“ფარჩაკს სიხარბე დაღუპავსო”, იტყოდნენ ხოლმე საბჭოურ-რუსული კრიმინალური დრამების გმირები. ტრამპმა პუტინს რამდენჯერმე უაღრესად ხელსაყრელი შეთანხმება შესთავაზა: შენ ოღონდ ცეცხლი შეწყვიტე, და მე ყირიმს გიღიარებ, სანქციებს მოგიხსნი, და შენი ბუნებრივი რესურსების ათვისებაში ინვესტიციებსაც ჩავდებო. ანუ, რუსეთს ცეცხლი (დროებით) უნდა შეეწყვიტა, და ყოველგვარი სხვა ვალდებულებების გარეშე შეეძლო დალოდებოდა ტრამპის ვადის დასრულებას, და მომზადებულიყო შემდგომი მოქმედებებისთვის. ამასობაში, მასზე დაწესებული სასანქციო რეჟიმი ჩამოინგრეოდა, და
ყირიმის აღიარების ამერიკულ მაგალითს სხვა სახელმწიფოებიც მიბაძავდნენ. პუტინმა ეს ვარიანტი არა თუ უარყო, ტრამპს იქით დამატებითი პირობები წაუყენა. ყირიმთან ერთად ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიისა და ხერსონის ოლქების აღიარება, მათი ტერიტორიიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანა, უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების შეწყვეტა, და უკრაინის კონსტიტუციაში “ნეიტრალიტეტის” ვალდებულების შეტანა. ესეც არ აკმარა, და ტრამპი რამდენჯერმე საჯაროდ დაამცირა. ჯერ უკრების უმაღლესი დონის დელეგაციასთან სასაუბროდ სტამბულში, სადაც ჩასვლას თავად ტრამპიც განიხილავდა, თავისი … მრჩეველი გააგზავნა. მერე რომელიღაც ფორუმზე სტუმრებს უთხრა, მალე ტრამპთან სატელეფონო საუბარი მაქვს, მაგრამ არა უშავს, ცოტას თუ დამელოდება, არაფერი მოუვაო და ასეთები.