მოცვის გლობალური წარმოება იზრდება – როგორ მოსავალს ელოდებიან საქართველოში?
მოცვის გლობალური ფართობი ყოველწლიურად, სულ მცირე, 10%-ით იზრდება, ხოლო მთლიანი წარმოება ბოლო 10 წლის განმავლობაში გაორმაგდა. ამის შესახებ მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Blueberry Organization-IBO) მონაცემებში წერია, რასაც აგროპორტალი, EastFruit ავრცელებს. კერძოდ, 2023 წელს მოცვის მთლიანმა წარმოებამ 1.78 მლნ ტონას მიაღწია, ხოლო 2024 წელს ისტორიაში პირველად 2.0 მლნ ტონას გადააჭარბა. IBO-ს შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ მოცვის […]


მოცვის გლობალური ფართობი ყოველწლიურად, სულ მცირე, 10%-ით იზრდება, ხოლო მთლიანი წარმოება ბოლო 10 წლის განმავლობაში გაორმაგდა. ამის შესახებ მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Blueberry Organization-IBO) მონაცემებში წერია, რასაც აგროპორტალი, EastFruit ავრცელებს.
კერძოდ, 2023 წელს მოცვის მთლიანმა წარმოებამ 1.78 მლნ ტონას მიაღწია, ხოლო 2024 წელს ისტორიაში პირველად 2.0 მლნ ტონას გადააჭარბა.
IBO-ს შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ მოცვის გლობალური წარმოება ვაშლის წარმოებაზე, თითქმის, 50-ჯერ ნაკლებია, მოცვის საერთაშორისო ვაჭრობა მას მხოლოდ 20%-ით ჩამორჩება.
2023 წლისთვის მოცვის გლობალური პლანტაციების ფართობმა 267 ათას ჰექტარს მიაღწია, რაც, 2022 წელთან შედარებით, 7.2%-ით მეტია. ამით 2019 წელს დაფიქსირებული 201 ათასი ჰექტრიდან პლანტაციების ფართობის სტაბილური ზრდა გაგრძელდა.
მოცვის მსოფლიო ნარგავებში ყველაზე დიდი, ანუ 42%-იანი წილი ლათინურ ამერიკას ეკუთვნის, რაც პერუში, მექსიკასა და ჩილეში განხორციელებულ მასიურ ინვესტიციებს ასახავს.
ასევე, სწრაფად იძენს იმპულსს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, სადაც ჩინეთი ლიდერობს, რომელიც მოცულობით მსოფლიოში უმსხვილესი მოცვის მწარმოებელი გახდა.
2023 წელს მოცვის გლობალურმა წარმოებამ 1.78 მლნ ტონას მიაღწია, რომლის 88% ჩინეთის, აშშ-ისა და პერუს ერთობლივი წილია. აღსანიშნავია, რომ ამჟამად მსოფლიოში მოცვის, დაახლოებით, 32%-ს მხოლოდ ჩინეთი აწარმოებს, რა მაჩვენებლითაც ქვეყანამ 2021 წელს აშშ-ს გადაუსწრო.
რაც შეეხება ვაჭრობას, ახალი მოცვის ექსპორტი წარმოების ზრდის პარალელურად წელიწადში, საშუალოდ, 10%-ით იზრდება, რაც წლიურად, დაახლოებით, დამატებით 60 000 ტონას შეადგენს.
აშშ და ევროპა მოცვის უმსხვილეს მომხმარებლებად რჩებიან. მაგალითად, 2023 წელს გლობალური იმპორტის 48%-ს აშშ-ისა და ნიდერლანდების ერთობლივი წილი შეადგენდა. ნიდერლანდები ევროპის ლოგისტიკური ცენტრის როლს ასრულებს.
IBO წერს, რომ სამხრეთ ნახევარსფეროში გაფართოებული წარმოებისა და სათბურებში მოყვანის შედეგად ახალმა მოცვმა წლიური პროდუქტის გლობალური სტატუსი განიმტკიცა, რომელიც ბაზარზე წელიწადში 12-ივე თვის განმავლობაში არის ხელმისაწვდომი.
საქართველოში წელს 7-დან 8 ათას ტონამდე მოცვის მოსავალს ელოდებიან
რაც შეეხება საქართველოს, მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის ცნობით, წელს ქვეყანაში 7,000–8,000 ტონამდე მოცვის წარმოება არის პროგნოზირებული. წარმოება მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2023 და 2024 წლებში ჩილესა და პერუში გაცნობითი მისიები შედგა, რომლის დროსაც ქართველმა ფერმერებმა წარმოების მეთოდებისა და პროდუქციის შორი ტრანსპორტისთვის მომზადების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღეს.
ამჟამად მოცვის პლანტაციები 3000 ჰექტარს შეადგენს, თუმცა უმეტესობა ჯერ კიდევ ახალგაზრდა, სამიდან ოთხ წლამდე ასაკის ნერგია და წარმოება სრული სიმძლავრით ჯერ ვერ მუშაობს. თუმცა ასოციაცია 2028 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით 20,000–25,000 ტონა მოცვის წარმოებას პროგნოზირებს.
ევროკავშირში ექსპორტის გაფართოების გარდა, ასოციაცია მიზნად ისახავს ინდოეთში, ისრაელსა და საუდის არაბეთში მიწოდების დაწყებას. კიდევ ერთი გრძელვადიანი სამიზნე ჩინეთია, რისთვისაც ჯერ ფიტოსანიტარიული ოქმების შეთანხმება არის საჭირო.
ასოციაციის შეფასებით, მოცვის სექტორში საქართველოს პოტენციალის გასაღები უნიკალური საექსპორტო ფანჯარაა, რომელიც ევროპისა და მეზობელი ქვეყნების მსხვილი მწარმოებლებისგან კონკურენციას გამორიცხავს. კერძოდ, ქართული მოცვი მაისიდან ივლისის დასაწყისამდე მოდის და ბაზარზე მაშინ შედის, როცა მაროკო და ესპანეთი ბოლო მოსავალს აგროვებენ. ამასთან, სერბეთი ქართული მოცვის წარმოების დაწყებიდან, დაახლოებით, 12-14 დღის შემდეგ იწყებს მიწოდებას, რომელსაც რუმინეთი მოსდევს, ხოლო პოლონეთი ბაზარზე ივნისის ბოლო-ივლისის დასაწყისში ჩნდება.
საქართველოს კიდევ ერთი უპირატესობა, ზღვის დონიდან დაწყებული 1000 მეტრ სიმაღლემდე დამთავრებული, მოცვის მოშენების პირობების ფართო სპექტრია. ეს ქვეყანას საშუალებას აძლევს, წარმოება ღია გრუნტზე მაისიდან სექტემბრამდე გააფართოოს, ხოლო დაცულ გრუნტზე წარმოება ორი კვირით ადრე იწყება.
ასოციაციის შეფასებით, საქართველო საერთაშორისო ბაზრებზე შესაძლოა, მოცვის მეტად ღირებულ მიმწოდებლად იქცეს, რადგან ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს. კერძოდ, პროდუქცია ავიამიწოდებით, მაგალითად, დუბაიმდე 3,5 საათში, ხოლო ინდოეთში სულ რაღაც 5 საათში ჩავა.
რაც შეეხება ჯიშებს, ქართველი მეწარმეები ამჟამად ახლებზე არიან კონცენტრირებული, როგორიც არის Fall Creek და Sekoya, ხოლო ძველი, მათ შორის, Star-ის ჯიშები ადრეული წარმოებისთვის გამოიყენება.
საქართველოში მოცვის პირველი ნერგები 2011 წელს გაჩნდა, ხოლო 2015 წელს პირველი კომერციული მოსავალი იქნა აღებული. თავიდან წარმოების, დაახლოებით, 1000 ჰექტარ ფართობზე მოყვანილი მოსავლის 99% ექსპორტზე რუსეთში გადიოდა.
2024 წლის ბოლოს ქვეყანა მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში (IBO) გაწევრიანდა.
ცნობისთვის: საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია 2023 წელს შეიქმნა, რომლის მიზანიც სექტორის კონსოლიდაცია და განვითარება, ასევე, მსოფლიო ბაზარზე გასვლა და საერთაშორისო მასშტაბით ქართული მოცვის პოზიტიური რეპუტაციის შექმნაა. ასოციაცია 20 წამყვან მწარმოებელს აერთიანებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 1000 ჰექტარზე მეტ პლანტაციებს მართავენ.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“
What's Your Reaction?






