გორის დილა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას საშინაო კედლებში დღეს ჩაატარებს, მეტოქე კი ლუქსემბურგის რასინგი გახლავთ.
გთავაზობთ დილას მთავარი მწვრთნელის, დიეგო ლონგოს კომენტარს, რომელიც მან დღევანდელი შეხვედრის წინ გააკეთა:
პირველი მატჩი ლუქსემბურგში შედეგის მხრივ დადებითი იყო, თუმცა თამაში იოლად არ წარიმართა. რასინგი ორგანიზებულად გამოიყურებოდა, დისციპლინით და დახვეწილი სტილით მოქმედებდა. რამდენიმე საგოლე შანსი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ საბოლოო შედეგი პოზიტიური იყო.
სტუმრად პირველი შეხვედრის ჩატარება რთულია. დაძაბულობა აშკარად იგრძნობოდა და თამაშში შესვლა გაგვიჭირდა. თავიდან მეტოქე გრძელ პასებზე აკეთებდა აქცენტს და გაგვიჭირდა, თუმცა მეორე ტაიმში ყველაფერი გამოვასწორეთ.
მეტოქის მოედანზე გამარჯვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ გვმართებს უფრო მეტი ყურადღება და კონცენტრაცია. გვინდა, რომ გულშემატკივარმა იამაყოს ჩვენით.
- თქვა ლონგომ.
შეგახსენებთ, რომ დილამ ლუქსემბურგში პირველი შეხვედრა 2:1 მოიგო.