„ეს არის არაადამიანური კანონი“ – იურისტი ფინანსური დანაშაულის შესახებ კანონში ცვლილებაზე

„ეს არის ბოროტი კანონი, რომელიც მისი კიდევ უფრო ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. შუა საუკუნეების თემური წყობილების დროს თუ შეიძლება ასეთი კანონმდებლობა დავუკავშიროთ. არაადამიანური და ღირსების შემლახავია, გაიძულებს ოჯახის წევრს არ დაეხმარო, მეგობარს არ დაეხმარო“ – განმარტავს იურისტი ნიკა სიმონიშვილი ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელსაც „ოცნებამ“ ორი მოსმენით მხარი დაუჭირა და მესამე მოსმენას საშემოდგომო […]

ივლ. 19, 2025 - 19:27
 0
„ეს არის არაადამიანური კანონი“ – იურისტი ფინანსური დანაშაულის შესახებ კანონში ცვლილებაზე

„ეს არის ბოროტი კანონი, რომელიც მისი კიდევ უფრო ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. შუა საუკუნეების თემური წყობილების დროს თუ შეიძლება ასეთი კანონმდებლობა დავუკავშიროთ. არაადამიანური და ღირსების შემლახავია, გაიძულებს ოჯახის წევრს არ დაეხმარო, მეგობარს არ დაეხმარო“ – განმარტავს იურისტი ნიკა სიმონიშვილი ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელსაც „ოცნებამ“ ორი მოსმენით მხარი დაუჭირა და მესამე მოსმენას საშემოდგომო სესიებზე გეგმავენ.
ცვლილება მთელ რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს, რაც, იურისტის განმარტებით, ფაქტობრივად ფინანასურ დანაშაულში მხილებული პირს საზოგადოებისგან გარიყავს და ქუჩაში, დახმარების გარეშე დატოვებს.
კიდევ რას ითვალისწინებს ცვლილებების პაკეტი და როგორ შეიძლება მოხდეს მისი აღსრულება, როცა კანონი ოჯახის წევრისთვის ღამის გათევის შესაძლებლობის მიცემას აგიკრძალავს? – ამ თემაზე ჩვენს კითხვებს იურისტი ნიკა სიმონიშვილი პასუხობს.
· ბატონო ნიკა, საზოგადოებისთვის ისევ ბუნდოვანია, ზუსტად რას გულისხმობს და როგორ შეიძლება შეეხოს ფინანსურ დანაშაულში მხილებულის ოჯახის წევრს ცვლილებები კანონში, როგორ მოხდება აღსრულება. მართალია „ოცნებამ“ დაადასტურა, რომ ბაჩიაშვილის საქმით არის პროექტი ინსპირირებული, თუმცა როგორ შეეხება ეს მთელ ქვეყანას, როცა კანონად იქცევა? – მარტივად, რომ აგვიხსნათ, ბევრი დეტალია, რაც დაბნეულობას და კითხვებს იწვევს.
პირველი, რაც უნდა ვთქვათ, არის ის, რომ შეიძლება „ქართული ოცნება“ ამას იღებს კონკრეტული პირების წინააღმდეგ და ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ შეეხება უამრავ ჩვეულებრივ შემთხვევას და ჩვეულებრივ ადამიანს. მე შემიძლია დავასახელო კონკრეტული მაგალითებიც კი, როდესაც ეს საკანონმდებლო ცვლილება შეეხება არამარტო გიორგი ბაჩიაშვილს და სხვა ადამიანებს, რომელთა მიმართაც ივანიშვილს აქვს კონკრეტული მოთხოვნები [რამდენად სამართლიანია, ეს მეორე საკითხია], მაგრამ შეეხება ჩვეულებრივ ადამიანებსაც, რიგით შემთხვევებს, რიგით საქმეებს, თან არაერთს.
შეეხება ისეთ საქმეებს, სადაც, მაგალითად, თუ ჩემი ოჯახის წევრი არის მსჯავრდებული მძიმე ფინანსურ დანაშაულში, როდესაც ის ციხიდან გამოვა, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, მას თუ ჩემთან სახლში ვაცხოვრებ, ამის გამო მეც დამიჭერენ და ჩემს ოჯახის წევრსაც.
მოვიკითხოთ, თუნდაც სანაცნობოში, სამეზობლოში, სანათესავოში შემთხვევები, როდესაც პირები არიან მძიმე ფინანსურ დანაშაულებში მხილებული, სადაც 100 ათას ლარს აღემატება ზიანი. თუ თქვენ ნახავთ თქვენს გარშემო ასეთ შემთხვევებს, ყველა ამ შემთხვევას შეეხება.
ცხადია, მარტო გიორგი ბაჩიაშვილის საქმესა და ს „მოვალეებს“ არ შეხება ეს კანონი. შეიძლება პირველადი მიზანი არის ეს და არ იღებენ ცვლილებებს სხვა ადამიანების წინააღმდეგ, მაგრამ შეეხება ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებიც არიან იმ მუხლებით მსჯავრდებულები, რაც ფინანსურ დანაშაულებს ითვალისწინებს და ასევე, მათ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს, ახლობლებს. იმ ადამიანებს, რომლებიც გაბედავენ და დაეხმარებიან მათ ფინანსურად იქნება ეს, საცხოვრებლით, მანქანით, ფულით, საკვებით თუ სხვადასხვა პროდუქტით.
· და ეს „გაბედვა“ როგორ უნდა აკონტროლონ, აღსრულება როგორ მოხდება? ვთქვათ, სტუმრად მივიღე ყოფილი მსჯავრდებული, როგორ შემამოწმებს ღამე გავათევინე თუ არა, რა წერია ამაზე პროექტში?
არაფერი არ წერია. ახალი საკანონმდებლო ცვლილება ორი მოსმენით არის მიღებული და მესამე მოსმენა ჯერჯერობით არ ყოფილა, მაგრამ არ გაუჭირდებათ, რომ მიიღონ.
კანონპროექტი გვეუბნება, რომ დანაშაულით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მსჯავდებულ პირს პირდაპირ ჩამოერთმევა დანაშაულის შედეგად შეძენილი ქონება და გადაეცემა დაზარალებულს. მეორე არის ის, რომ თუ ეს ქონება არ ჰყოფნის ზიანის ანაზღაურებას, რაც აქვს ზოგადად მსჯავრდებულს, ის გაიყიდება. ნებისმიერი ქონება: ეს შეიძლება იყოს ფული, საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა, მოძრავი თუ უძრავი ნებისმიერი ქონება აღსრულებას დაექვემდებარება.
ანუ, დავრჩები სრულიად უქონელი, არც ფული მექნება, არც სახლი არც კარი, არანაირი ქონება არ მექნება. როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს მსჯავრდებული, მას შეიძლება საქართველოდან გასვლაც შეეზღუდოს. გამოდის ციხიდან და საქართველოს ვერ ტოვებს, უნდა დარჩეს ყველა შემთხვევაში.
· და პირდაპირ ქუჩაში რჩება?
პირდაპირ ქუჩაში რჩება. მას ზიანის ასანაზღაურებლად გაუყიდიან ქონებას. ასევე, თუ ჩათვალეს, რომ დანაშაულის შედეგად არის მოპოვებული ეს ქონება, ის პირდაპირ გადაეცემა დაზარალებულს. თუ ფულის გათეთრების დანაშაულია, ოჯახის წევრისგან, ან ახლო ნათესავისგან შეიძლება ამოიღონ ეს ქონება. ესეც არის შესაძლებელი, თუ ფულის გათეთრების დანაშაულს შეეხება და ის არის სრულიად უსახლკარო და უქონელი.
ყოველგვარი ქონების გარეშე რჩები ასე გარეთ, ვერსად ვერ მიდიხარ, სამაგიეროდ გრჩება შესაძლებლობა, რომ თუ რაიმე თანხა ჩაგერიცხება ანგარიშზე, საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი რაც იქნება, დაახლოებით 520 ლარზე არის ბოლო მდგომარეობით საუბარი, ავტომატურად მოგეჭრება და წავა დაზარალებულის დასაკმაყოფილებლად.
თუ „ქეშად“, ანუ ნაღდი ფულის სახით იღებ თანხას, ასეთ შემთხვევაში ეს არის დანაშაული იმ პირის მხრიდან, ვინც ამ თანხას გაძლევს „ქეშად“. შენი მხრიდანაც ასევე ეს იქნება დანაშაული, თუ ამ თანხას მიიღებ.
520 ლარს ზემოთ თანხა თუ ჩამერიცხება, მაგალითად, ავტომატურად ინკასო იქნება დადებული ამ ანგარიშზე და 520 ლარს ზემოთ მოიჭრება თანხა და გადაეცემა დაზარალებულს; ამავდროულად, თუ მივიღებ სარგებელს 520 ლარზე ზემოთ, სხვადასხვა ფორმით, ეს იქნება საკვები თუნდაც, ან სხვადასხვა ნივთები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო პროდუქტი, ტექნიკა, მობილური ტელეფონი ან არ ვიცი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავტომობილი, ასევე საცხოვრებელი, გარეთ როცა დავრჩები თუ ვინმე მაცხოვრებს და ეს აღემატება 520 ლარს, ანუ ორმაგ საარსებო მინიმუმს. [
ქუჩაში ხომ ვრჩები, მაგრამ ამავდროულად ვინმე თუ შემიფარებს და თვიური ღირებულება აი ამ ცხოვრების აღემატება 520 ლარს, მეც დამიჭერენ და ვინც მეხმარება იმასაც დაიჭერენ, მსჯავრდებულის შემთხვევაში ეს არის თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე, მაგრამ ვინც ეხმარება მისთვის უფრო მეტი სასჯელი არის გათვალისწინებული კანონით.
· ესე იგი სასჯელის მოხდის შემდეგ განდეგილივით უნდა იცხოვროს სადღაც მთის წვერზე ამ ადამიანმა?
კი, თან აღსრულებაზე ხანდაზმულობის ვადა ამას არ აქვს, ანუ ასეთ შემთხვევებზე, სანამ ამ ვალს არ დაფარავს, მანამდე ფაქტობრივად გარიყულია საზოგადოებიდან.
ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ეს არის ცალსახად სადამსჯელო ღონისძიება ადამიანის სიცოცხლის, მისი ღირსების შეურაცხმყოფელი რეგულაციები, რომლითაც ადამიანის სიცოცხლეს ემუქრები, ადამიანის ღირსებას ურტყამ პირდაპირ. ცხოვრების შესაძლებლობას აძლევ, თან ამავდროულად ერევი ოჯახური ცხოვრების ისეთ დაცულ სფეროში, სადაც სახელმწიფოს ჩარევის უფლება არ გააჩნია.
ოჯახის წევრი თუ დაეხმარება – დაიჭერენ, ფაქტობრივად კრძალავ იმას, რომ მაგალითად ცოლმა-ქმარი, ან დედა-შვილი, ოჯახის წევრები ერთმანეთს დაეხმარონ.
ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებით გვაიძულებს ადამიანობაზე უარი ვთქვათ. სამართალს, რომ თავი დავანებოთ, ადამიანობაზე უარის თქმას გვაიძულებს ამით „ოცნება“.
„მეგობარს არ უნდა დაეხმარო“ – ასეთი კანონი მე პირადად შევეცადე მომეძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე იმ ქვეყნების მაგალითზე, რომელთა კანონმდებლობაც ჩემთვის მეტ-ნაკლებად იძებნება. არ ვიცი, სადმე, აფრიკის რომელიმე ტომში თუ აქვთ ასეთი წესი ან რომელიმე განუვითარებელ ქვეყანაში, სადაც ცივილიზაციას არ შეუღწევია. განვითარებულ, ცივილიზებულ სახელმწიფოებში ასეთი წესი მე არსად მეგულება.
„ქართულ ოცნებას“ არადემოკრატიული კანონის მიღება როცა უნდა ხოლმე, ცდილობს ეს ყველაფერი დაასაბუთოს იმით, რომ თურმე რომელიღაც ქვეყანაში, სადღაც არის ასეთი კანონი. მე მგონი ასეთი რეგულაცია რუსეთში და ბელარუსშიც არ მოიძებნება, ეს არის რაღაც შუა საუკუნეების კანონმდებლობა.
· გორდულაძის მოფიქრებულია? [არჩილ გორდულაძე – „ოცნების“ პარლამენტარი, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია]
მეეჭვება.
უფრო სხვისი მოფიქრებულია, გორდულაძემ ეს ალბათ ტექნიკურად დაწერა, მაგრამ მოფიქრებით სად მოიფიქრეს, არ ვიცი.
მეც მაინტერესებს ვინ მოიფიქრა ასეთი არაადამიანური კანონმდებლობა, მართლა მაინტერესებს, როგორც ადამიანს, ამ ქვეყნის მოქალაქეს.
ასეთი რეგულაციები ალბათ ბოლოს საბჭოთა პერიოდის დროს თუ იყო, რომ ადამიანების დახმარება ან თანამშრომლობა იყო დასჯადი.
ეს არის ყველაზე არაცივილიზებული, არაადამიანური კანონი, ეს თამამად შემიძლია ვთქვა.
ასეთი არაადამიანური კანონი „ოცნებას“ ჯერ არ მიუღია. ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ მიიღებენ.
· დავუბრუნდეთ ოჯახის წევრისგან ქონების ამოღების ამბავს, რამე დათქმები ახლავს ამას?
ოჯახის წევრიდან ქონების ამოღებაზე არის ორი დათქმა. პირველი არის ის, რომ ეს არის შესაძლებელი მხოლოდ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ დანაშაულზე, ანუ, სისხლის სამართლის 194-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულზე და მეორე – ეს უნდა იყოს დანაშაულის საგანი, ანუ, ფულის გათეთრების შედეგად უნდა იყოს ეს ქონება მოპოვებული.
ასეთ შემთხვევაში არის შესაძლებელი მოხდეს ამ ქონების პირდაპირ ჩამორთმევა და ამოღება, მაგრამ აქ ერთი რაღაც არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ, რომ ეს მოქმედი რეგულაციითაც არის შესაძლებელი.
· ასევე, დაუსაბუთებელი ქონების შემთხვევაში?
დაუსაბუთებელი ქონების ამოღება ნებისმიერ დანაშაულთან მიმართებით არის შესაძლებელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ეს ერთი და მეორე, მე თუ ვარ, მაგალითად, მსჯავრდებული რაიმე ფინანსურ დანაშაულში, ანუ არ აქვს ამას მნიშვნელობა.
მაგალითად, მე შევიძინე რაღაც ქონება და გადავუფორმე ოჯახის წევრს, ასევე არის შესაძლებელი, რომ ამ მოჩვენებითი გარიგების გამო, დამატებით სამართალწარმოება წარიმართოს ჩემი და ოჯახის წევრის ან მეგობრის, ან ჩემთან დაკავშირებული პირის მიმართ, რომ ქონების გადაფორმება მოხდა ფიქტიურად, ანუ მოჩვენებით, ფორმალურად გადავაფორმე მესამე პირზე. ასეთ შემთხვევაში არის ასევ შესაძლებელი, რომ დავა წარიმართოს მოქმედი კანონმდებლობის პირობებით და ასეთი საქმეები სასამართლოებში რეალურად არის.
მთელი ამბავი იმაშია, რომ ამ ყველაფერს, გარდა ბიძინა ივანიშვილისა, ვერავის ვერაფრით ვერ ვუკავშირებ.
საქმე იმაშია, რომ ეს პროცედურები, რაც კანონმდებლობით აქამდე არსებობდა გაუმარტივეს, მოუწმინდეს, მოუსუფთავეს და ეს მთელი ბიუროკრატიული სირთულეები ბიძინა ივანიშვილს „ოცნების“ პარლამენტში თავიდან აარიდეს – მარტივი წესით არის შესაძლებელი, რომ სისხლის სამართლის წარმოების ფარგლებში, ეს ყველაფერი ერთიანად, ერთბაშად გადაწყდეს და დასრულდეს.
· ფულის გათეთრების თემას მინდა დავუბრუნდეთ. როცა ოჯახის წევრზე შეხების შესაძლებლობას გაძლევს კანონი, მას მხოლოდ ქონებას ართმევენ თუ დანაშაულის თანამონაწილედ თვლიან? ხომ შეიძლება ის არც იყოს ზოგ შემთხვევაში თანამონაწილე, თუმცა მაინც გამოიყენონ ეს კანონი და მას სხვა ქონებებიც ჩამოართვან?
მოდი ვთქვათ ფულის გათეთრება საერთოდ რა არის და რა შემთხვევებს უნდა შეეხოს ცვლილებები. შემდეგ როგორ აღსრულდება – ეს მეორე საკითხია.
ფულის გათეთრება უფრო ყოფითი ტერმინია, სამართლებრივად ეს არის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. უკანონოდ უნდა მივიღო რაღაც შემოსავალი და ამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის, უნდა განვახორციელო მთელი რიგი სამართლებრივი მოქმედებები, რომ რამენაირად გავათეთრო.
აი, მაგალითად, კორუფციული გარიგებით მაქვს თანხა მიღებული, ქრთამი და იმისთვის, რომ ეს თანხა რაღაცნაირად სამართლებრივ ჩარჩოებში მოვაქციო, მჭირდება, რომ ეს ფული სწორად დავხარჯო, რომ ქონება გათეთრდეს. თუ უკანონოდ მივიღე შემოსავალი და ამით შევიძინე ბინა ჩემი ოჯახის წევრის სახელზე, ეს ფულის გათეთრების შედეგად შეძენილი ქონება დანაშაულის საგანია და შეიძლება ჩამორთმევას დაექვემდებაროს ახალი რეგულაციების მიხედვით.
თუმცა, სად არის ზღვარი, არის ძალიან კარგი კითხვა.
როცა ვამბობ, რომ მხოლოდ დანაშაულის საგანი ექვემდებარება ჩამორთმევას, დანაშაულის საგანი რა შეიძლება იყოს და რა არ შეიძლება იყოს, ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი.
პრაქტიკულად ეს როგორ გადაწყდება და აღსრულდება, ამაზე ერთი დიდი წითელი კითხვითი ნიშანი უნდა დავსვათ აუცილებლად, იმიტომ, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, არ არის მოუკერძოებელი, გარკვეული პირების ინტერესებით მოქმედებს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ეს ბოროტად იყოს გამოყენებული და ისეთი ქონებაც ჩაითვალოს დანაშაულის საგნად, რომელიც დანაშაულის შედეგად არ არის შეძენილი.
· როგორ უნდა შეისწავლონ მოქალაქეებმა ეს ყველაფერი? მაგალითად პენსიონერ დედას რომ გაუფორმებს მინისტრი ქონებას, გვიხსნიან, რომ მინისტრის დედა ან მამა გამდიდრდა. ამავე დროს, რომელიმე რეგიონში ოჯახის წევრის დანაშაულის გამო შეიძლება ლეგალური ქონების დაკარგვის რისკის ქვეშაც დადგე. არა?!
როცა დავიწყე საუბარი, ვთქვი, რომ ეს არის ყველაზე არაადამიანური კანონი, რომელსაც „ქართული ოცნება“ იღებს.
ისევ ვამბობ, რომ ეს არის არასამართლებრივი, არაადამიანური, არაქართველური, არაქრისტიანული, არანორმალური კანონი, ამიტომ აქ „წესით“ რა მოხდება და როგორ მოხდება, ამაზე ვერ ვილაპარაკებთ.
მითუმეტეს, პოლიტიკური ინტერესი სადაც შეიძლება იყოს, თუ პირმა იცის და აქვს განზარახვა, რომ ეხმარება დანაშაულში მხილებულ ფულის გამთეთრებელს, შესაძლოა, მისი ქმედებაც დანაშაულად დაკვალიფიცირდეს. თუ არ იცის – მაშინ ჩამოერთმევა ქონება და დანაშაულად ვერ დაკვალიფიცირედება, მაგრამ თუ მოუნდებათ, შეიძლება „აღმოჩნდეს“, რომ კარგად სცოდნია ყველაფერი და რამე მტკიცებულებას მოუძებნიან.
როცა ვლაპარაკობთ პოლიტიკურ ინტერესზე, ყველაფერი შესაძლებელია. ამ არაადამიანური კანონის აღსრულება კიდევ უფრო არაადამიანურადაც არის შესაძლებელი. ერთია რა დაწერე და მეორეა ის, რომ გასაქანი ძალიან დიდი აქვთ, შეიძლება გაზრახვის ელემენტები დაინახონ, ამას ვერ გამოვრიცხავთ.
ეს ხალხი არასამართლებრივი ჩარჩოების ისეთ მასშტაბებშია გადასული, როგორ ვთქვა ამას არ გააკეთებენ მეთქი. როცა სამართლებრივ სივრცეში შემოდის კრიმინალური წესები, ეს პრაქტიკაში რანაირად იმუშავებს, ამის თქმა ძალიან გამიჭირდება.
batumelebi.netgazeti.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow