ბილბაოში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა შედგა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, UEFA-ს აღმასკომის წევრის რანგში, ბილბაოში გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, UEFA-ს აღმასკომის წევრის რანგში, ბილბაოში გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხებთან ერთად, 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი დამტკიცდა. აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდები თორმეტ ჯგუფში გადანაწილდებიან. საკვალიფიკაციო ეტაპზე ასევე მიიღებენ მონაწილეობას ევრო 2028-ის ოთხი მასპინძელი - ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია და უელსი.
ევროპის ჩემპიონატის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად 8 საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს. დამატებით ორი საგზური დაიჯავშნება საუკეთესო შედეგის მქონე ტურნირის მასპინძელი ორი ქვეყნისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ისინი საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ გადალახავენ. დარჩენილი საგზურებისთვის პლეი-ოფში იბრძოლებენ 4 ყველაზე ცუდი შედეგის მქონე მეორეადგილოსნები და ერთა ლიგაზე საუკეთესო რეიტინგის მქონე ჯგუფების გამარჯვებულები. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ლევან კობიაშვილი უეფას აღმასკომის წევრებთან ერთად, ბილბაოში ჩატარებულ ევროპა ლიგის ფინალურ მატჩს დაესწრო.
შეგახსენებთ, რომ ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად 2023 წლის 5 აპრილს, ლისაბონში გამართულ უეფას 47-ე კონგრესზე 40 ხმით აირჩიეს. სფფ-ის პრეზიდენტი გახდა პირველი ქართველი, რომელიც უეფას აღმასრულებელ კომიტეტში მუშაობს.
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის შემდეგი შეხვედრა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში 11 სექტემბერს გაიმართება.
- ვკითხულობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
What's Your Reaction?






