რეგულარული სეზონი დაუმარცხებლად მხოლოდ "ლელომ" განვლო | ჭაბუკთა "ბ" ლიგა
რეგულარული სეზონი დაუმარცხებლად მხოლოდ "ლელომ" განვლო

პირველი ჯგუფის გამარჯვებული და მოქმედი ჩემპიონი "ლელო" "ბათუმს" მესამე მასივში დაუხვდა. პირველი ნახევარი ჩემპიონის სრული უპირატესობით წარიმართა. ლიდერის წარმატებას საფუძველი ჰავბეკი კაპიტნის ნიკოლოზ გვრიტიშვილის დადებულმა ლელომ ჩაუყარა, რასაც შესვენებამდე შუამარბ ლუკა ჯიქიძის, ფრთა ტატო ტალახაძისა და მღლეტელ ნიკოლოზ ზარნაძის გატანილი ლელობი მოჰყვა. ‘ლელომ’ პირველი ტაიმი 25-ქულიანი სხვაობით მოიგო.
მეორე ნახევარში ‘ბათუმი’ გააქტიურდა და მასპინძელთა მარბიელ ლუკა შულაიას გატანილ ლელოს, 3 საპასუხო ლელო დაუპირისპირა. აღსანიშნავია, რომ ‘ლელოს’ მგეზავმა ოთო ტალახაძემ ყველა რეალიზაცია გამოიყენა. მატჩის მიწურულს აჭარელთა ფრთა გიგი აბაშიძის გატანილმა ლელომ ბექა ყორიაულის გუნდს პრემიალური ქულით მოგება არ დაანება. ‘ლელომ’ მატჩი-35:24 მოიგო და მე-2 ეტაპის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად შეიქნა. ჩემპიონმა 10-ივე შეხვედრა მოიგო / მათ შორის 8 მატჩი ბონუს-ქულით / და 48 საცხრილო ქულით მონაწილეთა შორის საუკეთესო შედეგიც აჩვენა.
მე-2 ჯგუფის გამარჯვებული ‘ხვამლი’ კი „აია არენაზე“, ვიცე-ჩემპიონ ‘აიას’ ესტუმრა. რიონისპირელები პრინციპულ მეტოქესთან რევანშს ეშურებოდნენ და ძალთა მაქსიმალური კონცენტრაციაც შეძლეს, რამაც მატჩის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია. შეხვედრის დებიუტში ‘აიას’ მგეზავ ატო ლიპარტელიანის გატანილ ჯარიმას, მუხიანელთა ფრთა გიორგი ირემაძის საპასუხო გატანილი ჯარიმა მოჰყვა. ‘აიამ’ ტემპი გაზარდა და ფრთა ბენო დეისაძის გარდაუსახავი ლელოსა და ფულბეკ მათე ბებიას გატანილი ჯარიმით შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით წავიდა.
მეორე ტაიმში ‘აია’ კიდევ უფრო გააქტიურდა. მასპინძლები ფეხით ტაქტიკურად კარგად მოქმედებდნენ, ნაკლებ შეცდომას უშვებდნენ და მუხიანელებს თამაშის ორგანიზაციის ხარისხშიც აღემატებოდნენ. რიონისპირელებმა აღნიშნული უპირატესობა მათე ბებიას შესრულებულ „დუბლში“ ასახეს / მასპინძლებს ორივე გარდასახვა გაუცუდდათ /. მატჩის მიწურულს ‘ხვამლის’ კვაჭ ნიკა იობაშვილის გარდაუსახავმა ლელომ კი ‘აიას’ მხოლოდ პრემიალური ქულის აღება არ დაანება. რიონისპირელებმა ‘ხვამლს’ სეზონში პირველი მარცხი აგემეს-21:11. ‘აიამ’ მეორე ჯგუფურ ეტაპზე მე-8 შეხვედრა მოიგო და ‘ხვამლს’ ცხრილში 7 ქულით ჩამორჩა.
მე-2 ჯგუფურ ეტაპს მოუგებელი გუნდი არ შემორჩა. მას შემდეგ, რაც ყველა შეხვედრაში მარცხგანცდილმა ‘წიქარამ’ ნავსი დასკვნით ტურში გატეხა, ‘ფოთს’ დაძაბულ ბროლაში-17:12 აჯობა და ხსენებულ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
უმცროსი ასაკის ჭაბუკთა ლიგის ახალი დებულების თანახმად, საჩემპიონო პლეი ოფის წინ საკლასიფიკაციო, 2-მატჩა პლეი ოფი გაიმართება, რომლის შედეგების მიხედვით „ოქროს“ პლეი ოფის 16 მონაწილე 1/8-ურ ეტაპზე დაწყვილდება. აღნიშნულ ეტაპზე „ოქროს“ ჯგუფის 12-ივე ბინადარს, „ვერცხლის“ ჯგუფის 4 წარმატებული გუნდი შეურთდება. საჩემპიონო პლეი ოფის ყველა ეტაპი 1-მატჩა იქნება და შეხვედრები უკეთეს-ნომრიანი გუნდების არენებზე გაიმართება. დიდი ფინალისა და ბრინჯაოს მედლის გამოსავლენი მატჩის ლოკაციას კი რაგბის კავშირი მოგვიანებით განსაზღვრავს.
წინასწარ პლეი ოფში, განსაკუთრებულ ყურადღებას „ოქროს“ ჯგუფების გამარჯვებულების ‘ლელოსა’ და ‘ხვამლის’ დაპირისპირება იწვევს, რომლის გამარჯვებული საჩემპიონო პლეი ოფს პირველ ნომრად შეხვდება. ‘ლელომ’ მეორე ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეზე მეტი საცხრილო ქულა დააგროვა და დებულების თანახმად პირველ შეხვედრას სტუმრად, „ხვამლი არენაზე“ გამართავს.
ინტერესმოკლებული არც "ბათუმისა" და "აიას" მატჩები იქნება. აჭარლებმა მე-2 ეტაპზე მეტი საცხრილო ქულა აიღეს და პირველ შეხვედრას "აია არენაზე" ჩაატარებენ.
rugby.ge
What's Your Reaction?






