21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ორივე ფინალისტი ნაკრები გაირკვა

ცნობილია - 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი ნაკრებები გაირკვა

ივნ. 26, 2025 - 02:57
 0
21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ორივე ფინალისტი ნაკრები გაირკვა

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი დასკვნით ფაზას უახლოვდება. დღეს სლოვაკეთში გამართული ნახევარფინალური შეხვედრების შემდეგ, ტურნირის ორი ფინალისტი უკვე ცნობილია — დიდ მატჩში ერთმანეთს ინგლისი და გერმანია დაუპირისპირდებიან.

დღის პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს ინგლისი და ნიდერლანდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ორმხრივად სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. ინგლისელთა გამარჯვება ლივერპულის ვარსკვლავმა, ჰარვი ელიოტმა გაინაღდა — ახალგაზრდა ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა. ნიდერლანდელთა რიგებიდან თავი მხოლოდ ნოა ოჰიომ გამოიჩინა. საბოლოოდ, 2:1 და ინგლისი ფინალშია.

მეორე ნახევარფინალი კი გაცილებით ერთმნიშვნელოვანი აღმოჩნდა. გერმანიამ საფრანგეთს შანსი არ დაუტოვა და დამაჯერებლად, 3:0 იმარჯვა.

მატჩის ანგარიში უკვე მერვე წუთზე ვაიპერმა გახსნა, რასაც მე-14 წუთზე ტურნირის ბომბარდირმა ნიკ ვოლტემადემ შესანიშნავი გოლი მიაყოლა. ფრანგები მეორე ტაიმში აქტიურად ეძებდნენ დაბრუნების გზას, თუმცა უშედეგოდ. მატჩის კომპენსირებულ დროში გრუდამ ვარნერის პასით მესამე გოლი გაიტანა და გერმანიის ტრიუმფი საბოლოოდ განამტკიცა.

ფინალური დაპირისპირება 28 ივნისს, ბრატისლავაში შედგება და საბოლოოდ გაირკვევა 2025 წლის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ნაკრები - ინგლისი თუ გერმანია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow