პლეი ოფში 8 საუკეთესო დაწყვილდა, ამრამ სუპერლიგა დატოვა, ორბი გადათამაშებაშია

დასრულდა სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი. ბოლო, 22-ე ტურის დარჩენილმა ორმა მატჩმა გაარკვია პლეი ოფის ყველა წყვილი და...

აპრ. 14, 2025 - 01:27
 0
პლეი ოფში 8 საუკეთესო დაწყვილდა, ამრამ სუპერლიგა დატოვა, ორბი გადათამაშებაშია
დასრულდა სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი. ბოლო, 22-ე ტურის დარჩენილმა ორმა მატჩმა გაარკვია პლეი ოფის ყველა წყვილი და ის გუნდებიც, რომლებმაც ბოლო 2 ადგილი დაიკავეს. ბოლო, მე-11 ადგილზე გასული გაგრის ამრა “ა” ლიგაში დაქვეითდა, ხოლო მეათეზე გასული ტყიბულის ორბი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად კასპის გრიფინს დაუპირისპირდება.

გრიფინმა “ა” ლიგის ფინალი რუსთავთან წააგო და სუპერლიგაში გადასვლის დამატებითი შანსი აქვს, ჩემპიონი რუსთავი კი უმაღლეს ლიგაში გაგრის ამრას ჩაანაცვლებს. ამრას დაქვეითების ამბავი ბათუმისა და ორბის მატჩის შედეგმა გაარკვია. ბოლო 2 მატჩი სატურნირო მნიშვნელობის გათვალისწინებით ერთდროულად იყო დანიშნული, თუმცა დიღმის არენაზე ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის გამო ამრა-კსუ-ს მატჩი მოგვიანებით დაიწყო.

ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე, ორბმა ბათუმი 88:86 (სტატისტიკა) დაამარცხა და ბოლო ადგილზე გასვლა აირიდა. როცა ეს მატჩი დასრულდა, ამრა კავკასიას 10 ქულით ამარცხებდა და მთელი მეორე ნახევარი წინ იყო. ამრამ, რა თქმა უნდა, შეიტყო ორბის გამარჯვებისა და შესაბამისად, მისი “ა” ლიგაში დაქვეითების ამბავი, რამაც ცხადია, უარყოფითად იმოქმედა.

კსუ-ს, მოგება სჭირდებოდა, ბოლოსწინა, მე-10 ადგილზე რომ არ გასულიყო და სუპერლიგაში დასარჩენად გრიფინს რომ არ დაჰპირისპირებოდა. მესამე პერიოდიდან კავკასიამ ჩამორჩენის გაბათილება იწყო, ამრას დაეწია და მეტოქეზე გადამწყვეტი იერიში ბოლო პერიოდში მიიტანა. საბოლოოდ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა 88:80 (სტატისტიკა) იმარჯვა და რეგულარული ჩემპიონატი მე-9 ადგილზე დაასრულა – ვერც პლეი ოფში გავიდა და გადათამაშებაც თავიდან აირიდა.

ორბთან დამარცხებული ბათუმი კი მე-8 ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში ქუთაისთან დაწყვილდა. საბოლოოდ სუპერლიგის მეოთხედფინალურმა წყვილებმა ასეთი სახე მიიღო:

1. ქუთაისი – ბათუმი
2. ივერიონი – მარგვეთი
3. ვსა – გურჯაანი
4. თსუ – რაში

პლეი ოფის ყველა სტადიაზე (მეოთხედფინალი, ნახევარფინალი, ფინალი) საპლეიოფო სერია 3 მოგებამდე გრძელდება. პლეი ოფი 23 აპრილს დაიწყება.

GBF.GE

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow