"ქუთაისმა" რეგულარულის პირველობა გაინაღდა | "ვსა" მეორეა | ცნობილია პლეი-ოფის რვავე გუნდი
"ქუთაისმა" რეგულარულის პირველობა გაინაღდა | "ვსა" მეორეა | ცნობილია პლეი-ოფის რვავე გუნდი

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულია და პლეი ოფში ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობა ექნება “ქუთაისს”. ეს ამბავი დღეს, მას შემდეგ გაირკვა, რაც ქუთაისელებმა ზესტაფონში გორის ივერიონს სძლიეს – 89:70 (სტატისტიკა). კოტე ტუღუშის გაწვრთნი იმერულ კლუბს 14 მოგება და 5 მარცხი აქვს, რითაც მეორეზე მყოფი ვსა-სთვის მიუწვდომელია. ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდს 13 მოგება და 6 მარცხი გააჩნია, თუმცა დარჩენილ 1 ტურში ქუთაისს რომც გაუთანაბრდეს, ურთიერთშეხვედრებში ჩამორჩენის გამო ვერ გადაასწრებს.
თავის მხრივ, ვერც ვსა ჩამოცდება მე-2 ადგილს, რადგან მესამეზე მყოფ გუნდს 2 ქულით უსწრებს. რაც შეეხება მესამე ადგილს, მისთვის ივერიონი, თსუ და ზესტაფონის მარგვეთი იბრძვიან. ახლა სამივეს თანაბარი ქულა აქვს და მესამეზე ივერიონია, მეოთხე – თსუ და მეხუთე – მარგვეთი. მარგვეთი ბოლო ტურში სატურნირო თვალსაზრისით უმოტივაციო ვსა-ს ეთამაშება, თსუ – ასევე უმოტივაციო ქუთაისს, ხოლო ივერიონი რაშს მასპინძლობს. სამივემ რომ მოიგოს, ან წააგოს, ცხრილში იმ თანმიმდევრობით დარჩებიან, როგორც ახლა არიან, რადგან მე-6 ადგილზე მყოფ გურჯაანის დელტას 2-ით ნაკლები ქულა აქვს.
მე-5 ადგილზე ასვლის შანსი გურჯაანელებმა დღეს, შინ თსუ-სთან წაგებით გადაიწურეს. თსუ-ს აკლდა ტრავმირებული გიორგი ცინცაძე და მეორე პერიოდში ლიდერი ალექსანდრე ფევაძეც გამოაკლდა. ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ეფექტური გდების შემდეგ, ჰაერში წონასწორობა დაკარგა და უხერხულად დაეცა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ტვინის შერყევა დაუდგინდა და გამოკვლევებისთვის სამკურნალო დაწესებულებაში დატოვეს.
ფევაძის ტრავმის შემდეგ თსუ უფრო კარგად ათამაშდა და პირველი ნახევრის შემდეგ 4 ქულას რომ იგებდა, მესამე პერიოდი 32:14 მოიგო და მატჩის ბედი ნაადრევად გადაწყვიტა. თსუ-მ საბოლოოდ 93:69 (სტატისტიკა) იმარჯვა და როგორც გითხარით, მესამე ადგილზე გასვლის კარგი შანსი აქვს.
აქამდე სტატიაში ხსენებულ 6 გუნდს (ქუთაისი, ვსა, ივერიონი, თსუ, მარგვეთი, გურჯაანი) ემატება 2 (ბათუმი, რაში) და საპლეიოფო რვეულიც შევსებულია. უბრალოდ, ადგილები საბოლოოდ როგორ გადანაწილდება, ბოლო ტურის შედეგები განსაზღვრავს.
რაც შეეხება დანარჩენ გუნდებს – კავკასია, ორბი და ამრა, ცნობილია, რომ კავკასია ბოლოზე ვერ გავა და ვერც ამრა დაიკავებს მე-9 ადგილს. შესაბამისად, ამრა ან პირდაპირ დაქვეითდება “ა” ლიგაში, ან სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად გადათამაშებაში მონაწილეობა მოუწევს. აი, ორბს კი სამივე შესაძლო ადგილის (XIX, X, XI) დაკავება შეუძლია. ორბმა თუ მოიგო (ბათუმში თამაშობს), ამრა კსუ-სთან ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ბოლო ადგილზე გავა. ამრას გადარჩენის ერთადერთი გზა ორბის ბათუმში დამარცხებაა და თუ ასე მოხდა, გაგრის გუნდს კსუ-ს დამარცხება მართებს, გადათამაშებაში მონაწილეობის უფლება რომ მიიღოს.
ამ 2 მატჩით (ამრა – კსუ და ბათუმი – ორბი) რეგულარული ჩემპიონატი სრულდება და მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ორივე ერთდროულად (13 აპრილს, 14:30-ზე) დაიწყება.
gbf.ge
What's Your Reaction?






