
მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი ზურაბ გურული:
საქართველოში პოლიტიკა, როგორც ასეთი, კლასიკური გაგებით, არ არსებობს. მკვდარია. ეს ჩვენი ბრალია, ქართველების. ჩვენ გავაკოტრეთ და გავაუფასურეთ ეს ცნება; სამარცხვინო გავხადეთ. ე.წ. „პოლიტიკაში გარევა“, რაც პოლიტიკოსობას კი არა, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე აზრის გამოთქმას და პოზიციის დაფიქსირებას გულისხმობს მხოლოდ და რაც ნებისმიერი შემდგარი სახელმწიფოს მოქალაქის უპირველესი სამოქალაქო მოვალეობაა, კეთროვანივით მოსარიდებლად ვაქციეთ. ასე დაიბადა ერთდროულად ბრიყვული და მავნებლური სენტენციები:
-მე პოლიტიკაში არ ვერევი!-, – მე პროფესიონალი ვარ და პოლიტიკაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ -; – პოლიტიკა ბინძური საქმეა და წესიერი ადამიანები ახლოს არ უნდა გაეკარონ! –
ამ ბრიყვული მავნებლობის, თუ მავნებლური სიბრიყვის შედეგია დღევანდელი სიტუაციაც. პოლიტიკის მკვლელობით ქართული სახელმწიფოებრიობაც დე-ფაქტო მოკვდა.
ქართული პოლიტიკური პარტიები რაიმე ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ მრწამსსა და დოქტრინაზე კი არ იქმნება, არამედ სახელდახელოდ. მათი სახელები უბრალოდ დეკორაციაა, თორემ არანაირად არ ასახავს პოლიტიკურ პრინციპებს, რომელთა ირგვლივაც უნდა გაერთიანდეს მოქალაქეთა ესა თუ ის სპექტრი. არ არსებობს არანაირი პოლიტიკური თანამიმდევრულობაც. პარტიათა ლიდერები და წამყვანი პოლიტიკოსები მოქმედებენ არა ჩამოყალიბებული პოლიტიკური მრწამსის, არამედ სიტუაციური კონიუნქტურის მიხედვით.
-არ მჭირდება სიტუაციის ანალიზი! ისედაც ყველაფერი ნათელია-; – ეგ ვიცით კაცო, ახლა ამისი დროა? გამოსავალი?-
ეს სენტენციებიც ისევე ბრიყვული და მავნებლურია, როგორც პოლიტიკაზე გაკეთებული განცხადებები. პოლიტიკოსების კასტის გამოზრდას და შეგნებული მოქალაქეების სპექტრის ჩამოყალიბებას წლები სჭირდება. ეს კულტურაა, სახელმწიფოებრიობის კულტურა და მისი განვითარების შედეგსა და ნაყოფს მხოლოდ დეკადების შემდეგ მოვიმკით სრულყოფილად. მაგრამ … როდესღაც ხომ უნდა დაიწყოს ეს პროცესი? პროცესი კი სწორედ სიტუაციის მუდმივ ანალიზსა და განხილვას გულისხმობს.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში სახელდახელოდ შექმნილი პანტა-პარტიები პოლიტიკას ვერ შექმნიან. ვერც ქმნიან. სწორედ ამიტომ არ არსებობს და ვერც იარსებებს ე.წ. „ერთობა“. არც მყისიერი გამოსავალი არსებობს შექმნილი სიტუაციიდან. შეუძლებელია ასეთი რეცეპტის მოძებნა.
რა არის ამჟამად ყველაზე საშიში პრობლემა, რომელსაც საქართველოს განადგურება შეუძლია?
ეს არის საგარეო პოლიტიკური ვექტორის უნიპოლარულობა. თუ დასავლეთი, ევროპა-ამერიკა არ დაბრუნდა საქართველოში რუსების საპირწონედ, კატასტროფა გარდაუვალია. ფაქტია რომ „ოცნება“ ცდილობს ამ პროცესის წამოწყებას, მაგრამ არც ევროკავშირი, არც ამერიკა ამ ეტაპზე კონტაქტზე არ გამოდის. „ოცნებამ“ დაიწყო დასანქცირებული მაღალი თანამდებობის პირების „ფასადიდან“ მოხსნა, მაგრამ ჯერჯერობით მნიშვნელოვან გარღვევას ვერ მიაღწია.
ოპოზიცია ვერანაირად იყენებს ამ სიტუაციას. ლიდერები ციხეში სხედან; გაერთიანების ბურჯად აღიარებული ექს-პრეზიდენტი კი თბილისშია დაყუდებული იმის ნაცვლად, რომ ევროპა-ამერიკას შორის მოძრაობდეს ინტენსიურად. აღიარებული პოლიტიკური რწმუნებულები საზღვარგარეთ არცერთ ოპო-პარტიას არ ჰყავს, რადგან არც შეუწუხებიათ ამაზე ფიქრით თავი. შესაბამისად, მათი სახელით ოფიციალურად და დამაჯერებლად ვერავინ ესაუბრება დასავლეთელ პოლიტიკოსებს.
„ოცნება“ აცნობიერებს ამ ფაქტს და „ბულინგით“ ცდილობს ოპოზიციის იძულებას ფასადურ თანამშრომლობაზე, რადგან ეს იქნება მათი ყველაზე მძლავრი განაცხადი დასავლეთის „შემოსარიგებლად“. ეს „ბულინგი“ კი შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ ოპოზიციასაც ნულოვანი პრო-აქტიური კონტაქტები აქვს დასავლეთთან. ევროკავშირს თავისი გასჭირვებია ამჟამად, უკრაინასთან მიმართებაში და ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან კი ოპოზიციას არც სურს დაახლოება და აღარც მიესვლება.
„ოცნებას“ ელემენტარული პოლიტიკური გონიერება და მოქნილობა რომ ჰქონდეს და ქვეყნის ინტერესებისათვის ოპოზიციასთან „ადამიანური“ საუბარი შეეძლოს, ძალიან სწრაფად აღადგენდა დასავლეთთან ურთიერთობას, მაგრამ „რქებით მიწოლას“ არჩევს, რადგან იცის, რომ ბოლოს მაინც თავისას გაიტანს; ოღონდ, ეს იქნება დროებითი გამარჯვება, რადგან დათრგუნული და გამწარებული ადამიანების ბოღმა როდესღაც აუცილებლად გახეთქავს ერთი შეხედვით ურყევ ძალადობაზე დამყარებულ ჯებირს და წალეკავს.
ოღონდ, არავინ იცის როდის.