"რაში" სუპერლიგაში დარჩა | "კავკასიასა" და "ამრას" დასარჩენად ბრძოლა მოუწევთ
"რაში" სუპერლიგაში დარჩა | "კავკასიასა" და "ამრას" დასარჩენად ბრძოლა მოუწევთ

კავკასიას ბოლო პერიოდში ცუდი ჩვეულება დასჩემდა. დასაწყისში ნებისმიერ მეტოქეს ამარცხებს, თუმცა საბოლოოდ წაგებული გამოდის. ბექა წივწივაძის გაწვრთნილი კავკასიელები თავიდან 9 ქულას იგებდნენ, მაგრამ ლიდერობა ვერ შეინარჩუნეს. ვსა-ს გუნდური თამაში და მონდომება დაუფასდა. პერიმეტრზე ჯერმეინ ჰედი და დათა კაკუშაძე, ხოლო ფარქვეშ ქსავიერ ჰილ-მეისი და შაქუან ჯულსი ბატონობდნენ.
ვსა-მ ბოლო პერიოდში ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვა, რომელიც ბოლომდე შეინარჩუნა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა – 79:75 (სტატისტიკა). გამარჯვებულებს ჰედმა ულიდერა, რომელმაც 18 ქულა და 6 პასი მოაგროვა. 11 ქულა და 12 მოხსნა ჯულსმა, 12 ქულა და 12 მოხსნა კი ჰილ-მეისმა მიითვალეს. დათა კაკუშაძემ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. კავკასიაში 22 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო შამარ რაითი. 8 ქულით და 13 მოხსნით გიორგი ტურძილაძე გამოირჩა.
კავკასია 6 მოგებითა და 12 მარცხით ბოლოსწინა ადგილზე მყოფ ორბს გაუთანაბრდა. ბოლოზე გაგრის ამრაა, რომელსაც დღეს შანსი ჰქონდა, ცხრილის ფსკერისთვის თავი დაეღწია, მაგრამ არ გამოუვიდა. ამრელთა მეტოქე მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე სუპერლიგის ლიდერი ქუთაისი გახლდათ. დეიან პროკიჩის გაწვრთნილ გაგრელებს წარმატების შანსი მცირე ჰქონდათ და ის ვერც გამოიყენეს.
თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისმა მეორე ათწუთეული 24:16 მოიგო და დიდ შესვენებაზე ხელჩასაჭიდი ლიდერობით გავიდა. მესამე პერიოდი საკვანძო გამოდგა, რომელშიც ამრამ ვერაფერი შეცვალა და იმერულმა კლუბმა ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. გიორგი კორსანტია ვერავინ შეაჩერა, ვისმა შედეგიანობამ ქუთაისელებს გამარჯვების მოპოვება გაუადვილა.
საბოლოოდ თამაში ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. ქუთაისმა 100:84 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და სუპერლიგის ლიდერობა ცხრილში ასახა. აქამდე იმერული კლუბი მხოლოდ დაკარგული ქულებით ლიდერობდა და რაკი თამაშები მეტოქეებთან შედარებით მუდმივად ნაკლები ჰქონდა, ცხრილში ქვედა საფეხურებზე იმყოფებოდა. ახლა კი ქუთაისელებს ოპონენტების ოდენობის თამაშები დაუგროვდათ და ცხრილში კუთვნილ პირველ ადგილზეც გადაინაცვლეს. ამრას რაც შეედება, გუნდს სუპერლიგაში დასარჩენად დარჩენილ 2 ტურში მოუწევს ბრძოლა.
ყველაზე საინტერესო შედეგი დღის მე-3 მატჩში დაფიქსირდა, რომელიც ბათუმში გაიმართა. აჭარულმა გუნდმა თბილისის რაშს უმასპინძლა და 66:75 (სტატისტიკა) დამარცხდა. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ამ გამარჯვებით მთავარი მიზანი გადაჭრა – სუპერლიგაში დარჩენა გაინაღდა. დარჩენილ 2 ტურში რაც გინდა მოხდეს, რაში მე-9 ადგილს ვერ ჩამოსცდება.
მე-20 ტური 6 აპრილს, გირში დასრულდება, სადაც ივერიონი გურჯაანის დელტას უმასპინძლებს.
What's Your Reaction?






