“ბექაურის ბოკვერის” ზოოპარკისთვის გადმოცემის შემდეგ, ჩვენი საგანმანათლებლო ცენტრის მიმართ ინტერესი გაზარდა – ზურაბ გურიელიძე
თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე, აცხადებს, რომ საგანმანათლებლო კომპონენტი ზოოპარკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ამის შესახებ მან გადაცემაში #BMGDRIVE, BMGTV-ის ეთერში ისაუბრა. გურიელიძის თქმით, ყველა თანამედროვე ზოოპარკი საგანმანათლებლო ცენტრს მოიცავს და თბილისის ზოოპარკიც ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. მისივე თქმით, ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრი კარგად ჩამოყალიბებულ და აქტიურ მიმართულებად ითვლება, რაც მას საერთაშორისო პრაქტიკასთან განსაკუთრებით დაახლოებულ კომპონენტად […]


თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე, აცხადებს, რომ საგანმანათლებლო კომპონენტი ზოოპარკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ამის შესახებ მან გადაცემაში #BMGDRIVE, BMGTV-ის ეთერში ისაუბრა.
გურიელიძის თქმით, ყველა თანამედროვე ზოოპარკი საგანმანათლებლო ცენტრს მოიცავს და თბილისის ზოოპარკიც ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. მისივე თქმით, ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრი კარგად ჩამოყალიბებულ და აქტიურ მიმართულებად ითვლება, რაც მას საერთაშორისო პრაქტიკასთან განსაკუთრებით დაახლოებულ კომპონენტად აქცევს.
„საზოგადოების მხრიდან საგანმანათლებლო ცენტრის მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობს. არის პერიოდები, როცა ის იკლებს, თუმცა შემდეგ კვლავ მატულობს“, – აცხადებს გურიელიძე.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს დაინტერესება განსაკუთრებით იმ პატარა ლომის გამო გაიზარდა, რომელიც ზოოპარკში მას შემდეგ მოხვდა, რაც საქართველოში არალეგალური გზით შემოვიდა. [საუბარია ე.წ. ბექაურის ბოკვერზე] ამ ეტაპზე ცხოველისთვის ვოლიერის მოწყობის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა გარკვეული ტექნიკური სირთულეებიც დაფიქსირდა.
„ვოლიერის ინფრასტრუქტურის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა, რის გამოც შესაბამის ორგანოს მივმართეთ, რომ ინფრასტრუქტურა პირდაპირი შესყიდვის გზით მოგვეპოვებინა. თუმცა, ყოველთვის არ არის შესაძლებელი ასეთი გზით მოქმედება“, – განმარტა ზოოპარკის დირექტორმა.
გურიელიძე მიიჩნევს, რომ ზოოპარკის მსგავს დაწესებულებებთან მიმართებით მიზანშეწონილია ტენდერის პროცედურებთან დაკავშირებით უფრო მოქნილი მიდგომების შემუშავება, რაც მუშაობის ეფექტიანობას გაზრდის.
2024 წლის დეკემბერში, თბილისის ზოოპარკს ლომის ბოკვერი გადაეცა, რომელსაც ძიუდოისტი ლაშა ბექაური პორშეთი ასეირნებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბოკვერი ზოოპარკში გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად მიიყვანეს. რომელიც გადაცემის პროცესში იყო ჩართული
საქართველოს სისხლის სამართლის 302-ე პრიმა მუხლის მიხედვით, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ცხოველების უკანონო ექსპორტი ან იმპორტი, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით. ხოლო, ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე კვარტა მუხლის თანახმად, CITES-ის ფარგლებში გადაშენების საფრთხის მქონე სახეობების ექსპორტის და იმპორტის ნებართვის დარღვევა 2,000 ლარით ჯარიმდება, გამკაცრებული კონფისკაციით. ბექაურს არც ერთი სახდელი არ დაკისრებია.
What's Your Reaction?






