"იბერია 1999-მა" და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"იბერია 1999-მა" და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

კოლხეთი 1913 2:2 ტორპედო
ფოთელები ორჯერ იგებდნენ, საბოლოოდ კი მატჩი ფრედ დასრულდა. გუნდებს 5-5 ქულა გაუხდათ და ისევ ცხრილის ქვედა ნაწილში არიან. ეს ტორპედოსთვის ზედიზედ მეექვსე მოუგებელი თამაშია.
მე-14 წუთზე მასპინძელთა კარგ კომბინაციას მოჰყვა კირილ კლიმოვის ბოლო პასი და გიორგი აბუაშვილმა ტექნიკური დარტყმა მიაყოლა - 1:0. რამდენიმე წუთში მერაბ გიგაურის ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა ნორვეგიელი ბიორნ იონსენის გამათანაბრებელი გოლი.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ისევ კლიმოვმა გააკეთა საგოლე პასი და თორნიკე შეყილაძემ ახლოდან გაიტანა.
ქუთაისელებმა ისევ კუთხურის მერე გაათანაბრეს. ამჯერად გიორგი კოხრეიძემ თავურით - 2:2.
სამგურალი 0:1 დილა
გორელები კარგ ფორმაში არიან: ბოლო 5 მატჩში 13 ქულა აიღეს. აი სამგურალს კი პირიქით, ქულების მოპოვება უჭირთ: ბოლო 4 შეხვედრაში არ გაუმარჯვიათ.
ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე იბრაჰიმა დრამემ გაიტანა. მეტოქის საჯარიმოში არეულობისას გაერკვა და ძლიერი დარტყმით ცხრიანში გაგზავნა ბურთი. ეს დრამეს მეორე გოლია სეზონში. პირველი ქუთაისის ტორპედოსთან მიითვალა.
ისე, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის შარშანდელ სეზონში სამგურალი-დილა წყალტუბოში ორივეჯერ 0:1 დასრულდა. და აი ზედიზედ მესამედ ეს ანგარიში დაფიქსირდა.
დინამო თბ 1:2 იბერია 1999
მოქმედმა ჩემპიონმა იბერია 1999-მ მორიგი მატჩი მოიგო. ამჯერად დინამო თბილისს აჯობა დინამო არენაზე.
პირველი ტაიმის რვაწუთიან მონაკვეთში იური ტაბატაძემ ორი ლამაზი გოლი გაიტანა. ჯერ ირაკლი სიხარულიძის პასის მერე დაარტყა ცხრიანში, ხოლო შემდეგ ნიკოლოზ დადიანისგან მიიღო ბურთი, მარჯვნიდან შევარდა საჯარიმოში და შორეულ კუთხეში ჩაახვია - 0:2. იურის ამ სეზონში 4 გოლი მოუგროვდა.
დინამოელებმა 86-ე წუთზე შეამცურეს სხვაობა, კერძოდ, ვახტანგ სალიას გარღვევასა და პასს მოჰყვა თეიმურაზ ოდიკაძის ზუსტი დარტყმა. საბოლოოდ, 1:2.
What's Your Reaction?






