შსს საზღვარზე ჩარჩენილ უკრაინელებზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს სასაზღვრო პუნქტ „დარიალზე“ ჩარჩენილ უკრაინელებთან დაკავშირებით. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ რუსეთის ფედერაციიდან მომავალი პირების შესახებ, რომლებიც ითხოვენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით და აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები. აღნიშნულ პირთა უმრავლესობას აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან არაერთგზის – მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე […]


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს სასაზღვრო პუნქტ „დარიალზე“ ჩარჩენილ უკრაინელებთან დაკავშირებით.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ რუსეთის ფედერაციიდან მომავალი პირების შესახებ, რომლებიც ითხოვენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით და აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები. აღნიშნულ პირთა უმრავლესობას აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან არაერთგზის – მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, რაც დასტურდება მათ მიერ წარმოდგენილი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების ცნობით. ამასთან, ისინი თავადვე აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიდნენ სასჯელს ჩადენილი დანაშაულისთვის. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა არ მიეცათ“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შსს არაფერს ამბობს იმაზე, რომ დარიალზე ჩარჩენილი უკრაინელები რუსეთის ფედერაციიდან „მომავალი“ კი არა, დეპორტირებულები არიან და სამშობლოში მათი დაბრუნების გაჭიანურებაზე პასუხისმგებლობას კიევს აკისრებს.
„ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება მათ სამშობლოში. ჩვენ მიერ შეთავაზებული იყო როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით მოცემულ პირთა სამშობლოში დაბრუნების ვერსიები. საზღვაო გზით დაბრუნებაზე უკრაინული მხარე ჯერჯერობით თავს იკავებს და ამ დრომდე მათი გაყვანის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. თუმცა, ამ პირთა სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების მექანიზმზე შეჯერებასთან, მათ შორის მათი საჰაერო გზით გადაყვანასთან დაკავშირებით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ერთობლივი კონსულტაციები. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინული მხარე დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყება ხაზს უსვამს, რომ ბოლო პერიოდში სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ „დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ფედერაციიდან მომავალი პირები ითხოვენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით და აცხადებენ რომ არიან უკრაინის მოქალაქეები“. ამჟამად 80-მდე ასეთი პირი იმყოფება საქართველოს საზღვარზე, რომელთა დიდი ნაწილი, შსს-ს ცნობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, დაიცვას უსაფრთხოება და მართლწესრიგი, არ დაუშვას ქვეყანაში ისეთი პირები, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნან მოსახლეობის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს. ყველა სახელმწიფო უწყება, კომპეტენციის ფარგლებში, იღებს საჭირო ზომებს, რათა დროულად მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების საკუთარ სამშობლოში დაბრუნება და დაცული იქნას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოება“, — ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ქართულ გამშვებ პუნქტ „დარიალსა” და რუსულ გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსს” შორის ათობით უკრაინელი გაუსაძლის პირობებში იმყოფება. ისინი რუსეთმა ჯერ დაადეპორტა, შემდეგ კი საქართველოს საზღვართან მიიყვანა და იქ დატოვა.
მათ არ აქვთ უფლება რუსეთში დაბრუნდნენ. თუმცა არც სხვაგან აქვთ წასასვლელი. ერთადერთი გზა მათი სამშობლოში დაბრუნებაა. თუმცა, ტექნიკურად, არც ამის მოხერხებაა მარტივი საქმე.
BBC-ს ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვის წინ, ივნისში, 30 მათგანი, რომლებსაც ჰქონდათ უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთები, ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში წაიყვანეს და მოლდოვაში გაუშვეს. კიშინიოვში ჩასულები ავტობუსით გაუშვეს ოდესისკენ. ეს ყველაფერი უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს შორის კომუნიკაციით მოხერხდა და იგეგმებოდა, ასე დაებრუნებინათ სამშობლოში სხვებიც.
როგორც BBC-ს ჟურნალისტს ამ დრომდე ლარსზე მყოფი უკრაინელები უყვებიან, მეორე ნაკადში სამი უკრაინელის გაყვანა იგეგმებოდა. თუმცა გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ქართველმა სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ მოლდოვა მათ მიღებაზე უარს ამბობდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს. კიევი რუსეთს სთავაზობს, მათი მოქალაქეები პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გადაიყვანოს
„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ქართულ და მოლდოვურ მხარეებთან, რათა ჩვენი დანარჩენი მოქალაქეები უკრაინაში დაბრუნდნენ. ამავდროულად, არ არსებობს გარანტია, რომ რუსეთი არ გაზრდის დეპორტირებულთა რაოდენობას. შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ საჯაროდ ვთავაზობთ რუსეთს, რომ უკრაინის მოქალაქეები პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გადაიყვანოს. ჩვენ მზად ვართ, ისინი იქ მივიღოთ. საზღვრის შესაბამისი მონაკვეთები არსებობს, სადაც ამის გაკეთება შესაძლებელია. ჩვენ ამ წინადადებას პირდაპირ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, ოფიციალური არხებით ვავრცელებთ“, – განაცხადა ანდრეი სიბიჰამ.
What's Your Reaction?






