“ვფიქრობთ მეტ ბრიტანულ ინვესტიციას ვიხილავთ საქართველოში” – კომენტარები ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმიდან
ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი გაიმართა, რომელიც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა, სხვადასხვა ბიზნეს-სექტორების განვითარების პოტენციალი და ამ კუთხით არსებული მხარდამჭერი პროგრამები განიხილეს. გთავაზობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომენტარებს, რომელიც ლონდონში ფორუმზე საქართველოდან ჩასულმა წარმომადგენლებმა […]


ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი გაიმართა, რომელიც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა, სხვადასხვა ბიზნეს-სექტორების განვითარების პოტენციალი და ამ კუთხით არსებული მხარდამჭერი პროგრამები განიხილეს.
გთავაზობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომენტარებს, რომელიც ლონდონში ფორუმზე საქართველოდან ჩასულმა წარმომადგენლებმა გააკეთეს.
ლევან დავითაშვილი, “ოცნების” მთავრობის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი: ძალიან ბევრ საინტერესო ინვესტორთან გვეძლევა საშუალება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის და ეკონომიკური კლიმატის შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ღონისძიების გამართვა და თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კვალიფიციურ ინვესტორებთან შეგვიძლია პირდაპირ დავამყაროთ კავშირი. ეს ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ლონდონი საფინანსო ცენტრია და საქართველოს ერთ-ერთი საინვესტიციო პარტნიორი. ვფიქრობ მსგავსი ფორუმი და პირდაპირი კომუნიკაცია კვალიფიციურ ინვესტორებთან ძალიან ხელსაყრელი იქნება და ჩვენს ეკონომიკაში მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები და პოზიტიური მესინჯები, რომელიც ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გვაქვს მივიტანოთ ჩვენს პარტნიორებთან, ინვესტორებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრი: ლონდონის საფონდო ბირჟა მასპინძლობს საქართველოს საინვესტიციო ფორუმს, სადაც ინვესტორებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობას. ასევე ინვესტორებს საშუალება აქვთ გაეცნონ იმ შესაძლებლობებს რომელიც საქართველოში არსებობს ინვესტიციის განხორციელების მიმართულებით. ინვესტორების დაინტერესება საქართველოსი და საქართველოს ეკონომიკის მიმართ ძალიან მაღალია და ეს სხვადასხვა სფეროებს მოიცავს – როგორც საფინანსო ისე არასაფინანსო სექტორებს.
ნათია თურნავა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: ძალიან მნიშვნელოვანია რომ წელს საინვესტიციო ფორუმს დიდ ბრიტანეთში მასპინძლობს ლონდონის საფონდო ბირჟა. ლონდონის საფონდო ბირჟა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რადგან 2024 წელს ყველაზე დიდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბრიტანეთიდან შემოვიდა და მათ შორის ლონდონის საფონდო ბირჟის მეშვეობით შემოდის. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ჩვენი წამყვანი ბანკებიც არის დალისტული და აქ მათი აქციების მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესია, ამიტომაც სებ-ისთვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე შემდგარი ბიზნესები, ვისაც უკვე ინვესტიცია აქვთ განხორციელებული საქართველოში, ისინი უყვებიან და უზიარებენ თავის ბრიტანელ კოლეგებს იმ პოტენციალს, შესაძლებლობებს რაც საქართველოში არსებობს. ვფიქრობთ მეტ ბრიტანულ ინვესტიციას ვიხილავთ საქართველოში.
What's Your Reaction?






