“არც გიგანტური ხეების აქეთ-იქით თრევა იყო შემთხვევითი და არც ის, ტყეს ბადე რომ გადააფარა” – სალომე სიმონია

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია: არც გიგანტური ხეების აქეთ-იქით თრევა იყო შემთხვევითი და არც ის, ხოხობის გამრავლების მომიზეზებით ტყეს ბადე რომ გადააფარა. არც მისი ზებრების და ზვიგენებისადმი განსაკუთრებული ვნება გახლავთ ცხოველებისადმი სიყვარულის ან ეგზოტიკურობის გამოვლინება. არც ის, რაჭის ტყეები, 105 000 ჰექტარი, საოკუპაციო ზოლიანად, რუს ოლიგარქს რომ გადასცა 49 წლით – მალულად, კანონდარღვევით და გაურკვეველი მიზნებისთვის. […]

მაი. 23, 2025 - 01:57
 0
“არც გიგანტური ხეების აქეთ-იქით თრევა იყო შემთხვევითი და არც ის, ტყეს ბადე რომ გადააფარა” – სალომე სიმონია

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:

არც გიგანტური ხეების აქეთ-იქით თრევა იყო შემთხვევითი და არც ის, ხოხობის გამრავლების მომიზეზებით ტყეს ბადე რომ გადააფარა.
არც მისი ზებრების და ზვიგენებისადმი განსაკუთრებული ვნება გახლავთ ცხოველებისადმი სიყვარულის ან ეგზოტიკურობის გამოვლინება.
არც ის, რაჭის ტყეები, 105 000 ჰექტარი, საოკუპაციო ზოლიანად, რუს ოლიგარქს რომ გადასცა 49 წლით – მალულად, კანონდარღვევით და გაურკვეველი მიზნებისთვის.
არც 217 ახალი ჰესის დაანონსებაა რამე შემთხვევითობა. მდინარეების მილში მოქცევა, მიწების შლამით და წყლით დაფარვა, სოფლების აყრა, დაშლა და გაუდაბურება.
არც მისი ხელის ბიჭების, კაცად რომ იწოდებიან, მაგრამ ქალებს უჩივიან: ლოყა გაგვიწითლა, შეურაცხყოფა მოგვაყენაო – ჩივილი, მოთქმა, გოდება.
ესეც ლოგიკურია – გაუნათლებელი პრეზიდენტი რომ თავზე დაგვასვა, რომელსაც პენსიონერზე 40-ჯერ მეტი ხელფასი აქვს და 700 000 ღატაკის ფონზე 17 მილიონერია პარლამენტში.
პოლიტიკოსების ციხეში ჩასმაც, მისი სადისტური მიდრეკილებების ერთ-ერთი გამოვლინებაა. უთქვამს: ჭკვიანი კაცი თავს არ დააჭერინებსო. ეს ჰგონია გონიერება და კიდევ, მილიარდის მილიარდზე მიმატება, ქორ-ვაჭრობა და მომხვეჭელობა.
ყველა დაპირება კარგად მოფიქრებული ტყუილი იყო: უფასო ფული, იაფი სესხი, სოფლების აყვავება, ხვნა, თესვა, მკა, მაღაროელებისთვის საუკეთესო პირობები, ემიგრანტების დაბრუნება, 100 ქარხანა და სხვა.
არც ბოლო აქციებისას, 300-მდე ადამიანისთვის მიზანმიმართულად სახის ძვლების ჩალეწვა, ცემა, კაცებისთვის გაუპატიურების მუქარა ყოფილა შემთხვევითი.
მე-13 წელია საქართველოს იდეას ებრძვის და ანადგურებს უცნაური მიდრეკილებების მქონე, განდიდების მანიით შეპყრობილი; ქურდობით, მოტყუებით, სხვისი უბედურების ხარჯზე რუსეთში გამდიდრებული კაცი.
ებრძვის მიწებს, ტყეებს, მდინარეებს, კანიონებს, მშრომელებს, მოხუცებს, ბავშვებს, კულტურას, ისტორიას, ეკლესიებს, იდეას, სულისკვეთებასა და ერთობას – ყველაფერ იმას, რასაც საქართველო ჰქვია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow