მოსკოვი აგვისტოს ომზე: მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების აღიარებები საქმედ იქცეს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 2008 წლის აგვისტოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ აღიარების ფონზე, რომ აგრესია სააკაშვილმა დაიწყო, ჟენევის დისკუსიებში წინსვლის იმედი არსებობს. „დღეს სამხრეთ კავკასიაში ტრაგიკული მოვლენების მე-17 წლისთავია. 2008 წლის 7 აგვისტოდან 8 აგვისტოს ღამით მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა, ქართულ-ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ ყველა საერთაშორისო შეთანხმების დარღვევით, განახორციელა […]


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 2008 წლის აგვისტოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ აღიარების ფონზე, რომ აგრესია სააკაშვილმა დაიწყო, ჟენევის დისკუსიებში წინსვლის იმედი არსებობს.
„დღეს სამხრეთ კავკასიაში ტრაგიკული მოვლენების მე-17 წლისთავია. 2008 წლის 7 აგვისტოდან 8 აგვისტოს ღამით მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა, ქართულ-ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ ყველა საერთაშორისო შეთანხმების დარღვევით, განახორციელა შეიარაღებული თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე. იმავდროულად, იერიში მიიტანა შერეული ძალების შემადგენლობაში მყოფი რუსი მშვიდობისმყოფელების დისლოკაციის ადგილებზე. ქართული აგრესიის წინასწარ განზრახული ხასიათი, რომელმაც მრავალი მსხვერპლი გამოიწვია მშვიდობიან ოსებსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის, მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა ტალიავინის ანგარიშით“, — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაში.
იმ ვითარებაში, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა გამიჯნული იყო, მოსკოვის მტკიცებით, რუსეთი აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც დროულად და ადეკვატურად უპასუხა ვერაგულ თავდასხმას.
„მოსკოვმა ჯერ ჩაატარა მშვიდობის იძულების ოპერაცია, ხოლო მოგვიანებით აღიარა სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოები“, — განაცხადა ზახაროვამ.
შეიარაღებული აგრესიის მოგერიების კიდევ ერთ შედეგად მოსკოვი ასახელებს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების დაწყებას — იგულისხმება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები — და ამბობს, რომ დისკუსიების მთავარი ამოცანაა „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამ ორ რესპუბლიკასა და ქართულ მხარეს შორის პირდაპირი დიალოგის შენარჩუნების გზით“.
ზახაროვას შეფასებით, დიდწილად ამ ფორმატისა და მისი ეგიდით მოქმედი მექანიზმების წყალობით, ბოლო წლებში შესაძლებელი გახდა შედარებითი სიმშვიდის შენარჩუნება „ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზღვრისპირა ტერიტორიებზე“ და ადგილზე დაძაბულობის ესკალაციის რისკების მინიმიზება.
„იმ ფონზე, რომ ბოლო წელია, ქართული ხელისუფლების მხრიდან ისმის საჯარო აღიარებები მიხეილ სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფაქტის შესახებ, ასევე განცხადებები აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების აუცილებლობაზე, არსებობს შესაძლებლობა, ველოდოთ წინსვლას სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ ეს გულახდილი განცხადებები საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან განმსაზღვრელი გახდეს თბილისის მიდგომებში სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობის ჩამოყალიბებისას, ასევე კონკრეტულ პრაქტიკულ საქმეებად იქცეს. უპირველეს ამოცანებს შორისაა, საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება, რაც იქნება არა მხოლოდ გარანტია 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების არგამეორების საიმედო გარანტია, არამედ საწყისი წერტილი „თბილისი-სოხუმი-ცხინვალის“ სამკუთხედში ნორმალიზაციისკენ სვლისთვის. საზღვრისპირა რაიონებში სამი სახელმწიფოს მდგომარეობის სტაბილიზაციას კი შეუწყობს ხელი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საზღვრების დელიმიტაციის დაწყება მათი შემდგომი დემარკაციით“, — ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს, „როგორც აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის უახლოესმა მეზობელმა“, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ამ პროცესებს.
კონტექსტი
რუსეთ-საქართველოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებები 8 აგვისტოს გაავრცელეს საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა. საერთაშორისო საზოგადოება ტრაგიკულ თარიღს გუშინ, 7 აგვისტოს გამოეხმაურა.
2024 წლამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურად, 7 აგვისტოს აქვეყნებდა განცხადებას რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე მიუხედავად იმისა, როდის აღნიშნავდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა ომის დაწყების თარიღს. ბოლო ორი წელია, საგარეო უწყება ომის წლისთავს 8 აგვისტოს ეხმაურება. ომის დაწყების თარიღი პირდაპირ კავშირშია დავასთან, თუ ვინ დაიწყო ომი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად 2008 წლის 7 აგვისტოს, 23:35 წუთზე გასცა სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება. რიგი დოკუმენტური წყაროები მიუთითებენ, რომ ამ დროისთვის საქართველოში უკვე შემოჭრილი იყო რუსეთის რეგულარული არმია, თუმცა მოსკოვის პოზიციაა, რომ ისინი საპასუხოდ, 8 აგვისტოს შემოვიდნენ. იმის მიხედვით, რომელ მხარეს მიიჩნევენ კონფლიქტის ინიციატორად, ომის წლისთავს 7 ან 8 აგვისტოს აღნიშნავენ.
What's Your Reaction?






