითქმის მთელი თამაში, თსუ-ელებმა ბოლო შეტევაშიც დიდებული დაცვა დააყენეს და ელაია ჯოინერმა ყველაზე მთავარი გარღვევა გააცუდა. ბურთი ტომასმა მოახსნა, მეტოქის ფარისკენ დაიძრა, თუმცა საფინალო სირენამ მოედნის ცენტრში მოუსწრო და მატჩიც დასრულდა.
ტომასმა შეხვედრა 32 ქულით დაასრულა. მან ქუთაისს მხოლოდ პირველ მეოთხედში 16 ქულა ჩაუგდო. 17 ქულა დააგროვა გლენ აბრამმა, ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე 15 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. ქუთაისში 21 ქულით საუკეთესო იყო მარქილ სმიტი. 15 ქულა გიორგი კორსანტიამ მოაგროვა.
ფინალური სერიის მე-3 მატჩი 25 მაისს, თბილისი არენაზე, 19:00 საათზე გაიმართება.
GBF.GE
What's Your Reaction?






