მექსიკა Google-ს “მექსიკის ყურის” “ამერიკის ყურედ” ჩანაცვლებისთვის სასამართლოში უჩივის
მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ ქვეყანამ Google-ს სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ კომპანიამ რუკებში “მექსიკის ყურე” “ამერიკის ყურეთი” ჩაანაცვლა, მიუხედავად მექსიკის მოთხოვნისა, ეს არ გაეკეთებინა. Google ამტკიცებს, რომ სახელის შეცვლა მხოლოდ აშშ-ის მომხმარებლებზე ვრცელდება და სხვა ქვეყნებში სახელწოდება უცვლელი დარჩება. მექსიკის პოზიციით, აშშ არ ფლობს უფლებას, შეცვალოს მთელი ყურის სახელი. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რესპუბლიკელების […]


მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ ქვეყანამ Google-ს სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ კომპანიამ რუკებში “მექსიკის ყურე” “ამერიკის ყურეთი” ჩაანაცვლა, მიუხედავად მექსიკის მოთხოვნისა, ეს არ გაეკეთებინა. Google ამტკიცებს, რომ სახელის შეცვლა მხოლოდ აშშ-ის მომხმარებლებზე ვრცელდება და სხვა ქვეყნებში სახელწოდება უცვლელი დარჩება. მექსიკის პოზიციით, აშშ არ ფლობს უფლებას, შეცვალოს მთელი ყურის სახელი.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რესპუბლიკელების ინიციატივით, ოფიციალურად დაუჭირა მხარი სახელის შეცვლას. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ ყურეს სახელი უნდა გადარქმეოდა.
საგულისხმოა, რომ Associated Press-მა უარი თქვა სახელწოდება “ამერიკის ყურეს” გამოყენებაზე, რაც თეთრ სახლთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
აშშ-მა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეუცვალა და ამერიკის ყურე უწოდა.
ცნობისთვის, აშშ-ში მექსიკის ყურეს ოფიციალურად ამერიკის ყურე დაარქვეს, დენალის მთას კი კვლავ მაკკინლის მთა უწოდეს.
“პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, მექსიკის ყურე ოფიციალურად ცნობილი იქნება, როგორც ამერიკის ყურე, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს წერტილს კვლავ მაკკინლის მთა ერქმევა”. – წერია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, ეს გადაწყვეტილებები “აშშ-ს არაჩვეულებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებისადმი ერთგულებას” ადასტურებს.
” პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაყად აცხადებს სახელთა აღდგენის შემოღებას, რომლებიც ამერიკული სიდიადის მემკვიდრეობის პატივისცემას ემსახურება, ძალისხმევები კი უკვე დაწყებულია. […] შინაგან საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების ყველა ასპექტის მხარდაჭერის ერთგული რჩება და უზრუნველყოფს, რომ სახელები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, იმ ღირებულებებს, თავგანწირვებსა და მიღწევებს ირეკლავს, რომლებიც ჩვენს ერს განსაზღვრავს”. – წერს აშშ-ს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
პრეზიდენტმა ტრამპმა მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის დარქმევაზე ბრძანებას 21 იანვარს მოაწერა ხელი. ტრამპმა ხელი ასევე მოაწერა ბრძანებას, რომ ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალს, დენალის მთას ძველი სახელი, მაკკინლის მთა დაუბრუნდეს.
“ამერიკა დაიბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს, როგორც უდიდესი, უძლიერესი და ყველაზე პატივსაცემი სახელმწიფო დედამიწაზე და რომელიც მთელი სამყაროსგან მოწონებასა და აღფრთოვანებას იწვევს. […] ძალიან მალე, ჩვენ მექსიკის ყურის სახელს შევცვლით ამერიკის ყურით და მაკკინლის მთას დავუბრუნებთ დიდებული პრეზიდენტის, უილიამ მაკკინლის სახელს, სადაც მისი ადგილია” – თქვა ტრამპმა ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.
2015 წელს, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ალასკაში მდებარე მაკკინლის მთას გადაარქვა სახელი და მას დენალი დაარქვა, რითიც მას ადგილობრივი მაცხოვრებლები მოიხსენიებდნენ და ადგილობრივ ენაზე ითარგმნება როგორც “მაღალი”. პრეზიდენტ უილიამ მაკკინლის სახელი მთას ოფიციალურად 1917 წელს, პრეზიდენტ მაკკინლის მკვლელობიდან 16 წლის შემდეგ მიენიჭა.
ტრამპის მიერ მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის სახელის დარქმევის ბრძანებას მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმი გამოეხმაურა და თქვა, რომ გადაწყვეტილება საერთაშორისოდ აღიარებული არ იქნება.
“ამერიკის სახელით, რაც უნდა თქვას. […] მან თქვა, რომ ამერიკის კონტინენტურ შელფზე მექსიკის ყურეს დაარქმევს. ჩვენთვის ის მაინც მექსიკის ყურეა და მთელი სამყაროსთვის კვლავ მექსიკის ყურეა” – ამბობს შეინბაუმი.
მანამდე, 8 იანვარს მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საპასუხოდ გაავრცელა შეთავაზება, რომ ჩრდილოეთ ამერიკას, მათ შორის, აშშ-ს, რეგიონის ძველ რუკაზე გამოყენებული ისტორიული სახელი – “მექსიკური ამერიკა” – დაერქვას.
“ჩვენ მას მექსიკურ ამერიკას დავუძახებთ, კარგად ჟღერს, არა?” – თქვა მექსიკის პრეზიდენტმა ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე.
წყარო: BBC
What's Your Reaction?






