აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI Act მიიღო
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და მხარდაჭერა გამოუცხადა ორპარტიულ კანონპროექტს – MEGOBARI Act-ს. რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც ქართველი ხალხის მხარდაჭერასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ადასტურებს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო. კენჭისყრამდე, კომიტეტზე კანონმდებლებმა MEGOBARI Act განიხილეს და მასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარადგინეს – 4 კანონმდებელი კანონპროექტს მხარს უჭერდა, 1 კი […]


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და მხარდაჭერა გამოუცხადა ორპარტიულ კანონპროექტს – MEGOBARI Act-ს.
რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც ქართველი ხალხის მხარდაჭერასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ადასტურებს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო.
კენჭისყრამდე, კომიტეტზე კანონმდებლებმა MEGOBARI Act განიხილეს და მასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარადგინეს – 4 კანონმდებელი კანონპროექტს მხარს უჭერდა, 1 კი – ეწინააღმდეგებოდა.
რა თქვეს კანონმდებლებმა წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტის განხილვის დროს – იხილეთ სრულად
***
2025 წლის 27 მარტს MEGOBARI Act აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო.
MEGOBARI Act პირდაპირ მიმართულია საქართველოს მოსახლეობის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისკენ და პასუხობს იმ მზარდ შეშფოთებას, რომელიც უკავშირდება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას და რუსეთის გავლენების გაძლიერებას.
დოკუმენტი მოიცავს მოთხოვნას, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ შეაფასოს ქართული დემოკრატიის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში შეადგინოს სანქცირების გეგმა მმართველი ელიტისა და მათი უცხოელი კავშირების მიმართ.
10 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ორპარტიული MEGOBARI Act [S.868] რამდენიმე პუნქტს მოიცავს:
· აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრულ გადახედვას, დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით;
· ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას კონსტიტუციით განმტკიცებული ვალდებულების – ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ;
· აშშ-ის პრეზიდენტისთვის მოთხოვნას, დაუწესოს სანქციები ქართული ოცნების ჩინოვნიკებსა და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩასაშლელად, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართული არიან სხვა კორუფციულ ქმედებებში, საქართველოში სტაბილურობის საზიანოდ;
· ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როდესაც საქართველო შესაბამისობაში იქნება საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებთან;
· მხარდაჭერის გამოხატვას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის განგრძობადი და უკანონო ოკუპაციის პირობებში;
· მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა, რომელიც იცავდა ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ბოროტად გამოყენებისგან.
თავდაპირველად, MEGOBARI Act ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში 2024 წლის მაისში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, ჯო უილსონმა შემოიღო.
What's Your Reaction?






