18-წლამდელებმა ექვსი ერის ფესტივალზე დასკვნითი მატჩი ირლანდიასთან დათმეს
18-წლამდელებმა ექვსი ერის ფესტივალზე დასკვნითი მატჩი ირლანდიასთან დათმეს

საფრანგეთის ქალაქ ვიშში გამართულ ფესტივალზე ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა სამი შეხვედრა გამართეს და ხარისხი თამაშიდან თამაშამდე უმჯობესდებოდა, მაგრამ ირლანდიამ ჩვენი შეცდომებით და მოლში მოპოვებული უპირატესობით ისარგებლა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენმა მორაგბეებმა ამ 9 დღის განმავლობაში უდიდესი გამოცდილება შეიძინეს, რაც მათ და ქართულ რაგბს მომავალში აუცილებლად წაადგება.
ისე, როგორც იტალიასთან (24:37) და უელსთან (10:17), ჩვენმა ბიჭებმა ირლანდიასთანაც ბოლომდე იბრძოლეს და ხელდახელ შეტევებით მეტოქეს არაერთი პრობლემა შეუქმნეს. ორი ლამაზი ლელო სწორედ ხელდახელ შეტევებს მოყვა, ერთხელ კი მიზანს მოლით ვუწიეთ, თუმცა ორჯერ მეტი შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ, რამაც საბოლოო შედეგი განაპირობა.
მატჩის დებიუტში ორჯერ დავჯარიმდით, რამაც ირლანდიელებს 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლის აგორების და ლელოთი დაწინაურების შესაძლებლობა მისცა. საწყისი წუთების შემდეგ ბურთზე კონტროლი დავამყარეთ, ახლა ირლანდია დაჯარიმდა, დასარტყმელი პოზიციიდან ოვალი დერეფანში გადავიტანეთ და ფორვარადებით შევუტიეთ, მაგრამ კონტაქტისას ბურთი დავკარგეთ.
მოედანზე კარგი სანახაობრივი თამაში გაჩაღდა და საქართველომ მეტოქის წნეხში მოქცევა მოახერხა. ხშირად ვიყენებდით ფრთებს, ივა კვირიაშვილს და დავით არობელიძეს ბურთი კარგად მიქონდათ და 23-ე წუთზე წინაც გავედით. გიორგი ხონელიძემ შეტევის მიმართულება შეცვალა, გიორგი გაბუნიას გადაცემის შემდეგ ხონელიძემ ზედ კიდის ხაზთან შესანიშნავად ითამაშა, ბურთი ცალი ხელით იოსებ ღვინჯილიას გადმოუგო და მანაც ალამთან ლელო აკრობატულ ნახტომში გაიტანა, ლუკა ჭაკუამ კი რთული პოზიციიდან გარდასახვა შეასრულა.
ამას მეტოქის გააქტიურება მოყვა და 27-ე წუთამდე თავს კარგად ვიცავდით, მერე კი ნიკოლოზ ჩხორთოლია სინბინით დაისაჯა და კაცნაკლული დავრჩით. ამით კარგად ისარგებლა ირლანდიამ და დაახლოებით 12-მეტრიანი მოლის შემდეგ 5-ქულიანი უპირატესობა დაიბრუნა. ტაიმის მიწურულს კაცნაკლულებმა ხელდახელ კიდევ ერთხელ შევუტიეთ და დაახლოებით 50 მეტრით წინ წავიწიეთ, ფაზებიც ავკინძეთ და ლელომდეც ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა, მაგრამ ბურთი წინ დაგვივარდა 7:12.
მეორე ტაიმიც საქართველოს შეტევებით დაიწყო, თუმცა ირლანდიამ თავი კარგად დაიცვა, ჩვენს ნახევარზე დაშვებული შეცდომის შემდეგ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და მესამე ლელო გაიტანა. პასუხად ორჯერ შევედით მათ 5-მეტრიანში და მოლით და ფორვარდებით ვცადეთ ლელოს გატანა, მაგრამ ორივეჯერ დავჯარიმდით. 53-ე წუთზე მეტოქემ კარის წინ მარტივად გაგვიჭრა ხაზი და 19 ქულით ჩამოვრჩით.
ამის მიუხედავად ჩვენი გუნდი არ გატყდა, ბოლომდე იბრძოლა, მეტოქის 22-ში დიდი დრო გაატარა და 63-ე წუთზე მოლის შემდეგ ლელო სანდრო გამყრელიძემ გაიტანა, ჭაკუამ კი გარდასახა. 66-ე წუთზე ირლანდიელთა 22-ში თამაში დათა ახვლედიანმა გაამწვავა, რასაც ფორვარდების მიძალებები მოყვა და ძელებს შუა ლელოშიც შევედით, მაგრამ დამიწება არ შედგა. 68-ე წუთზე მესამე ლელო მაინც გავიდა. მარცხენა ფრთაზე, ზედ კიდის ხაზთან ლუკა ტაბატაძე ორ მბოჭავს გასცდა და ლამაზი ლელო გაიტანა, ჭაკუამ კი ურთულესი პოზიციიდან გარდასახვა უნაკლოდ შეასრულა, რითაც სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა და ბოლო შეტევით თამაშის მოგების შანსი დაგვიტოვა. მაგრამ ჩვენი 22-დან დაწყებული ხელდახელ შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა, ირლანდიამ თავის დაცვა მოახერხა და 26:21 გაიმარჯვა.
18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი. III რაუნდი
18 აპრილი. ვიში (საფრანგეთი).
საქართველო - ირლანდია 21:26 (7:12)
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა (ფოთი), 14. დავით არობელიძე (არმია),13. დათა ახვლედიანი (ლელო, კაპ.), 12. გიორგი კეკელია (ლოკომოტივი), 11. ივა კვირიაშვილი (ლელო), 10. გიორგი გაბუნია (ლელო), 9. გიორგი ხონელიძე (ლელო);
შერკინება: 1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ლელო), 4. გიორგი არძენაძე (ბათუმი), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი),6. ზაზა ლეჟავა (აია), 7. იოსებ ღვინჯილია (ლელო), 8. გიორგი ზაზაძე (ხარები).
მარქაფა: 16. სანდრო გამყრელიძე (აკადემია), 17. გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 18. დავით ხურციძე (ლელო), 19. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი), 20. ანდრია ბილანიშვილი (ინგლისი); 21. გოგა უშვერიძე (აია), 22. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 23. დემეტრე დევდარიანი (სენტ მერი, ინგლისი), 24. ლუკა ტაბატაძე (არმია), 25. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 26. საბა გიორგიძე (ლელო).
3 ლელო: ღვინჯილია, გამყრელიძე, ტაბატაძე
3 გარდასახვა: ჭაკუა
rugby.ge
What's Your Reaction?






