„ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ოცნება ავისრულო“ – ნიკოლოზ კახელიშვილი
ლევან ჯავახიშვილი ნიკოლოზ კახელიშვილი ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი თუ არა, დიდად იმედისმომცემი ახალგაზრდა ფეხბურთელია. კაცმა არ იცის, იქნებ ვარსკვლავადაც იქცეს, 17 წლისას, ისრაელის „მაკაბი ნეთანიას“ U19 გუნდის ნახევარმცველს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს. „ალია“ ნიკოლოზ კახელიშვილს ისრაელში დაუკავშირდა. -ნიკოლოზ, როდის წახვედი ისრაელში სათამაშოდ? -2023 წელს წამოვედი ისრაელში,15 წლისა ვიყავი. ჩამოვედი და ერთ კვირაში […] The post „ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ოცნება ავისრულო“ – ნიკოლოზ კახელიშვილი appeared first on .

ლევან ჯავახიშვილი
ნიკოლოზ კახელიშვილი ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი თუ არა, დიდად იმედისმომცემი ახალგაზრდა ფეხბურთელია. კაცმა არ იცის, იქნებ ვარსკვლავადაც იქცეს, 17 წლისას, ისრაელის „მაკაბი ნეთანიას“ U19 გუნდის ნახევარმცველს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს. „ალია“ ნიკოლოზ კახელიშვილს ისრაელში დაუკავშირდა.
-ნიკოლოზ, როდის წახვედი ისრაელში სათამაშოდ?
-2023 წელს წამოვედი ისრაელში,15 წლისა ვიყავი. ჩამოვედი და ერთ კვირაში გუნდში მივედი, „მაკაბი პეტახ ტიკვაში“. უმაღლესი ლიგის გუნდია და ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი, 15 წლამდელებში. 3 თვე მომიწია აქ თამაში და მერე გამოჩნდა სხვა გუნდი, რომელიც ჩემით დაინტერესდა-„ მაკაბი შუამი“. ეს გუნდი მეორე ლიგაში თამაშობდა, მაგრამ მეტი სათამაშო დრო მეძლეოდა. აქ მოვიგე ისრაელის თასი 15 წლამდელებში. 9 თვე დავრჩი „ მაკაბი შუამიში“. ამის მერე უკვე „მაკაბი ნეთანიაში“ გადავედი, სადაც ახლა ვთამაშობ.ეს გუნდი უმაღლეს ლიგაშია. ამ დროს უკვე 17 წლისა ვიყავი. ცოტა გვიან მივედი ნეთანიას კლუბში, სატრანსფერო სეზონი დახურული იყო და იანვრამდე ვერ მოვახერხე გუნდის იფიციალურ წევრად გახდომა. თუმცა, ოქტომბრიდან იანვრამდე გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი და ზამთრის სატრანსფერო სეზონზე გამიფორმა გუნდმა ერთწლიანი კონტრაქტი. ახლა კლუბის სრულუფლებიანი წევრი ვარ. მთავარ გუნდთან თვეში რვაჯერ ვვარჯიშობ, 17 წლის ვარ, მაგრამ 19 წლიანებში ვთამაშობ. ჩემი ფიზიკური კონდიციებიც მაძლევს უფროსებში თამაშის საშუალერებას-სიმაღლით 1.84 სანტიმეტრი ვარ, ფიზიკურად საკმაოდ კარგად ვარ მომზადებული და ჩემზე 1 და 2 წლით უფროს მეტოქეებთან არ მიჭირს თამაში. ცხადია, არც თანაგუნდელებთან კონკურენცია. ძალიან კარგი მწვრთნელი მყავს, ალექსანდრე ფელდმანი, ბევრი ვისწავლე მისგან.“მაკაბი ნეთანიაში“ ვისწავლე ის, რაც არ ვიცოდი სრულყოფილად-ტაქტიკური თამაში, ფეხბურთის ღრმად შეცნობა აქ დავიწეყე, გავერკვიე ტაქტიკურ სქემებში, რომლებიც უამრავ წვრილმანს მოიცავს და ასე ვიტყოდი, ჩემი პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბების პროცესი აქ დაიწყო, პროფესინალურად აზროვნება, რაც პირველ რიგში რეჟიმის დაცვასა და დისციპლინაში გამოიხატება. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი.
-სიმაღლე გარკჯვეულ უპირატესობას მოგცემს მეტოქეებთან ბრძოლაში.
