ჰიუნდაი 16-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონია!

დღეს, თბილისი არენაზე საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გამოვლინდა. A ლიგა მოიგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა...

ივნ. 25, 2025 - 14:27
 0
ჰიუნდაი 16-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონია!
დღეს, თბილისი არენაზე საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გამოვლინდა. A ლიგა მოიგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა ირაკლი ჩერქეზიშვილისა და ვატო თევზაძის გაწვრთნილი “ჰიუნდაი”, რომელმაც ფინალურ სერიაში აჭარის ნაკრები დაამარცხა.

ჰიუნდაელებმა სერიის პირველი შეხვედრა ბათუმში, 2 დღის წინ 73:47 მოიგეს, რის შემდეგაც დიდად მოსალოდნელი იყო, რომ დღეს, სერიის მეორე მატჩის შემდეგ ჩემპიონი გამოვლინდებოდა. ასეც მოხდა – ჰიუნდაიმ მეორე მატჩიც დამაჯერებლად – 77:57 (სტატისტიკა) მოუგო აჭარის ნაკრებს და ჩემპიონი გახდა.

გამარჯვებულთაგან 18 ქულით, 7 მოხსნით, 4 ჩაჭრით და 3 პასით დავით ფარჯიანი გამოირჩა. 19 ქულა, 8 პასი და 7 მოხსნა ჰქონდა საბა პატაშურს. 11 ქულა და 6-6 მოხსნა-პასი თორნიკე ხონელიძის ანგარიშზეა. ბათუმელთაგან 20 ქულით და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ჯუმბერ თავდგირიძე.

მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. სუპერლიგის და ასაკობრივი ლიგების დირექტორმა, გიორგი ჯაფარიძემ ვერცხლის მედლებით აჭარის ნაკრების წევრები, ხოლო ოქროთი ჰიუნდაელები დააჯილდოვა. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ჰიუნდაის კაპიტანი, საბა პატაშური დასახელდა, რომელმაც MVP-ის პრიზის შემდეგ საჩემპიონო თასიც ჩაიბარა და ფეიერვერკის თანხლებით, თანაგუნდელებთან ერთად აღმართა.

შეგახსენებთ, რომ 16-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი 21 ივნისს გამოვლინდა, რომელიც ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი გახდა. ზფა-მ ბრინჯაოს მატჩში აკადემია დაამარცხა.

GBF.GE

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow