დინამო ბათუმმა თელავში ნავსი გატეხა, გაგრა-გარეჯი ფრედ დასრულდა
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-16 ტური გაიმართა. დინამო ბათუმს ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, მაგრამ თელავში გაიმარჯვა...

თელავი 1:2 დინამო ბთ
დინამო ბათუმს ცუდი სერია ჰქონდა: ზედიზედ სამი წაგება და მთლიანობაში ექვსი მოუგებელი შეხვედრა. ამჯერად გაიმარჯვეს და მესამე ადგილზე არიან. თელავი კი აუტსაიდერია - გუნდს 10 თამაშია არ მოუგია.
სამივე გოლი თავურით გავიდა. თელავი სწრაფი გოლით დაწინაურდა: დაჩი ცნობილაძის შესრულებული საჯარიმო, ბურთი ხარისხას მოხვდა, დამატებაზე კი მიხეილ ბაშელეიშვილმა თავით გაიტანა. ეს ბაშელეიშვილის პირველი გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
დინამო ბათუმმა პირველი ტაიმის ბოლოს გაათანაბრა, კონკრეტულად კი მოჰამედ ფოფანას ჩაწოდების მერე ლიეტუველმა გიტის პაულაუსკასმა ითამაშა კარგად და სეზონში თავისი მესამე გოლი მიითვალა.
მეორე ტაიმში დაძაბული თამაში გაგრძელდა, 77-ე წუთზე კი, როგორც აღმოჩნდა, გადამწყვეტი გოლი გავიდა: ლუკა წულუკიძემ გარე ტერფით ეფექტურად ჩააწოდა და კოტდივუარელმა ფოფანამ მეორე სართულზე კარგად ითამაშა. ეს ფოფანას პირველი "ქართული" გოლია.
გაგრა 1:1 გარეჯი
გაგრასთვის ეს ზედიზედ მესამე, გარეჯისთვის კი მეორე ფრეა. პირველი ტაიმის ბოლოს საგარეჯოელები გავიდნენ წინ: არბიტრმა გიორგი ავაზაშვილმა VAR-ზე ნახა ეპიზოდი, რომ ვახო ბედოშვილთან ორთაბრძოლისას გაგრელთა ფეხბურთელმა მათე ცინცაძემ ხელით ითამაშა. პენალტი, ლევან პაპავას შესრულება და 0:1. ეს პაპავას მეექვსე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
მე-60 წუთზე კი გაგრამ გაათანაბრა: გიორგი პაპუაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა და 1:1.
საინტერესოა, რომ პაპავამ და პაპუაშვილმაც თავიანთ ყოფილ კლუბებს გაუტანეს... გაგრა მეექვსე ადგილზეა, გარეჯი კი ერთი საფეხურით ქვემოთაა. მათ შორის სხვაობა 3 ქულაა.
erovnuliliga.ge
What's Your Reaction?






