„აჭარა-გურიაში მანდარინის მხოლოდ 30% გადარჩა, დანარჩენი თოვლმა მთლიანად გაანადგურა“ – ვაჟა მკურნალაძე
მიმდინარე წელს დასავლეთ საქართველოში მოსულმა უხვმა თოვლმა ციტრუსოვანი მცენარეები და ხილი მნიშვნელოვნად დააზარალა. ზარალი განსაკუთრებით დიდია აჭარა-გურიასა და სამეგრელოში. ჩვენი გამოცემა გასული წლის შემოდგომაზე წერდა, რომ საქართველოში მანდარინის ჯიშგანახლება სსრკ-ს შემდეგ არ მომხდარა, არასტანდარტული მანდარინის რაოდენობა კი წლიდან წლამდე იზრდება. თხილი და მანდარინი დასავლეთ საქართველოს ფერმერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურაა, რადგან ხშირად, მიღებული ანაზღაურება სოფლად […]


მიმდინარე წელს დასავლეთ საქართველოში მოსულმა უხვმა თოვლმა ციტრუსოვანი მცენარეები და ხილი მნიშვნელოვნად დააზარალა. ზარალი განსაკუთრებით დიდია აჭარა-გურიასა და სამეგრელოში. ჩვენი გამოცემა გასული წლის შემოდგომაზე წერდა, რომ საქართველოში მანდარინის ჯიშგანახლება სსრკ-ს შემდეგ არ მომხდარა, არასტანდარტული მანდარინის რაოდენობა კი წლიდან წლამდე იზრდება. თხილი და მანდარინი დასავლეთ საქართველოს ფერმერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურაა, რადგან ხშირად, მიღებული ანაზღაურება სოფლად მცხოვრები ოჯახებისთვის ზამთრის მარაგია.
ციტრუსის პარაზიტულ დაავადებებს, კუსტარულად შექმნილ ბაღებს და არასტრუქტურირებულ ბიზნესს წელს ახალი პრობლემა – დიდთოვლობა დაემატა, რომელმაც ხეები უკვე ფიზიკურად დააზიანა. აჭარელი და გურული ფერმერები ამბობენ, რომ წლევანდელი მოსავალი ბევრად მცირე იქნება, რაც რეგიონში ფინანსურ პრობლემებს შექმნის.
„აგროინვესტსერვისის“ დირექტორი, ვაჟა მკურნალაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ციტრუსოვანი ხეების 70% მძიმე გასვლას საჭიროებს. მძიმედ გასხლული მანდარინის ხე მოსავალს რამდენიმე წლის განმავლობაში არ იძლევა. იმის გამო, რომ დასავლეთ საქართველოში ციტრუსოვანი კულტურის ბიზნესი მოუწესრიგებელია, ბაღების აბსოლუტური უმრავლესობა დაზღვევით არ სარგებლობს, ფერმერები არც რაიმე სახის ფინანსური დახმარების მიღებას ელოდებიან.
„მანდარინის ბაღებში ძალიან რთული მდგომარეობაა, სოფლებში, სადაც დიდთოვლობა იყო, მცენარეების 60-70% ან დაზიანებულია, ან ძალიან მძიმე გასხვლას საჭიროებს. მანდარინის ხეების მხოლოდ 30% გადარჩა, დანარჩენი თოვლმა მთლიანად გაანადგურა. ახლა აჭარა-გურიაში ციტრუსის ხეებს მძიმედ სხლავენ, პირდაპირ ვამბობ, რომ 4-5 წელი, ყველაზე მცირე, დასჭირდება ამ ნარგავებს, რომ ძველ კონდიცია აღიდგინოს და იმ მსხმოიარობას მიაღწიოს, რაც დიდთოვლობამდე ჰქონდა. მიმდინარე სეზონი ძალიან დაბალმოსავლიანი იქნება, რადგან ციტრუსოვანი მცენარეები განადგურებულია. მანდარინი ერთწლიანი მცენარე არაა, მის გაზრდას და ნაყოფის მიღებას საკმაო დრო სჭირდება. ჩემს წარმოდგენებიც კი არ მაქვს ჩამოყალიბებული, როგორ შეიძლება ამხელა ზარალის შემდეგ ფერმერებმა დახმარება მიიღონ. ეს სექტორი გამართული რომ იყოს და ტენდენციური სახე ჰქონდეს, მაშინ ბაღები დაზღვეული იქნებოდა და პრობლემაც არ შეიქმნებოდა, ახლა ძალიან რთულია იმის განსაზღვრა და დათვლა, თუ ვინ რა ზარალი მიიღო“,- თქვა ვაჟა მკურნალაძემ.
What's Your Reaction?






