მორიგი დანაკლისი ლიონს - ფრანგებს გამორჩეული ახალგაზრდა შემტევი ტოვებს
დანაკლისი ლიონს - ფრანგულ კლუბს მორიგი გამორჩეული ახალგაზრდა ტოვებს

საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ისტორიული კლუბი იძულებულია, საკუთარი ძირითადი და პოტენციურად ფასიანი მოთამაშეების გაყიდვით შეამციროს ფინანსური წნეხი. არსებული ინფორმაციით, რაიან შერკის გასხვისება მხოლოდ დასაწყისია – მოსალოდნელია, რომ ლიონს სულ მცირე 6-7 ფეხბურთელი დატოვებს.
ერთ-ერთი მათგანი, რომლის ტრანსფერიც განსაკუთრებით აქტუალური გახდა, ახალგაზრდა ბელგიელი ვინგერი მალიკ ფოფანაა. 20 წლის ტალანტის მიმართ ინტერესს იჩენს ინგლისური გრანდი — "ჩელსი", რომელიც აქტიურად მუშაობს გარემარბის ტრანსფერზე.
როგორც ფრანგული და ბრიტანული მედია იტყობინება, ჩელსის სპორტულმა დირექტორატმა ფოფანას კანდიდატურაზე სრული ყურადღება მას შემდეგ გადაიტანა, რაც ჯეიმი გიტენსის დორტმუნდიდან გადმოყვანა ვერ მოხერხდა. აღნიშნულ საკითხზე კლუბებს შორის პირველი კონტაქტიც უკვე შედგა — საუბარი კონკრეტულად ფოფანას შესაძლო ტრანსფერს ეხებოდა.
"ლიონისთვის" ფოფანა ერთ-ერთ მთავარ გაყიდვად აქტივად ითვლება. კლუბი ბელგიელ ვინგერს დაახლოებით 50 მილიონ ევროდ აფასებს, რაც, სავარაუდოდ, იმ პოტენციალის გათვალისწინებით არის დადგენილი, რაც ფოფანამ ბოლო სეზონებში აჩვენა. თავად ფეხბურთელი, გავრცელებული ცნობების თანახმად, ძალიან პოზიტიურად უყურებს ჩელსიში გადასვლის შესაძლებლობას, რაც შესაძლოა გარიგების წარმატებით დასრულებაში გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს.
ჩელსი კი აქტიურად ეძებს მიხაილო მუდრიკის შემცვლელს. უკრაინელი გარემარბის თანმიმდევრული პრობლემები ფორმასთან და მიღებული კრიტიკა, ლონდონურ კლუბს ალტერნატიული სოლიდური ვარიანტის მოძებნას აიძულებს. ფოფანა, თავისი ასაკით, ტექნიკით და მენტალიტეტით, კარგად ერგება ჩელსის ამჟამინდელ სტრატეგიას — ახალგაზრდა, სწრაფი და ტექნიკური მოთამაშეებით გუნდის განახლება.
თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, მალიკ ფოფანა შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერი გახდეს მიმდინარე ზაფხულში როგორც ლიონისთვის, ისე ჩელსისთვის, რომელიც ცდილობს, ახალი სეზონისთვის კონკურენტუნარიანი და თანაბრად დაბალანსებული შემადგენლობა ჩამოაყალიბოს.
What's Your Reaction?






