გოჩა ჯავახიშვილი: არჩევანს ერთი წამითაც არ ვნანობ, რადგან არის შემთხვევები, როდესაც დუმილი თანამონაწილეობის ფორმად იქცევა

“დღეს ერთი წელი შესრულდა საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან ჩემი გადადგომიდან. ეს რთული გადაწყვეტილება, გარკვეულ სტრატეგიასთან და ღირებულებებთან შეუთავსებლობისა და იმ მოსალოდნელი შედეგების გაცნობიერებით მივიღე, რაც სამწუხაროდ დღეს უკვე დადგა. ეს წელი მრავალი თვალსაზრისით რთული და მძიმე იყო. ჯანმრთელობის, მატერიალური გამოწვევების, გაურკვევლობებისა და ბუნდოვანი პერსპექტივების მიუხედავად, არჩევანს ერთი წამითაც არ ვნანობ, რადგან არის შემთხვევები, როდესაც დუმილი […]

მაი. 9, 2025 - 15:27
 0
გოჩა ჯავახიშვილი: არჩევანს ერთი წამითაც არ ვნანობ, რადგან არის შემთხვევები, როდესაც დუმილი თანამონაწილეობის ფორმად იქცევა
“დღეს ერთი წელი შესრულდა საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან ჩემი გადადგომიდან. ეს რთული გადაწყვეტილება, გარკვეულ სტრატეგიასთან და ღირებულებებთან შეუთავსებლობისა და იმ მოსალოდნელი შედეგების გაცნობიერებით მივიღე, რაც სამწუხაროდ დღეს უკვე დადგა.
ეს წელი მრავალი თვალსაზრისით რთული და მძიმე იყო. ჯანმრთელობის, მატერიალური გამოწვევების, გაურკვევლობებისა და ბუნდოვანი პერსპექტივების მიუხედავად, არჩევანს ერთი წამითაც არ ვნანობ, რადგან არის შემთხვევები, როდესაც დუმილი თანამონაწილეობის ფორმად იქცევა, საკუთარი სინდისი მაღვიძარასავით ჯიუტად გისტვენს ყურში და გვკარნახობს, რომ თუ არ ეთანხმები უნდა წახვიდე.
თუმცა, რაზეც ყველაზე მეტად ვწუხვარ ის არის, რომ მიზეზები, რამაც ჩემი გადადგომა განაპირობა, გაუარესდა. სამწუხაროდ, ევროპულ გზაზე და ზოგადად, დემოკრატიული რეგრესის შესახებ ჩემი შიშები დადასტურდა. სახელმწიფო ინსტიტუტები, განსაკუთრებით ჩემი, საგარეო საქმეთა სამინისტრო სულ უფრო სუსტდება, რეპრესიების შიშის ფონზე განსხვავებული აზრი მცირდება და კანონის უზენაესობის პრინციპები მერყეობს. ქვეყანაში მოგვიმრავლდა პოლიტიკური და სინდისის პატიმრები. ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის გულანთებულ, ნიჭიერ, განათლებულ ახალგაზრდებს, ყმაწვილებს, ემოციის გარეშე, გულგრილი სახით და ცივი გულით ციხეებში წლობით ისე უშვებენ, ადამიანური სითბოთი გამთბარ დარიგებას, ახსნა-განმარტებასაც კი არ მოაყოლებენ.
სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში შიშის, სიძულვილის, დასმენების, განსხვავებული აზრისათვის რეპრესიებისა და სოციალური გარიყულობის კლიმატი სუფევს. ეს თანდათან ჭამს და ძიძგნის ჩვენი თანაარსებობის, ქვეყნის ერთად შენებისა და განვითარების იმედს. პოლიტიკური შეხედულებების განსხვავების გამო, ასეთი დაზაფრული, მე ჩემი ხალხი არასოდეს მინახავს. ამის გაცნობიერება ყველაზე მტკივნეულია ჩემი გულისა და გონებისთვის.
ჩემმა ქვეყანამ, რომლის წარმატებები ევროპული ინტეგრაციის გზაზე სამაგალითო იყო, ამ პროცესიდან დისტანცირება მოახდინა. ახლა ის თავის ევროპელ თანამოსაუბრეებს – დემოკრატიზაციისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ოდესღაც მის ერთგულ და გვერდში მდგომ პარტნიორებს – მტრული ენით მიმართავს.
დიალოგის სრული კრახი, საერთო ღირებულებებისაგან დემონსტრაციულად გამიჯვნა გაუცხოებას ქმნის და საზოგადოებას ერთმანეთთან აპირისპირებს, სადაც ერთმანეთს სიძულვილის ენით ესაუბრებიან.
ნამდვილად არ მახარებს მეგობარი აქტის მიღება, არც არავის დასანქცირება და საერთაშორისო იზოლაცია მსიამოვნებს, ცხადია. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხის ნების მხარდამჭერი აქტია, კარგად ვაცნობიერებ რამდენად უარყოფითად იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე და რამდენი წელი დასჭირდება ქვეყანას ეს განადგურებული იმიჯი გამოისწოროს.
აფსუს, ჩემო ამაყო და მუდამ თავისუფლებისთვის შემართულო საქართველოვ, როგორ მოვახერხეთ და მსოფლიო გადავიკიდეთ. როგორ მოვახერხეთ და დუგინის, მედვედევისა და ზახაროვას გამორჩეულად საქებარ ქვეყნად ვიქეცით. აი, ასეთი დღევანდელობა დაგვიდგა. რა უნდა მიხაროდეს, ამდენი ხნის ნაწვალები, ჩემი ცოტა და სხვათა ბევრი ღვაწლი დან მოვარდნილ ქარს და წყალს მიაქვს. სამწუხაროა, რომ ერთმა პოლიტიკურმა გუნდმა მძევლად აიყვანა ქვეყანა და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, მზადაა ისე იმოქმედოს თუნდაც მათ შემდეგ ქვა ქვაზე აღარ დარჩეს. ხალხს დააჯერეს, თითქოს სამშობლოს ბედზე გულდამწვარი, ერთადერთი პატრიოტები თავად არიან და სხვა ტიპის პატრიოტიზმს არათუ არ უშვებენ, ღალატად და უსამშობლოობად ნათლავენ, რათა განსხვავებულად მოაზროვნეთა დემონიზაციით რადიკალურად გახლიჩონ საზოგადოება. ისტორიულადაც ხომ, ვითომდა ქვეყნის ინტერესების გამო ხდებოდა დასმენები და რეპრესიები.
მოკლედ, საშინელი წლების აჩრდილი დაძრწის და ექო ღრიალებს ირგვლივ. ქართველებმა თითქოს ერთმანეთის მიმართ სიყვარულის, თანაგრძნობისა და თანადგომის უნარი დავკარგეთ.
ნეტავ კი ვცდებოდე, მინორული განწყობის გამო მეჩვენებოდეს მხოლოდ”, – წერს საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow