ფერმერებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა რიტეილთან თანამშრომლობისას გადახდის პირობებია – ასოციაცია
ქართველი ფერმერებისთვის ქსელურ სარეალიზაციო ობიექტებში პროდუქციის შეტანა ბარიერებთან არის დაკავშირებული. მიზეზი რამდენიმეა, რის გამოც სუპერმარკეტების დახლებზე შეიძლება ქართული წარმოების პროდუქცია ვერ ხვდებოდეს. ბარიერები არსებობს, როგორც მეწარმეების, ისე რიტეილის მხარეს. ფერმერთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ კოოპერაციის და გაერთიანების გარეშე წვრილ ფერმერებს უჭირთ იმ მოცულობის და იმ ხარისხის პროდუქციის უწყვეტი მიწოდება, რასაც რიტეილი ითხოვს, თუმცა ამავდროულად პრობლემურია ქსელების […]


ქართველი ფერმერებისთვის ქსელურ სარეალიზაციო ობიექტებში პროდუქციის შეტანა ბარიერებთან არის დაკავშირებული. მიზეზი რამდენიმეა, რის გამოც სუპერმარკეტების დახლებზე შეიძლება ქართული წარმოების პროდუქცია ვერ ხვდებოდეს. ბარიერები არსებობს, როგორც მეწარმეების, ისე რიტეილის მხარეს.
ფერმერთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ კოოპერაციის და გაერთიანების გარეშე წვრილ ფერმერებს უჭირთ იმ მოცულობის და იმ ხარისხის პროდუქციის უწყვეტი მიწოდება, რასაც რიტეილი ითხოვს, თუმცა ამავდროულად პრობლემურია ქსელების მხრიდან ანაზღაურებაც, რომელიც უმეტეს შემთხვევაში თვეები იგვიანებს.
“ყველაზე დიდი გამოწვევა ფერმერებისთვის რიტეილ სექტორთან თანამშრომლობის და ურთიერთობისას არის გადახდის პირობები – ლოდინის პერიოდი, რა ლოდინის პერიოდიც უწევთ ფერმერებს იმისთვის, რათა შეიტანონ პროდუქცია და მიიღონ შესაბამისი თანხა. აქ სხვა ბარიერებიცაა, რომელიც ასევე რიტეილ სექტორის მხრივ იქნა წამოჭრილი, რაც ასევე ძალიან ვალიდური და მართებულია.
იმ პირობებში, როდესაც ამდენი წვრილი ფერმერი გვყავს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს მარკეტებისთვის უწყვეტობის მოთხოვნას, აუცილებელია ამ ფერმერების გაერთიანება მოხდეს რაღაც სახით, რათა მათ რაღაცნაირად შეძლონ იმ ერთობლივი მოცულობის დაკმაყოფილება, რაც უწყვეტად ესაჭიროება რიტეილ სექტორს. სწორედ ამიტომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად დღეს რა ხერხსაც მიმართავენ მარკეტები, ეს არის სადისტრიბუციო კომპანიებთან თანამშრომლობა, რომელიც ერთგვარად ასევე გარკვეული ბარიერია ფერმერებისთვის იმიტომ, რომ მანდ ფასნამატია, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებლისთვისაც ზრდის ფასს და ფერმერიც ზარალდება”, – აცხადებს bm.ge-სთან ფერმერთა ასოციაციის დირექტორი თამარ თორია.
რიტეილ ასოციაციაც ადასტურებს, რომ ქსელური მარკეტებისთვის პროდუქციის უწყვეტი მიწოდება და ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ რიტეილს წვრილ მეწარმეებთან თანამშრომლობა განსაკუთრებით უჭირს. სოფო ქაშაკაშვილი ანგარიშსწორების დაგვიანებასთან დაკავშირებით ფერმერების შენიშვნებზე პასუხად ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები ასოციაციის წევრი კომპანიების შემთხვევაში არ ფიქსირდება.
„უნდა იყოს სტაბილური მოწოდება, რაც გულისხმობს, რომ უნდა დაიფაროს კონკრეტული, შეთანხმებული რაოდენობით ობიექტები უწყვეტობის პრინციპით. ხშირად არის შემთხვევები, როცა რაღაც მომენტში შეიძლება მოწოდება ვერ განახორციელონ და ობიექტს აქვს ცარიელი დახლი, რაც უკმაყოფილებას იწვევს მომხმარებელში და ობიექტსაც პრობლემები ექმნება. შესაბამისად, გრძელვადიანი პარტნიორობა აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული უწყვეტობასთან, მეწარმეს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რა რაოდენობით და რა პერიოდულობით უნდა მოახდინოს პროდუქციის მიწოდება ობიექტებისთვის.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ხარისხი, რომ ის იყოს სარეალიზაციოდ ვარგისი. მხოლოდ გემოვნურ თვისებებს ვერ დავეყრდნობით, უნდა იყოს პროდუქტი უვნებელი, თუ არ გვაქვს საუბარი ხილსა და ბოსტნეულზე, აუცილებლად დაცული უნდა იყოს ეტიკეტირების პირობები, ამას რიტეილი ცალკე ამოწმებს და სეს-ი ცალკე მუდმივ მონიტორონგს უტარებს რიტეილს. აქედან გამომდინარე, მცირე და წვრილ მეწარმეებთან ურთიერთობა ძალიან უჭირს რიტეილს, იმიტომ რომ ვერ ხდება იმ მასშტაბების დაფარვა, რაც რიტეილს სჭირდება. ჩვენ გვყავს წევრები, რომლებსაც 1000-ზე მეტი ობიექტი აქვთ, არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ერთი მომწოდებელი დაფარავს ყველა ობიექტს, მაგრამ რომელიმე რეგიონს რომ აიღებს მეწარმე, იმის დაფარვა სტაბილურად უნდა შეეძლოს დათქმულ დროში და დათქმულ ხარისხში.
რაც შეეხება ანაზღაურების პირობებს, ჩვენი ასოციაცია აერთიანებს 11 წევრს და ჩვენი წევრებისგან დადასტურებულად ვიცი, რომ არ ხდება ანგარიშსწორების დაგვიანება, თუმცა ვერ ვიქნები იმ კომპანიებზე პასუხისმგებელი, რომლებიც ჩვენი წევრები არ არიან“,- აცხადებს რიტეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი სოფო ქაშაკაშვილი.
What's Your Reaction?






