ევროკომისარი საქართველოსთან DCFTA-ის გადახედვას არ გამორიცხავს – არ გამორიცხავს არც კონტაქტების აღდგენას „ოცნებასთან“
„ვერ მივიღებ, რომ საქართველო დავკარგოთ“, – აცხადებს რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გაფართოების ევროკომისარი მარტა კოსი. მისი თქმით, ბრიუსელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხო ზომებად განიხილავს კანდიდატის სტატუსის გაყინვას და სავაჭრო შეთანხმების (DCFTA-ის) გადახედვას, თუმცა „ფრთხილობს“. ამავე დროს, ევროკომისარი მარტა კოსი არ გამორიცხავს საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან უმაღლესი რანგის კონტაქტების აღდგენას, – რაც 2024 წლიდან შეჩერებულია. ევროკომისარი […]


„ვერ მივიღებ, რომ საქართველო დავკარგოთ“, – აცხადებს რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გაფართოების ევროკომისარი მარტა კოსი. მისი თქმით, ბრიუსელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხო ზომებად განიხილავს კანდიდატის სტატუსის გაყინვას და სავაჭრო შეთანხმების (DCFTA-ის) გადახედვას, თუმცა „ფრთხილობს“.
ამავე დროს, ევროკომისარი მარტა კოსი არ გამორიცხავს საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან უმაღლესი რანგის კონტაქტების აღდგენას, – რაც 2024 წლიდან შეჩერებულია.
ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი ორშაბათს, 28 აპრილს პრაღაში რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების სათავო ოფისს სტუმრობდა. მან ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების რედაქტორს, რიკარდ იოზვიაკს.
ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველოში დემოკრატიულ უკუსვაზე პასუხად უკვე მიღებული ზომების გარდა, კიდევ რას განიხილავს ბრიუსელი, მარტა კოსმა განაცხადა, რომ „ბევრი შესაძლებლობა არსებობს“, თუმცა ამ ვითარებაში „ძალიან ვფრთხილობთ“.
„შეიძლება, ვთქვათ, უკან წავიღოთ ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ დავაზიანებთ მოსახლეობის უმრავლესობას. შემდეგ, გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). შეიძლება, ამ შეთანხმებას გადავხედოთ. შემდეგ, საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, შეიძლება ეს გავყინოთ, ისეთი ჩიხი შევქმნათ, როგორიც თურქეთთან. ეს არის შესაძლებლობები“.
„მე არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს. [ქართველი] ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული. ამაზე კვლავ ვიმუშავებთ. ვერ მივიღებ, რომ შეიძლება დავკარგეთ საქართველო, თუნდაც მთავრობა ერთიმეორის მიყოლებით იღებდეს კანონებს, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, – თქვა მარტა კოსმა.
ევროკომისრის განცხადებით, ბრიუსელმა სცადა სანქციების დაწესება:
„ვცადეთ, დაგვეწესებინა სანქციები, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ყოფილა, წევრ ქვეყნებს შორის არ არის ერთსულოვნება. დიახ, ჩვენ ვცადეთ ეს [და არ გამოგვივიდა], მაგრამ არიან ცალკეული წევრი ქვეყნები, რომელთაც შემოიღეს ინდივიდუალური სანქციები“.
სანქციები დაწესებული აქვთ ბალტიის ქვეყნებს – ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს, – ასევე, პოლონეთს, ჩეხეთსა და გერმანიას. ევროკავშირს გარეთ ფინანსური სანქციები დააწესეს გაერთიანებულმა სამეფომ და შეერთბულმა შტატებმა.
ამის შემდეგ, კითხვაზე, „განიხილავთ თუ არა თბილისში მთავრობასთან საუბრის ხელახლა დაწყებას, მაღალი რანგის კონტაქტების აღდგენას გარკვეულ ეტაპზე“, ევროკომოსარმა კოსმა უპასუხა:
„ვფიქრობ, ყველაზე მარტივი გზაა, არ ვესაუბროთ, მაგრამ რომ ესაუბროთ, უნდა იცოდეთ, რისი შეთვაზება შეგიძლიათ და მეორე მხარე რაზეა წამსვლელი. ასე რომ, ახლა იმის განხილვაში ვართ, როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ, ეს დიალოგი ვაწარმოოთ იმ აზრით, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ“.
„გამოდის, რომ ეს ნიშნავს მათთან საუბარს, შესაძლოა, სამომავლოდ? ასე უნდა გავიგო“? – ჟურნალისტის ამ შეკითხვაზე მარტა კოსმა უპასუხა:
„დიახ. როგორც ვთქვი, ყველაზე მარტივია, არ ესაუბრო. მაგრამ ჩვენ ვესაუბრებით მსოფლიოში ბევრ სხვა ქვეყანას, რომელთაც არ გააჩნიათ კანდიდატის სტატუსი. საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. თურქეთის კანდიდატობა ჩიხშია, 2019 წლიდან მათთან არ გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ სულ ახლახანს დავიწყეთ დიალოგი უმაღლეს დონეზე. გვქონდა ერთი [დიალოგი] ეკონომიკაზე, ახლა ვიწყებთ მეორე [დიალოგს] მიგრაციაზე და ვნახავთ, [სავაჭრო ხელშეკრულების, ევროკავშირი-თურქეთის] საბაჟო კავშირის მოდერნიზების პროცესში შევალთ თუ არა. იცით, ბიზნეს საზოგადოებასაც როგორღაც სურს ამის გაკეთება. ევროკავშირსა და თურქეთს შორის დაახლოებით 240 მილიარდი ევროს მიმოცვლა გვქონდა და ეს საკმაოდ ბევრია“.
მორიგ დამაზუსტებელ კითხვაზე, „საქართველოშიც შესაძლოა რომ უმაღლესი რანგის დიალოგი რაიმე ფორმით განვითარდეს მომავალში“, მან განაცხადა:
„ვფიქრობ, უნდა ვიფრთხილოთ, შესაძლოა, დასაწყისში უმაღლეს დონეზე არა, შესაძლოა, დაბალი რანგით დავიწყოთ მაგრამ შემდეგ ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ საკითხის განვითარება“.
2023 წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი გახდა.
ერთი წლის შემდეგ, ევროკავშირთან მისი დაახლოება შეჩერდა დემოკრატიული უკუსვლისა და ანტიდასავლური განცხადებების ფონზე.
„ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ ჰყავდეს ქვეყანა, რომელსაც მან კანდიდატის სტატუსი ერთი წლის წინ მიანიჭა, ერთ წელიწადში იქცეს ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად. ევროკავშირი უნდა აღიჭურვოს თავისი საშუალებებით, რათა გადაწყვეტილება მიიღოს, რათა ჰქონდეს თანმიმდევრული პოლიტიკა და შეძლოს ამის თქმა, რათა ის არ იყოს ერთი-ორი ქვეყნის ხელში, რომლებიც უკვე ტოტალიტარიზმის ამ გზაზე მოძრაობენ“, – განაცხადა მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 7 აპრილს პარიზში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიის ღონისძიებაზე.
ფორუმი
What's Your Reaction?






