სევილიას ფეხბურთელს 3-წლიანი ციხე ემუქრება
„სევილიას“ 23 წლის მცველი კიკე სალასი შესაძლოა მძიმე იურიდიული პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს – ესპანურ მედიაში გავრცელებული ცნობით...

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა ფეხბურთელის მობილური ტელეფონიდან ამოღებულ შეტყობინებებში აღმოაჩინეს მინიშნებები, რომ სალასი საკუთარი მეგობრის დახმარებით წინასწარ გეგმავდა მატჩებში ყვითელი ბარათის მიღებას. როგორც ირკვევა, აღნიშნული შეთანხმების მიზანი ფსონების მოგება და დამატებითი ფინანსური სარგებლის მიღება იყო.
ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი 14 აპრილს, „ლას პალმასთან“ გამართულ შეხვედრას უკავშირდება. ოფიციალური ცნობებით, სალასის მეგობარმა თამაშამდე ხუთ ბუკმეკერულ საიტზე ერთი და იგივე ფსონი განათავსა – სალასის მიერ ყვითელი ბარათის მიღებაზე. საბოლოოდ, ყველა ფსონი მოგებულად ჩაითვალა.
სატელეფონო მიმოწერის გარდა, გამოძიება ამტკიცებს, რომ 2023/24 წლების სეზონში ფეხბურთელმა საეჭვო გარემოებებში საერთო ჯამში ხუთ შეხვედრაში მიიღო ყვითელი ბარათი. აღნიშნულ ინციდენტზე „სევილია“ ჯერჯერობით საჯარო განცხადებას არ აკეთებს.
ცნობისთვის, იანვარში კიკე სალასი ახლოს იყო „ლაციოში“ გადასვლასთან, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და სავარაუდოდ, სწორედ მიმდინარე გამოძიებამ შეაჩერა მისი იტალიური კარიერის დაწყება. მცველს „სევილიასთან“ მოქმედი კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს.
What's Your Reaction?






