საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინა ამჯერად 10 ქულით დაამარცხა

ლატვიაში, მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა

ივლ. 23, 2025 - 14:57
 0
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინა ამჯერად 10 ქულით დაამარცხა
ლატვიაში, მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ნიკა ბურჯანაძის, გიორგი გოგალაძისა და ბექა ბექაიას გაწვრთნილმა გუნდმა უკრაინის ნაკრები მეორედაც დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა გუშინდელი შეხვედრა 95:80 მოუგო უკრაინელებს, დღეს კი სხვაობა 10 ქულა გახლდათ – 81:71.

პირველი პერიოდი ფრედ – 19:19 დასრულდა და ვერც მეორემ გამოკვეთა ერთპიროვნული ლიდერი. საქართველო დიდი შესვენებისთვის მხოლოდ 3 ქულით იგებდა. აი, მესამე ათწუთეულში ქართველებმა თამაშზე სრული კონტროლი დაამყარეს და მეტოქე გვარიანად ჩამოიტოვეს. პერიოდი საქართველომ 22:12 მოიგო და ბოლო მეოთხედის წინ 63:50 დაწინაურდა.

ცხადი გახდა, რომ ბოლო პერიოდში უკრაინა ვეღარ მოახერხებდა თამაშის შემობრუნებას და საბოლოოდ საქართველოს 10-ქულიანი გამარჯვება დაფიქსირდა. თუმცა გამარჯვებაზე მთავარი მწვრთნელებისთვის გუნდის თამაშის დახვეწა, კალათბურთელების შეთამაშება და სათამაშო ტაქტიკის სრულყოფაა.

გამარჯვებულთაგან ბომბარდირი ლუკა ფოჩხუა გახდა, რომელმაც 20 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა. ყველაზე ეფექტური შედეგი გიორგი გოგოლაშვილმა დააფიქსირა, რომელმაც 18 წუთში 7 ქულა, 9 პასი, 5 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. 15 ქულა ჰქონდა დავით ტრაპაიძეს, საბა პატაშურის ანგარიშზე კი 10 ქულა და 6 პასი დაგროვდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დედაქალაქი 8-16 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს (A დივიზიონი) მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც კონტინენტის 16 საუკეთესო გუნდი ჩემპიონის ტიტულისა და საპრიზო ადგილების მოსაგებლად იბრძოლებს. საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე C ჯგუფშია გერმანიასთან, სერბეთთან და ესპანეთთან ერთად. ჯგუფური ეტაპი კლასიფიკაციისთვისაა, რათა გუნდები სიძლიერის მიხედვით პლეი ოფში (მერვედფინალში) დაწყვილდნენ. შესაბამისად, პლეი ოფში ჯგუფის ყველა მონაწილე გადის და მთავარი ბრძოლები მერვედფინალიდან იწყება. მერვედფინალში წაგებული გუნდები 9-16 ადგილებისთვის აგრძელებენ ბრძოლას. ბოლო 3 ადგილზე (14,15,16) გასული გუნდი B დივიზიონში დაქვეითდება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow