დიდი 10 | "აიამ" რეგულარული სეზონი მოიგო, "ყოჩები" კი დაქვეითდა
დიდი 10 | ‘აიამ’ რეგულარული სეზონი მოიგო, ‘ყოჩები’ დაქვეითდა

დასკვნით, მე-18 ტურში მთავარი მატჩი ასპინძაში გაიმართა. ‘ტაო’ და ‘ყოჩები’ ურთიერთშეხვედრაში არკვევდნენ თუ ვინ ითამაშებდა დიდი 10-ის მომავალ სეზონში უძლიერესთა შორის და ვის მოუწევდა პირდაპირი წესით დაქვეითება.ჯავახები თამაშამდე მეტოქეს 4 ქულით აღემატებოდნენ. ‘ყოჩებს’ მიზნის მისაღწევად ბონუს-ქულით გამარჯვება ჭირდებოდათ და შეხვედრაც დაძაბული გამოდგა.
ბრძოლა დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. ამ პერიოდში მასპინძელთა 4 ლელოს სტუმრებმა სამით უპასუხეს, თუმცა ‘ყოჩებმა’ მხოლოდ ერთი გარდასახვა გამოიყენა და ‘ტაო’ დასკვნით მეოთხედს 11-ქულიანი უპირატესობით შეხვდა. ამან ბოლნისელები გატეხა, დარჩენილ დროში კიდევ 4 ლელო გაუშვა და ‘ტაომ’ ბონუსით, 56:17 გაიმარჯვა. მასპინძელთაგან ლელოები რატუ მელი ტურანგათამ, ვეფხია ფეიქრიშვილმა, ოთარ მეტრეველმა, გიორგი ნავროზაშვილმა (2), რეზი ბროძელმა და გიორგი ნოზაძემ გაიტანეს. კიდევ 7 ქულა მასპინძლებს საჯარიმო ლელოთი ერგოთ, ოთარ ტალახაძემ კი 7-ივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
სტუმართა მხრიდან ლელოები გურამ გოგიძემ, გიორგი მოსაშვილმა და სანდრო ფურცხვანიძემ მიითვალეს. ‘ყოჩებმა’ ჯამში რეგულარული გათამაშება 20 ქულით, ბოლო ადგილზე დაასრულა და თავის ადგილს პირველი ლიგის გამარჯვებულს დაუთმობს. დიდი 10-ის დებიუტანტ ‘ტაოსთვის’ სეზონი ჯერ არ დასრულებულა. ის 29 ქულით მე-9 ადგილზე გავიდა და ფლეი ოფს პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან გამართავს.
აღსანიშნავია, რომ ‘ტაოს’ ‘ყოჩებთან’ ბონუსით მოგების შემდეგ მე-8 პოზიციაზე ანაცვლების შანსიც ქონდა, მაგრამ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ თავისი თამაში მოიგო და გადათამაშება თავიდან აირიდა. ‘ყაზბეგი’ დასკვნით ტურში ქუთაისის ‘არესს’ „ავჭალაზე“ მასპინძლობდა. მეტოქე რეაგულარულ გათამაშებაში მეორე ადგილს იკავებდა და მის შესანარჩუნებლად (რაც ფლეი ოფში უკეთეს გრაფიკს იძლევა) მოგება ჭირდებოდა, მაგრამ მასპინძლებს თავისი გეგმები ქონდათ.
დაძაბული მატჩის პირველ ტაიმში სტუმრებმა ორი გარდასახული ლელო გაიტანეს (ნიკა ძნელაძე და პიტა იავი მაი; გარდასახვები გიორგი თევდორაძე), თუმცა დავით იმნაძემ სამი ჯარიმით მეტოქეს „გაქცევის“ შესაძლებლობა არ მისცა. მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში იმნაძის ორ ზუსტ დარტყმას თევდორაძემ ერთი ჯარიმით უპასუხა და სხვაობამ 2 ქულა შეადგინა, ლუკა ალიბეგაშვილის ლელომ კი მასპინძლები საათის თავზე 20:17 დააწინაურა.
‘არესმა’ რუსლან გიგაშვილის ლელოს შემდეგ ლიდერობა დაიბრუნა, თუმცა 79-ე წუთზე დავით იმნაძემ გამარჯვების ლელო გაიტანა და გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 27:22. შედეგად, ‘ყაზბეგმა’ სეზონი 32 ქულით, მე-8 ადგილზე დაასრულა, ‘არესი’ კი 61 ქულით მესამე ადგილზე დაქვეითდა და ფლეი ოფში ჩართვა პირველივე ეტაპიდან მოუწევს.
‘არესს’ მეორე ადგილი ‘ბათუმმა’ ჩამოართვა, რომელმაც რუსთავში ‘ხარებს’ 29:3 სძლია. დებიუტში ბუბა ნოზაძემ და გიორგი პეტრიაშვილმა ჯარიმები გაცვალეს, რის შემდეგაც ზღვისპირელები საგრძნობ უპირატესობას დაეუფლნენ და 4 უპასუხო ლელო გაიტანეს. ლელოები პოტერ ვილიამსის (2), გიორგი შუკაკიძის და ნიკა ნინიძის ანგარიშზეა. ნოზაძემ სამი გარდასახვა გამოიყენა.
‘ბათუმმა’ 63 ქულა დააგროვა, ‘არესის’ მარცხით ისარგებლა და მეორე ადგილზე აღზევდა. ის ფლეი ოფში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და აპრილის ბოლოს ‘აიას’ ქუთაისში ფინალის საგზურისთვის შეერკინება. შეგახსენებთ, ამ წყვილის გამარჯვებული ფინალში პირდაპირ გავა, დამარცხებულს კი იქ მოსახვედრად კიდევ ერთი შანსი დარჩება. ‘ხარები’ 39 ქულით მეექვსე პოზიციაზე დარჩა და ფლეი ოფში ‘არესს’ 13 აპრილს, „აია არენაზე“ შეხვდება.
რეგულარული გათამაშება მოქმედმა ჩემპიონმა ქუთაისის ‘აიამ’ მოიგო, რომელმაც დასკვნით ტურში ‘ლელოს’ „აია არენაზე“ 33:27 სძლია. მიუხედავად იმისა, რომ ‘ლელოს’ სატურნირო ამბიციები აღარ ქონდა, ქუთაისში ბოლომდე იბრძოლა და მასპინძლებს ლიდერის პოზიციის შესანარჩუნებლად გვარიანი ბრძოლა მოუწიათ. ‘ლელო’ პირველ ტაიმსა და მეორეს დასაწყისში ორჯერ დაწინაურდა და მერეც მეტოქე „ხელმისაწვდომ“ მანძლზე ყავდა, თუმცა მასპინძლებმა მიზანს მაინც უწიეს.
‘აიას’ მხრიდან ორი ლელო თემურ კოხოძემ გაიტანა, თითო ლელო კი ილია გაბისონიას და საბა ხონელიძეს ანგარიშზეა. გიორგი ბაბუნაშვილმა ორი გარდასახვა და სამი ჯარიმა გამოიყენა. სტუმართა მხრიდან ორი ლელო გაგა ქევხიშვილმა, ხოლო ერთი შოთა ხელაძემ მიითვალა. გოგიტა რიკაძემ 3 გარდასახვა და ორი ჯარიმა შეასრულა. ამ თამაშში საზიარო „სარბიელის სინი“ თამაშდებოდა და ‘აიამ’ ლიდერობასთან ერთად ისიც დაისაკუთრა.
ჩემპიონმა 66 ქულა დააგროვა და ფლეი ოფში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. მისი მეტოქე ‘ბათუმი’ იქნება, თუმცა ლიდერი საკუთარი მოედნის უპირატესობით ისარგებლებს. ‘ლელო’ 34 ქულით მე-7 პოზიციაზე დარჩა და სეზონი დაასრულა.
ტურის კიდევ ერთი მატჩი, თბილისური დერბი გორში გაიმართა. ‘არმიას’ და ‘ხვამლს’ ფლეი ოფის საგზური გარანტირებული ქონდათ, თუმცა ბრძოლა უშეღავათო გამოდგა. პირველი ტაიმი ფრედ 10:10 დასრულდა. „არმიელებმა“ ორი ლელო გაიტანეს (გიორგი ჭურაძე და ჯესე მაროვია), რაზეც მუხიანელებმა საბა კურტანიძის ლელოთი, ლუკა თაყაიშვილის გარდასახვით და ჯარიმით უპასუხეს.
მეორე ტაიმში თაყაიშვილმა ჯარიმით თავისიანები დააწინაურა. 76-ე და 78-ე წუთებზე ლევან ჭავჭავაძემ (არმია) და თაყაიშვილმა ლელოები გაცვალეს, უკვე გაწითლებულ დროზე კი თავი ლუკა კეშელავამ გამოიჩინა და ‘არმიას’ 20:18 მოაგებინა. შედეგად, მისმა გუნდმა რეგულარული გათამაშება 43 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა, ‘ხვამლი’ კი 42 ქულით მე-5 პოზიციაზე დაქვეითდა.
ეს გუნდები 12 აპრილს გორში კიდევ ერთხელ შეიბმებიან, თუმცა ახლა თამაშის შედეგს უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან დამარცხებული საჩემპიონო რბოლას გამოეთიშება, გამარჯვებული კი ფლეი ოფის მეორე ეტაპზე გავა.
rugby.ge
What's Your Reaction?






