"მეტოქესთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობა გვექნება" - "იბერია" ევროტურნირისთვის ემზადება
თბილისის „იბერია“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე შვედურ გრანდ "მალმიოს" უმასპინძლებს

თბილისის "იბერია" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე შვედურ გრანდ "მალმიოს" უმასპინძლებს. მატჩის წინ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ ისაუბრა და გუნდის მზადყოფნაზე ყურადღება გაამახვილა.
"მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილი ვარ. ბულგარეთში ვიყავით შეკრებაზე, ხარისხიანი სპარინგები ჩავატარეთ და ჩემი ფეხბურთელები მზად არიან, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ" — აღნიშნა კორღალიძემ.
როგორც ირკვევა, გუნდი უკვე დიდი ხანია, ამ კონკრეტულ დაპირისპირებაზე ფოკუსირებულია და სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრაშიც სტრატეგიული გათვლებით იმოქმედეს:
"სუპერთასის მატჩში გარკვეული ელემენტები დავგეგმეთ ისე, რომ მათი გამოყენება ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში შეიძლებოდა. ცალი თვალით მაინც მალმიოს ვუყურებდით" — დასძინა სპეციალისტმა.
კორღალიძე განსაკუთრებულ მნიშვნელობას შინ თამაშს ანიჭებს, რაც, მისი თქმით, გუნდისთვის ფსიქოლოგიური უპირატესობაა:
"შინ თამაშის უპირატესობა გვაქვს, გულშემატკივრები იქნებიან და ამის იმედი გვაქვს. ვფიქრობ, ეს მეტოქესთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობა იქნება."
რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, ქართველი მწვრთნელი შვედური გუნდის ძლიერ მხარეებზე საუბრობს და მოწინააღმდეგის შეთამაშებულობაზე ამახვილებს ყურადღებას:
"მალმიო განვიხილეთ — საკმაოდ გამოცდილი გუნდია. დიდი ხანია ერთად თამაშობენ და შეთამაშებულები არიან. მათ საკმაოდ მობილური ფეხბურთელები ჰყავთ."
ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი "იბერიასა" და "მალმიოს" შორის თბილისში. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება.
What's Your Reaction?