-კი, საჰაერო ორთაბრძოლებისას ბურთის მოპოვებისას ხშირად მადგება, რომ საკმაოდ მაღალი ვარ, ასევე, შეტევებისას თავით კარგად გამომდის თამაში. სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი თუ არ ხარ, დიდ ფეხბურთელობაზე არც უნდა იოცნებო. სიმაღლე ფიზიკური ჭიდილისას ძალიან მეხმარება.
-შენი ძირითადი პოზიცია რა არის?
-შემიძლია ვითამაშო საყრდენის და გამთამაშებლის პოზიციებზე, თუმცა, უმეტესად მათ შუაში მიწევს თამაში, 8 ნომრად, ეს არის ჩემი ძირითადი პოზიცია. მოედნის ცენტრში თითქმის ყველგან შემიძლია თამაში. ასევე, კარგად ვთამაშობ დაცვის ცენტრში და დაცვის მარცხენა ფლანგზე. შემიძლია ფლეიმეიქერად, 10 ნომრად ვითამაშო. ყველა ამ პოზიციაზე მითამაშია სხვა და სხვა გუნდში და მწვრთნელებისგან შექების მეტი არაფერი დამიმსახურებია.
-შეიძლება ითქვას, უნივერსალური ფეხბურთელი ხარ, რამდენიმე პოზიციაზე თანაბრად მოთამაშე.
-მოდი, ეგ სხვამ გადაწყვიტოს, ფეხბურთში ღრმად ჩახედულმა, კომპეტენტურმა ადამიანებმა. საქართველოში მათი ნაკლებობა ნამდვილად არ არის. საკუთარი თავის ქებას ვერ დავიწყებ, მე რაც შემიძლია, მხოლოდ ის ვთქვი.
-კარგია, ფიზიკურად მომზადებული რომ ხარ, მაგრამ ვიცი, რომ ტექნიკური ფეხბურთი გიყვარს.
-კი, ტექნიკური ფეხბურთი ძალიან მიყვარს. როგორც დღეს ეძახიან, „ქუჩის ფეხბურთის“ ელემენტები დღემდე შემომრჩა და რა თქმა უნდა, კარგად ვიყენებ. ტექნიკა რომ არ მქონდეს, ამდენს ვერ მივაღწევდი. ორივე ფეხს თანაბრად ვხმარობ. ბურთს მარცხენა ფეხით ვიღებ და ორივე ფეხით ვატარებ, უფრო მარჯვენათი ვურტყამ. ეს ჩემს მოწინააღდეგეებს აბნევს, ყველა ფიქრობს, რადგან მარცხენათი მიაქვს ბურთი, ეგრე გააგრძელებსო.ამ დროს მათთვის მოულოდნელად მარჯვენა ფეხზე გადმომაქვს ბურთი და მეტოქე დაბნეული და ორიენტაცია დაკარგულია, ჩამოცილებული მყავს. ამდენი ხანია „მაკაბი ნეთანიაში“ ვარ და ჩემმა თანაგუნდელებმაც ვერ აუღეს ალღო ჩემს თამაშს. აქვე ვიტყვი, რომ მოკლე, გრძელი თუ საშუალო პასები კარგი, ზუსტი მაქვს. დღეს პასი თუ არ გივარგა, ფეხბურთს ვერ ითამაშებ და ჩემს პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელს განსაკუთრებით მოეთხოვება პასის სიზუსტე.
-„მაკაბი ნეთანიადან“ საითკენ გიწევს გული? ისევ ისრაელში და უკეთეს გუნდში თუ სხვა, უფრო დიდი საფეხბურთო ქვეყნისკენ?
-17 წლის ვარ და კიდევ 2 წელი შემიძლია ვითამაში U19-ში. მინდა, რომ მიმიმუმ ერთი და შეიძლება ორი წელიც აქ დავრჩე და მერე უმაღლეს ლიგაში ვითამაშო. „მაკაბი ნეთანია“ იქნება ეს თუ სხვა გუნდი, მერე გამოჩნდება. უფრო ვფიქრობ, ერთი წელიც საკმარისი იქნება U19-ში დავრჩე და მერე მზად ვიქნები უმაღლესი ლიგისთვის. 18-19 წლისა უკვე სერიოზულად ვიფიქრებ დიდი საფეხბურთო ქვეყნების გუნდებში გადასვლაზე. ესპანეთსა და იტალიას ვანიჭებ უპირატესობას. ესპანეთში, ბარსელონაში ვიყავი ტურნირზე, სადაც იტალიის „იუვენტუსის“, „ჯენოას“ და „სეველიას“ ბავშვთა აკადემიები მონაწილეობდნენ, U15 ტურნირი იყო.მაშინ „მაკაბი შუამში“ ვთამაშობდი. ჯგუფიდან გავედით, სადაც „ჯენოას“ გავუტანე გოლი და ნახევარფინალში წავაგეთ „იუვენტუსის“ აკადემიასთან-0-2, რომელიც ტურნირის ჩემპიონი გახდა. ამ მატჩში საყრდენად დავიწყე თამაში, მერე კაცი დაგვემტვრა და დაცვაში ჩავედი. ორივე პოზიციაზე კარგად ვითამაშე, რადგან მთელი სამწვრთნელო შტაბის შექება დავიმსახურე.
-შენი საყვარელი ფეხბურთელი და გუნდიც მითხარი…
-„ბარსელონა“ და სერხიო ბუსკეტსი, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე. ძალიან ტექნიკური ფეხბურთელი იყო, დიდი სიამოვნება იყო მისი თამაშის ყურება.
-ყველა ფეხბურთელის ოცნება ეროცნულ ნაკრებში თამაშია და არც შენ იქნები გამონაკლისი?
-ჯერ ასაკობრივში და მერე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშია, ჩემი ცხოვრების ოცნება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ოცნება ავისრულო. ეს მარტო ოცნება არ არის-ჩემი მიზანია.
-საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ხომ არ დაგკავშირებიან?
-კი, დამიკავშირდნენ, იყო ლაპარაკი U19 ნაკრებში გამოძახებაზე. კიდევ გრძელდება ეს ლაპარაკი, ვიცი, სისტემატიურად მაკვირდებიან. დარწმუნებული ვარ, თუ დავიმსახურე, არ დამიკარგავენ და ამ ეტაპზე მომცემენ ასაკობრივ ნაკრებში თამაშის საშუალებას. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.
-მოდი, ბოლოს ისიც მითხარი, როგორი საფეხბურთო გზა გქონდა ისრაელში წასვლამდე?
-თავდაპირველად ვარჯიში დავიწყე 5 წლისამ, გუნდ „ჩემპიონში“, ირაკლი ჯამასპიშვილი და ნიკა მოდებაძე იყვნენ ჩემი მწვრთნელები. მერე, მიზეზთა გამო, იქიდან წამოვედი 8 წლისა, მაგრამ სულ ვვარჯიშობდი. წყნეთში, სადაც ვცხოვრობ, იყო საფეხბურთო სკოლა, მინი-ფეხბურთის მოედანზე ვვარჯიშობდი, უბნის გუნდი იყო, ფაქტიურად. ასე გაგრძელდა 12 წლამდე. მერე მივედი „ვიტ ჯორჯიაში“, სადაც ზაზა დიდებაშვილი იყო ჩემი მწვრთნელი. ზაზა მასწავლებელმა გამაგებინა, რა იყო ნამდვილი ფეხბურთი. დიდ მინდორზე ფეხბურთის თამაში მან მასწავლა. მამასავით მედგა გვერდში, საკუთარი მანქანით დავყავდი თამაშებზე და მცხეთაში, სადაც „ვიტ-ჯორჯიას“ ბაზაა. რაც ზაზა დიდებაშვილმა მომცა, ის საფუძველი რომ არ მქონოდა, მე ისრაელში ვერ „გავქაჩავდი“. საფუძველი კი მყარი მომცა, იმიტომ არ გამიჭირდა ისრაელში ფეხის მოკიდება. საქართველოში როდესაც ჩამოვდივარ, ზაზა მასწავლებელთან მივდივარ და მავარჯიშებს. აქედანაც დამირეკავს და რჩევა მიკითხავს. მარტო მე არ მექცეოდა ასე ზაზა დიდებაშვილი, ბევრს დაუდგა გვერდში და დააყენა გზაზე. იმდენი სიკეთე მახსოვს მისგან, არ მომბეზრდება მასზე ლაპარაკი.
-კიდევ ვის მიუძღვის შენს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში წვილი?
– ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში ყველაზე მეტი წვილი ბებიაჩემს, ირმა აბულაძეს მოუძღვის. მშობლები მყავს, მაგრამ მაინც ასე ვიტყვი: ირმა ბებიაა ჩემთვის დედაც, მამაც და ყველაფერი. ყოველთვის გვერდში მედგა და მისი თავდადება რომ არა, ვერც ფეხბურთს ვითამაშებდი.
The post „ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ოცნება ავისრულო“ – ნიკოლოზ კახელიშვილი appeared first on .
What's Your Reaction?






