პირველი ლიგა | "გორი" დიდ 10-ში აღზევდა

პირველი ლიგა | ‘გორი’ დიდ 10-ში აღზევდა

ივნ. 2, 2025 - 04:27
 0
პირველი ლიგა | "გორი" დიდ 10-ში აღზევდა
„ავჭალა არენაზე“, ‘გორი’-‘წიქარას’ ფინალური შეხვედრა ლიგის გამარჯვებულსა და დიდი 10-ის საგზურის მფლობელს არკვევდა. შიდა ქართლელებმა რეგულარული სეზონში დამაჯერებლად იპირველეს, მესამე ადგილზე გასულ ‘წიქარას’ 17 საცხრილო ქულით გაუსწრეს და თან რეგულარული სეზონის ორივე მატჩში მეტოქე უშანსოდ დატოვეს (55:21 და 51:7). ამის მიუხედავად, უაღრესად დაძაბული ფინალური შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, რომლის გამარჯვებული „გაწითლებულ“ დროში გაირკვა.

ლიგის დებიუტანტ ‘წიქარას’ პირველივე შეტევა შედეგიანი გამოდგა. მე-2 წუთზე ‘წიქარას’ ფიჯელმა შუამარბმა ლისალა ნასენგემ თავისი ნახევარიდან ფრთაზე წამოღებული ოვალი ლელოდ დაუბრკოლებლად აქცია. ‘წიქარას’ მგეზავ გიორგი ასათიანს მახვილი კუთხიდან გარდასახვა გაუცუდდა. მომდევნო 8 წუთის განმავლობაში კი ‘გორმა’ 2-გზის იხეირა. ჯერ გორელთა მიძალება ლელოთი მხტომელმა გიგა გრიგალაშვილმა დააგვირგვინა, შემდეგ კი მეტოქის დაცვის „ჩავარდნით“ ჰავბეკმა ლევან ხუციშვილმა იხეირა. მგეზავმა ბონდო აბაშიძემ ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ფავორიტი 9 ქულით დაწინაურდა.

‘წიქარა’ არ შედრკა და მწობრი თამაშით შესვენებამდე აგნარიშში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. გიორგი ასათიანის გატანილ ჯარიმას, ფიჯელი შუამარბის ჯიუტასა ნავეს დადებული ლელო მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ კუნძულელმა მეტოქეს ჰაერში დაკიდებულ ოვალზე ბრძოლაში აჯობა. ასათიანმა მახვილი კუთხიდან კვლავ ვერ გარდასახა, რამაც ‘გორს’ პირველი ნახევარი მინიმალური ანგარიშით მოაგებინა - 14:13.



მეორე ნახევარი პირველი ტაიმის მსგავსი სცენარით გაგრძელდა. დებიუტში გიორგი ასათიანმა 25 მეტრიდან კარის პირდაპირ დანიშნული ჯარიმით 3 ქულა მარტივად აიღო და საკუთარი გუნდი დააწინაურა. 3 წუთის შემდეგ კი გორელთა ფრთა ნიკა ბიწაძის მიერ სისწრაფეზე დადებული ლელოთი შიდა ქართლელებმა ანგარიშში უპირატესობა დაიბრუნეს. გორელთა მთავარი მწვრთნელის გიორგი ჭინჭარაულის უმცროსი ძმის, გოდერძი ჭინჭარაულის (მარქაფადან ჩაერთო და მგეზავის პოზიციაზე ბონდო აბაშიძე შეცვალა) მახვილი კუთხიდან შესრულებული გარდასახვა არაზუსტი გამოდგა.

‘წიქარამ’ მომდევნო 20 წუთიან მონაკვეთში მცირე უპირატესობა მოიპოვა. მეტოქის სინბინით მიღებული რიცხობრივი უპირატესობა იოლად გატანილი ჯარიმით გიორგი ასათიანმა გამოიყენა. ‘წიქარას’ მგეზავმა შემდგომ არცთუ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა უნაკლოდ შეასრულა და საკუთარი გუნდი 3 ქულით დააწინაურა. ‘გორმა’ ტემპს უმატა, მეტოქეზე წნეხი გააძლიერა და სასურველ შედეგსაც მიაღწია. 76-ე წუთზე საკუთარი დერეფანიდან ჩამოყალიბებული მძლავრი მოლი ლელოთი კვაჭმა ტარიელ ბერუაშვილმა დააბოლოვა. ჭინჭარაულმა ზუსტად გარდასახა და ‘გორი’ 4 ქულით დაწინაურდა.

დარჩენილ დროში ‘წიქარამ’ ძალუმად უტია, სწრაფი კომბინაციის შედეგად მეტოქის 22-მეტრიანში სახიფათოდ შეუტია, თუმცა ოვალის წინ ვარდნის გამო ბექა სხულუხიას ბიჭებმა შეხვედრის ხსნა ვეღარ მოახერხეს. ‘გორმა’ 26:22 მოიგო და მომავალ სეზონს დიდ 10-ში გაატარებს.

რაგბის კლუბ ‘გორის’ სახით ქართული რაგბის ელიტას რეალურად ახალი წარმომადგენელი ყავს. მართალია, წლების წინ პირველი ლიგიდან გავარდნილი გორის ‘ჯიქების’ მორაგბეებმა კერძო კლუბ ‘გორში’ გადაინაცვლეს, თუმცა მიხეილ ორაგველიძის თაოსნობით საფუძველი სრულიად ახალ კერძო კლუბს ჩაეყარა, რომელიც დამოუკიდებლად 2022 წლიდან ფუნქციონირებს და აღნიშნული პერიოდიდან გუნდს ნიჭიერი, 35 წლის სპეციალისტი გიორგი ჭინჭარაული უნარიანად დამრიგებლობს. მიხეილ ორაგველიძე კი ამჟამად შერკინების მწვრთნელის ფუნქციას ასრულებს. სწორედ ხსენებული დუეტის ნაყოფიერი და თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად ‘გორი’ სწრაფი ტემპებით პროგრესირებს.

ჭინჭარაული და ორაგველიძე რწმუნებით აღნიშნავენ, რომ შიდა ქართლის დედაქალაქში დიდი რაგბის დაბრუნება რეგიონში არსებული მდიდარი ცოცხალი რესურსის მაქსიმალურ მობილიზებასა და ჩართულობას გამოიწვევს. ‘გორს’ ამჟამად დიდ სამსახურს გორის მუნიციპალიტეტის მერია უწევს და გუნდის ხელნმძღვანელობა იმედოვნებს რომ დიდ 10-ში აღზევების შემდეგ ‘გორს’ მხარში ადგილობრივი ბიზნეს-სექტორიც აქტიურად ამოუდგება.

მარცხის მიუხედავად, ‘წიქარა’ ელიტაში ანაცვლების შანსს ინარჩუნებს. ბექა სხულუხიას ბიჭები 2-მატჩა პლეი აუტში დიდი 10-ის ბოლოსწინა, მე-9 ადგილოსან სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ დაუპირისპირდებიან. დებულების თანახმად მეტოქეთა პირველი რკენა დედაქალაქში გაიმართება, საპასუხო მატჩი კი ასპინძაში შედგება, სადაც მომავალ სეზონში დიდი 10-ის დასკვნითი ბინადარის ვინაობა გახდება ცნობილი.

rugby.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow