40-წლიანი ბრძოლის შემდეგ ქურთისტანის მუშათა პარტიამ იარაღის დაყრა დაიწყო
თურქეთის წინააღმდეგ ოთხწლიანი შეიარაღებული ბრძოლის შემდეგ, „ქურთისტანის მუშათა პარტიამ” (PKK) იარაღის დაყრა დაიწყო. იარაღის დაყრის სიმბოლურ ცერემონიაზე, დაახლოებით 30-მა მებრძოლმა — კაცებმა და ქალებმა — იარაღი სპეციალურ დიდ ქვაბში მოათავსა და დაწვა. მებრძოლებს შორის იყო ოთხი მეთაური. „კეთილი ნების ჟესტად, ჩვენ ნებაყოფლობით ვანადგურებთ ჩვენს იარაღს თქვენი თანდასწრებით“, — ნათქვამია PKK-ის განცხადებაში. BBC Turkish-ის ცნობით, პროცესი […]

თურქეთის წინააღმდეგ ოთხწლიანი შეიარაღებული ბრძოლის შემდეგ, „ქურთისტანის მუშათა პარტიამ” (PKK) იარაღის დაყრა დაიწყო.
იარაღის დაყრის სიმბოლურ ცერემონიაზე, დაახლოებით 30-მა მებრძოლმა — კაცებმა და ქალებმა — იარაღი სპეციალურ დიდ ქვაბში მოათავსა და დაწვა. მებრძოლებს შორის იყო ოთხი მეთაური.
„კეთილი ნების ჟესტად, ჩვენ ნებაყოფლობით ვანადგურებთ ჩვენს იარაღს თქვენი თანდასწრებით“, — ნათქვამია PKK-ის განცხადებაში.
BBC Turkish-ის ცნობით, პროცესი მომდევნო თვეების განმავლობაში გაგრძელდება თურქეთის, ერაყისა და ქურთისტანის რეგიონული მთავრობების მონაწილეობით შექმნილ წერტილებში.
თურქეთის მთავრობამ ცერემონია „ტერორიზმისგან თავისუფალი თურქეთისკენ“ კრიტიკულ ნაბიჯად შეაფასა.
იარაღის დაყრას წინ უძღოდა 1999 წლიდან პატიმრობაში მყოფი „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ლიდერის, აბდულა ოჯალანის განცხადება, რომ ეს იყო „ნებაყოფლობითი გადასვლა შეიარაღებული კონფლიქტის ფაზიდან დემოკრატიული პოლიტიკისა და სამართლის ფაზაში“.
კონფლიქტის დაწყებიდან დაახლოებით 40 000 ადამიანი დაიღუპა და „ქურთისტანის მუშათა პარტია“ თურქეთში, აშშ-ში, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადდა.
თავდაპირველად მარქსისტულმა ჯგუფმა, „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ 1984 წელს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის მოთხოვნით იარაღი აიღო. 1990-იან წლებში ისინი ქურთებისთვის, რომლებიც მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ, უფრო ფართო ავტონომიას მოითხოვდნენ.
2024 წლის ოქტომბერში, ცნობილმა ნაციონალისტმა ლიდერმა და ერდოღანის მთავარმა მოკავშირემ, დევლეტ ბაჰჩელიმ, დაიწყო პროცესი, რომელსაც მთავრობა „ტერორიზმისგან თავისუფალი თურქეთის“ სახელით მოიხსენიებს. მან მოუწოდა პატიმრობაში მყოფ PKK-ს ლიდერს, მოეთხოვა აკრძალული დაჯგუფების დაშლა და არ გამორიცხა, ამან გზა გაუხსნას მის შესაძლო გათავისუფლებას.
თურქეთის მთავრობამ ოჯალანთან მოლაპარაკებები პროქურთული დემოკრატიული პარტიის მეშვეობით დაიწყო, შემდეგ კი გამოქვეყნდა მისი ისტორიული მოწოდება PKK-ს დაშლის შესახებ.
PKK-ის განიარაღების დაწყებამდე ორი დღით ადრე, ოჯალანი პირველად გამოჩნდა ვიდეოში 20 წელზე მეტი ხნის წინ გასამართლების შემდეგ.
„მე მჯერა პოლიტიკისა და სოციალური მშვიდობის ძალის და არა იარაღის. და მოგიწოდებთ, ეს პრინციპი პრაქტიკაში გამოიყენოთ“, — მიმართა მან ქურთებს.
BBC-ის ცნობით, ახლა პროცესი ანკარაში თურქეთის პარლამენტში გადაინაცვლებს, სადაც შეიქმნება კომისია, რომელიც მთავრობის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მიიღებს.
What's Your Reaction?






