ინდოეთმა პაკისტანის სიახლოვეს არაბეთის ზღვაში გემები განალაგა – Telegraph
გამოცემა The Telegraph წერს, რომ ზებგერითი რაკეტებით აღჭურვილი ინდური საბრძოლო გემები არაბეთის ზღვაში პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩის სიახლოვეს, დარტყმის მანძილზე არიან განლაგებულები. “ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს და მზად ვართ მტრისგან მომავალი ნებისმიერი საფრთხე აღვკვეთოთ. საბრძოლო თვითმფრინავებისა და სხვა საზღვაო საშუალებების გადაადგილება მონიტორინგისა და შეკავების მიზნით ხდება”. – განუცხადა წყარომ The Telegraph-ს. პაკისტანის სანაპიროდან დაახლოებით 500 […]


გამოცემა The Telegraph წერს, რომ ზებგერითი რაკეტებით აღჭურვილი ინდური საბრძოლო გემები არაბეთის ზღვაში პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩის სიახლოვეს, დარტყმის მანძილზე არიან განლაგებულები.
“ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს და მზად ვართ მტრისგან მომავალი ნებისმიერი საფრთხე აღვკვეთოთ. საბრძოლო თვითმფრინავებისა და სხვა საზღვაო საშუალებების გადაადგილება მონიტორინგისა და შეკავების მიზნით ხდება”. – განუცხადა წყარომ The Telegraph-ს.
პაკისტანის სანაპიროდან დაახლოებით 500 კილომეტრში ავიამზიდი, ფრეგატის ტიპის გემები და წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ხომალდებია განლაგებული.
გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაციით, ზოგიერთ გემზე BrahMos-ის რაკეტებია განლაგებული, რომელთა მოქმედების რადიუსი 800 კილომეტრია.
მანამდე, პაკისტანის მიერ კონტროლირებული ქაშმირის რეგიონის პრემიერმინისტრმა, ჩაუდრი ანვარულ ჰაქმა თქვა, რომ 9 მაისის ღამით ინდოეთის მიერ საზღვარზე მიტანილ იერიშებს 5 ადამიანი ემსხვერპლა.
“ინდოეთს არტილერიით მშვიდობიანი მოსახლეობა განზრახ აქვს მიზანში ამოღებული. […] პაკისტანის არმიამ მტკიცე პასუხი გასცა”. – თქვა რეგიონის პრემიერმინისტრმა.
რეგიონის პრემიერმინისტრმა ასევე თქვა, რომ ვითარება “ახლა საომარ სიტუაციაში გადაიზარდა” და დაამატა, რომ “მთავარი დარტყმა” საზღვართან მდებარე დასახლებებზე მოდის.
ცნობისთვის, დღეს ინდოეთის არმიამ განაცხადა, რომ პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა 8 და 9 მაისს ინდოეთის დასავლეთ საზღვარზე მრავალი მიმართულებით დრონებითა და სხვა საბრძოლო საშუალებებით იერიში მიიტანეს.
მანამდე, 7 მაისის დილის საათებში ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა ღია სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც ინდოეთმა საჰაერო იერიშები მიიტანა პაკისტანსა და პაკისტანის მიერ კონტროლირებად ქაშმირის ტერიტორიაზე.
პაკისტანის არმიის სპიკერმა, აჰმედ შარიფ ჩაუდრიმ რეპორტიორებს უთხრა, რომ ინდოეთის მხრიდან იერიშის დაწყების შემდეგ, 26 პაკისტანელი დაიღუპა, 46 კი დაშავდა. მისი თქმით, ინდოეთის იერიშებს პენჯაბში 16 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ორი 3 წლის ასაკის ბავშვი და შვიდი ქალი.
What's Your Reaction?






