FDI-ის კლება შეიძლება პოლიტიკური ფაქტორებით აიხსნას – Fitch-ი (bm.ge)

საერთაშორისო საერიტინგო სააგენტო Fitch-ის საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასების ავტორის შეფასებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების უკანასკნელი ტენდენციის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი სწორედ პოლიტიკური დაძაბულობა შეიძლება იყოს. არვინდ რამაკრიშნანი გადაცემა “ანალიტიკას” ქვეყნის ეკონომიკის სუსტ და ძლიერ მხარეებზე, ასევე უკანასკნელ პერიოდში გაზრდილ პოლიტიკურ რისკებთან დაკავშირებით ვრცლად ესაუბრა. “პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საქართველოს შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან საქართველოს […]

ივნ. 16, 2025 - 20:27
 0
FDI-ის კლება შეიძლება პოლიტიკური ფაქტორებით აიხსნას – Fitch-ი (bm.ge)

საერთაშორისო საერიტინგო სააგენტო Fitch-ის საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასების ავტორის შეფასებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების უკანასკნელი ტენდენციის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი სწორედ პოლიტიკური დაძაბულობა შეიძლება იყოს.
არვინდ რამაკრიშნანი გადაცემა “ანალიტიკას” ქვეყნის ეკონომიკის სუსტ და ძლიერ მხარეებზე, ასევე უკანასკნელ პერიოდში გაზრდილ პოლიტიკურ რისკებთან დაკავშირებით ვრცლად ესაუბრა.
“პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საქართველოს შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან საქართველოს სტრუქტურულად ახასიათებს მაღალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. როგორ აფინანსებს ამ დეფიციტს საქართველო? ან პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ან სხვა ტიპის კაპიტალური შემოდინებებით ან რეზერვების შემცირებით. სწორედ ამიტომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ისტორიულად რომ გადავხედოთ, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება საკმაოდ სტაბილური იყო, მაგრამ შარშანდელი წლის დასაწყისიდან ჩვენ უკვე ვაკვირდებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ტენდენციას. ამ კვირაში იყო პირველი კვარტალის სტატისტიკა, რომელიც ამ პერიოდში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 8%–იან შემცირებას აჩვენებს. ეს თავის მხრივ ზრდის რისკს, რომ შესაძლოა, პრობლემა შეექმნას მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ადეკვატურ დაფინანსებას. აქ მინდა ხაზი გავუსვა, რომ მკაფიო მტკიცებულებები არ გვაქვს, რომ ადგილობრივი პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური ფაქტორები პირდაპირ ახდენენ გავლენას – იწვევენ – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას – მაგრამ, აქვე იმასაც ვიტყვი, რომ დიდი ალბათობით სწორედ ეს ხდება, სწორედ ამით შეიძლება აიხსნას კლების ის ტენდენცია, რასაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემთხვევაში ვაკვირდებით”, – აღნიშნავს რამაკრიშნანი.
Fitch-მა 31 მაისს გამოქვეყნებული შეფასებით საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი “BB” დონეზე, პერსპექტივა კი “ნეგატიურზე” დატოვა.
2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 179 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.7%-ით ნაკლებია. მეტიც, ინვესტიციების ეს მოცულობა 2021 წლის პირველი კვარტალის შემდეგ ყველაზე მცირეა, რაც გასული 4 წლის განმავლობაში რომელიმე კვარტალის პერიოდში შემოსულა.
bm.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow