"შეგიძლიათ დამცინოთ, მაგრამ მე ამის მართლა მჯერა" - პედი პიმბლეტი თოფურიას ნაკლს ამხელს

"შეგიძლიათ დამცინოთ, მაგრამ მე ამის მართლა მჯერა" - პედი პიმბლეტი თოფურიასთან ჩხუბზე

ივლ. 5, 2025 - 20:27
 0
"შეგიძლიათ დამცინოთ, მაგრამ მე ამის მართლა მჯერა" - პედი პიმბლეტი თოფურიას ნაკლს ამხელს

ინგლისელმა მებრძოლმა პედი პიმბლეტმა Sky Sports-თან მიცემულ ინტერვიუში თავისი შესაძლო დაპირისპირება ილია თოფურიასთან კიდევ ერთხელ გააცოცხლა. ბრიტანელი, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა თამამი განცხადებებით, დარწმუნებულია, რომ თოფურიას ფსიქოლოგიური ზეწოლით გადალახავს.

"ჩემს გვერდით ის ნერვიულობას იწყებს. როგორც იცით, ჩხუბში ემოციებს დიდი როლი აქვს. ვფიქრობ, თოფურიას კრიპტონიტი ვარ. შეგიძლიათ დამცინოთ, მაგრამ მე მართლა მჯერა, რომ მისი დაფინიშება შემიძლია" - აცხადებს პიმბლეტი.

პედი დარწმუნებულია, რომ თუ მას "მატადორის" პირველი რაუნდის შტურმი გადატანილი ექნება, ეს თოფურიას ფსიქიკაზე მძიმედ იმოქმედებს:

"ის გამოვა და შეეცდება, თავი მომაძროს, რასაც ვერ იზამს. ილიამ იმდენჯერ ისაუბრა პირველ რაუნდში დანოკაუტებაზე, რომ როდესაც პირველ რაუნდს გავუძლებ, ეს მის ფსიქიკაზე იმოქმედებს."

ინტერვიუში პიმბლეტი შეეხო სატიტულო შანსის თემასაც, სადაც მის კანდიდატურას არმან ცარუკიანს შეადარეს. მიუხედავად პირადი ამბიციებისა, პიმბლეტმა აღიარა, რომ ცარუკიანს ახლა მეტი საფუძველი აქვს ქამრისთვის ბრძოლის მოლოდინში:

"მართალი გითხრათ, ალბათ, არმან ცარუკიანი ყველაზე მეტად იმსახურებს სატიტულო ჩხუბს, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მან გაყოფილი გადაწყვეტილებით მოუგო ოლივეირას და საკმაოდ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ის ჩხუბი ჩარლზმა მოიგო."

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ცოტა ხნის წინ გახდა UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონი, როცა ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.

დაპირისპირების შემდეგ ოქტაგონზე "მიიწვია" პიმბლეტიც, და ორივეს შორის დაძაბული საუბარი შედგა. ეს ფაქტი დამატებით ანთებს ინტერესს მომავალი სავარაუდო ჩხუბის გარშემო.

ეს პიმბლეტის არც პირველი და არც ბოლო მსგავსი სტილის განცხადებაა და მიუხედავად იმისა, რომ მის სიტყვებს ექსპერტები და გულშემატკივრები კვლავ ირონიულად ეკიდებიან, თავად ბრიტანელი მებრძოლი მუდამ დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში და პროვოკაციული რიტორიკით ცდილობს ტიტულამდე გზის მოჭრას.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow