პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ალექსი ახვლედიანს, რომლის იარაღითაც, გამოძიების ვერსიით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. ახვლედიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ახვლედიანისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში […]


პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ალექსი ახვლედიანს, რომლის იარაღითაც, გამოძიების ვერსიით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა.
ახვლედიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ახვლედიანისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თორნიკე რიჟვაძე სტუმრად იმყოფებოდა, საგარეჯოში, თავისი მეგობრის ალექსი ახვლედიანის სახლში.
7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ალექსი ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ალექსი ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ალექსი ახვლედიანი გუშინ, 7 ივლისს დააკავეს მას შემდეგ, რაც მის საგარეჯოში მდებარე სახლში, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, გამოძიების ვერსიით, თვითმკვლელობა სცადა.
გამოძიების ვერსიით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს ეკუთვნოდა იარაღი, საიდანაც გაისროლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ალექსი ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით ედავება.
ალექსი ახვლედიანი თავდაპირველად საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში, მოგვიანებით კი თბილისში, დიღმის იზოლატორში გადმოიყვანეს.
როგორც ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა ტვ პირველს უთხრა „ალექსი ახვლედიანს მძიმე ემოციური მდგომარეობა აქვს“.
What's Your Reaction?






