ინფორმაცია დადასტურდა - მალე ქართველებს UFC-ში კიდევ ერთი მებრძოლი გვეყოლება
ქართველი MMA მებრძოლი, ლევან ჩოხელი, პროფესიონალურ კარიერაში მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს — მისი თქმით, მალე UFC-ში ჩაებმება....

ლევანმა ჯერ კიდევ ზამთარში დააანონსა, რომ ბელატორთან თანამშრომლობა დასრულდა და ახლა მიზნად UFC-სთან კონტრაქტის გაფორმება ჰქონდა დასახული. თებერვალში გამოქვეყნებულ განცხადებაში ის წერდა, რომ ბრძოლისთვის მზადებას უკვე შეუდგა და იმ დროისთვის გერმანიაში დაგეგმილ PFC-ის ტიტულის დაპირისპირებაზე სრულად იყო კონცენტრირებული.
მართლაც, ჩოხელმა 24 მაისს ქალაქ კასელში გამართული ბრძოლა შთამბეჭდავად მოიგო — მეტოქე, ალეშანდრე გონსალვეში, მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ამ გამარჯვებით ქართველმა მებრძოლმა კიდევ უფრო გაიმყარა პოზიცია საერთაშორისო არენაზე და UFC-სთან დაკავშირებული მოლოდინებიც გაიზარდა.
შეგახსენებთ, ლევან ჩოხელს MMA-ში 17 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 14 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ქვესაშუალო წონით კატეგორიაში ამ ეტაპზე UFC-ში ქართველი მებრძოლი არ გვყავს და ჩოხელის წარმატებული დებიუტი ისტორიული შეიძლება აღმოჩნდეს ქართული MMA-სთვის.
What's Your Reaction?






