"თამაშამდე საქართველოს ნაკრები შევისწავლეთ" - საფრანგეთის თავკაცი ნამატჩევს

"თამაშამდე საქართველოს ნაკრები შევისწავლეთ" - საფრანგეთის თავკაცი ნამატჩევს

ივნ. 15, 2025 - 02:27
 0
"თამაშამდე საქართველოს ნაკრები შევისწავლეთ" - საფრანგეთის თავკაცი ნამატჩევს
საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჟერარ ბატიკლი, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთან მომხდარ დრამატულ გამარჯვებას (3:2) პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა. მისი თქმით, მატჩმა გუნდის მენტალური სიმტკიცე წარმოაჩინა და გუნდის მომავლისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.

"ვამაყობ, რადგან ვიგრძენით, რომ ჩვენს გუნდს ძლიერი ხასიათი აქვს. როდესაც მეორე გოლი გავუშვით, პანიკა არ გვქონია. მთელი თამაშის გათვალისწინებით, შედეგი ლოგიკური იყო."

ბატიკლის შეფასებით, ასეთი მატჩები სწორედ ის პერიოდებია, როდესაც მომავლის გუნდი ყალიბდება — გუნდი, რომელიც რთულ პირობებში ბრძოლას არ ნებდება და საბოლოოდ იმარჯვებს.

"ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრებმა პრობლემები შეგვიქმნა. გვქონდა შეცდომები, განსაკუთრებით მოედნის ცენტრში, რაც შემდეგ თამაშებში აღარ უნდა გავიმეოროთ."

ფრანგი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ მატჩამდე საქართველოს ნაკრები დეტალურად გააანალიზეს, მაგრამ რეალურმა თამაშმა მათგან დიდი ენერგიის დახარჯვა მოითხოვა:

"თამაშამდე ვიცოდით, როგორ თამაშობდა საქართველო, მაგრამ მაინც დიდი წინააღმდეგობა შეგვხვდა. მეტოქის გუნდიდან მაისურაძესა და აზაროვს გამოვარჩევდი."

მთავარმა მწვრთნელმა განსაკუთრებით შეაქო თავისი გუნდის გუნდური სული, რაც მისი აზრით გადამწყვეტი ფაქტორი იყო:

"ინდივიდუალური მომენტი მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს გუნდური სულისკვეთება მომეწონა – გაუქმებული გოლის მიუხედავად, ვიბრძოლეთ და მოვიგეთ."

შეგახსენებთ, რომ მატჩში საფრანგეთმა ანგარიში 1:0-ზე გახსნა, თუმცა საქართველო მეორე ტაიმში 2:1 დაწინაურდა. ფრანგებმა ბოლო წუთებზე თამაშის შემობრუნება შეძლეს და გამარჯვების გოლი 90+12-ე წუთზე გაიტანეს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow