კლინიკებმა დღეს კი მიიღეს აკრედიტაცია, მაგრამ 3 წლის შემდეგ რა იქნება არავინ არ იცის, პროცესს მონიტორინგი დასჭირდება – ქეთევან ჩხატარაშვილი
სტაციონარულ დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის სერტიფიკატის მისაღებად და ჯანდაცვის სამინისტროში წარსადგენად რამდენიმე დღე რჩებათ. ვადა კლინიკებისთვის 1 მაისს იწურება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ქეთევან ჩხატარაშვილი საქმის კურსის ეთერში აცხადებს, რომ აკრედიტაციის პროცესი ქვეყანაში სტაციონარების შემთხვევაში დასასრულს უახლოვდება, მაგრამ პროცესთან დაკავშირებით არაერთი ბუნდოვანი საკითხია. მისი შეფასებით, უცნობია რამდენად მოხდება სერტიფიკატის აღების შემდეგ კლინიკის საქმიანობის პერიოდული მონიტორინგი, რომელიც ხარისხის […]


სტაციონარულ დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის სერტიფიკატის მისაღებად და ჯანდაცვის სამინისტროში წარსადგენად რამდენიმე დღე რჩებათ. ვადა კლინიკებისთვის 1 მაისს იწურება.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ქეთევან ჩხატარაშვილი საქმის კურსის ეთერში აცხადებს, რომ აკრედიტაციის პროცესი ქვეყანაში სტაციონარების შემთხვევაში დასასრულს უახლოვდება, მაგრამ პროცესთან დაკავშირებით არაერთი ბუნდოვანი საკითხია.
მისი შეფასებით, უცნობია რამდენად მოხდება სერტიფიკატის აღების შემდეგ კლინიკის საქმიანობის პერიოდული მონიტორინგი, რომელიც ხარისხის უწყვეტობისთვის მნიშვნელოვანი დეტალია. ასევე ქეთევან ჩხატარაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მოქმედმა კლინიკებმა აკრედიტაცია სხვადასხვა ქვეყნის სტანდარტების მიხედვით გაიარეს, რაც კითხვას აჩენს რამდენად არის საპირწონე ერთმანეთთან ეს სერტიფიკატები, რომლებიც მათ შორის კლინიკების მხრიდან განსხვავებულ ფინანსურ რესურსს მოითხოვდა.
“ვისაც რომელი ქვეყნის აკრედიტაცია უნდოდა ისე შეეძლო აეღო, თავისუფალი ჰქონდათ არჩევანი. ეს პროცესი საინტერესოა, რამდენად შესადარისი იყო ის აკრედიტაციის ფურცელი, რაც დაწესებულებებმა მიიღეს, ანუ რამდენად ერთნაირი წონის არის. გასაგებია, რომ აკრედიტაცია, რაც დღეს არსებობს მსოფლიოში ერთი და იგივე მიმართულებას უყურებს, მაგრამ რამდენად დეტალურია და რას აქცევს ყურადღებას მნიშვნელოვნად განსხვავებულია. ეს უნდა ვიცოდეთ, რამდენად შესადარისია ეს პროცესები ერთმანეთთან.
მეორე საკითხი – აკრედიტაცია იდეით, არ არის ერთჯერადი პროცესი, JCI მაგალითად სამ წელიწადში ერთხელ აკეთებს გადამოწმებას. პერიოდულად ჩამოდიან და აკვირდებიან პროცესებს, მაგრამ ძირითადი მონიტორინგი გადამოწმება, რამდენად ვალიდურია აკრედიტაციის ფურცელი. გერმანიის, კანადის აკრედიტაცია ამას აკეთებს წელიწადში ერთხელ. ამდენად ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია აკრედიტაციის მიმნიჭებელ ორგანიზაციებთან რამდენად ითვალისწინებს ამ პროცესის განგრძობადობას, ესეც მნიშვნელოვანია. დღეს მიიღეს, მაგრამ 3 წლის შემდეგ რა იქნება არავინ არ იცის. თუ ვსაუბრობთ, რომ აკრედიტაცია ხელს უწყობს მომსახურების გაუმჯობესებას, მონიტორინგის საკითხი მნიშვნელოვანია, რაც ბუნდოვანია.
ზუსტად რაც ვიცი, აკრედიტაცია გაიარა ყველა ქსელურმა დაწესებულებამ, არსებობს დამოუკიდებელი კლინიკები, რომლებმაც ასევე გაიარეს. ჩემი ვარაუდით, პრობლემა ამ პროცესში შეექმნათ რეგიონებში არსებულ დაწესებულებებს, რის გამოც გადავადდა რეგულაციის ამოქმედება. ბევრი კლინიკაა რეგიონში, სადაც არჩევანის საშუალება არ არის და გინდა არ გინდა უნდა არსებობდეს,”- ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ქეთევან ჩხატარაშვილი.
What's Your Reaction?






