სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და "თსუ" შეერკინებიან

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და "თსუ" შეერკინებიან

მაი. 15, 2025 - 02:27
 0
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და "თსუ" შეერკინებიან
სუპერლიგის ფინალში ბოლო 2 სეზონის ჩემპიონები – თსუ და “ქუთაისი 2010” შეხვდებიან. იმერული კლუბი მოქმედი ჩემპიონია, უნივერსიტეტელებმა კი ტიტული ბოლოსწინა სეზონში მოიგეს. ჩემპიონობის შემდეგ, ორივე გუნდმა ევროტურნირზე იასპარეზა და თავი არც ერთს არ შეურცხვენია. რომელი მათგანი გახდება საქართველოს ჩემპიონი და მოიპოვებს ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობის უფლებას, მაისის ბოლომდე გამოჩნდება, როცა ფინალური სერია დასრულდება.

ორივე გუნდმა ნახევარფინალური სერია 3:1 მოიგო. თსუ-მ გურჯაანის დელტა დაამარცხა, ხოლო ქუთაისმა – ზესტაფონის მარგვეთი. თსუ-ს ნაკლებად და ქუთაისელებს გამარჯვების მოპოვება გვარიანად გაუჭირდათ. წინა მატჩის მსგავსად, ქუთაისელებმა ამჯერადაც 2 ქულით – 85:83 (სტატისტიკა) იმარჯვეს, თუმცა კრისტიან ჯონსს საფინალო სირენის თანხლებით ნასროლი სამქულიანი რომ ჩაეგდო, სერიაში ანგარიში გათანაბრდებოდა.

მარგვეთმა ქუთაისს ამჯერადაც დიდი ბრძოლა გაუმართა და შანსს ბოლო წამებამდე ინარჩუნებდა. ის კი არა, მეორე პერიოდში მარგვეთი 12 ქულით იგებდა და ქუთაისი რთულ სიტუაციაში იყო. ზესტაფონი ალბათ ასე ვერ გაუძალიანდებოდა ფავორიტად მიჩნეულ ქუთაისს, რომ არა ელაია ჯოინერის ტრავმა. ამერიკელი ლეგიონერი ქუთაისელებს ვერ ეხმარება.

მესამე პერიოდში კოტე ტუღუშის ტაქტიკურმა მანევრებმა თამასის სცენარი ქუთაისელთა სასარგებლოდ შეცვალა. სტუმრებმა ლიდერობა მოიპოვეს, ხოლო მარგვეთი კვალში ჩაუდგა და ბოლო წამებამდე ცდილობდა დაწინაურებას, რისი შანსიც ზედ სირენის წინ, ბოლო შეტევაში გაუჩნდა, მაგრამ როგორც გითხარით, ჯონსმა გამარჯვების სამქულიანი ააცილა.

ქუთაისის შემადგენლობაში ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა სუპერლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მოთამაშედ არჩეულმა გიორგი კორსანტიამ, რომელმაც 38 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. 12 ქულა დააგროვა გიორგი სულაბერიძემ, ხოლო ბეა ბექაურის ანგარიშზე 7 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. მარგვეთში 19 ქულით და 9 მოხსნით ჯონსი გამოირჩა, ვახტანგ გაფრინდაშვილმა 22 ქულა დააგროვა,

თსუ-მ გურჯაანში სერიის გადამწყვეტი მატჩი კლასიკურად მოიგო. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ უნივერსიტეტელებს დისკვალიფიცირებული კარსონ ბაშამი და ტრავმირებული ოთო ფხაკაძე აკლდათ, თუმცა ვინც მოედანზე იყო, სამაგალითოდ იბრძოლეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს – 82:66 (სტატისტიკა). არადა, რა სხვაობაც დაფიქსირდა, სწორედ იმდენით მოიგო თსუ-მ ბოლო პერიოდი. ანუ მესამე ათწუთეულის წინ ანგარიში თანაბარი იყო.

ზედ მესამე პერიოდის სირენის თანხლებით დანია კინგსბი, ანგარიში პირველად და უკანასკნელად გაათანაბრა. თსუ სულ სხვანაირად მობილიზებული დაბრუნდა მოედანზე და ბოლო პერიოდი გაქცევით დაიწყო. ძალიან მალე უნივერსიტეტელთა უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა და თამაშიც ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა.

თსუ-ს ალექსანდრე ფევაძემ ულიდერა – 22 ქულა, 18 მოხსნა. 14 ქულა მოაგროვა ვილი ისიანმა, გიორგი ცინცაძის ანგარიშზე 11 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი დაგროვდა. გურჯაანელთაგან 17 ქულით ჯორდან სვოპშირი გამოირჩა. 16 ქულა დანია კინგსბის ანგარიშზეა.

ფინალური სერია 20 მაისს დაიწყება და ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომელიც 3 გამარჯვებას მოიპოვებს. მესამე ადგილისთვის მატჩში მარგვეთი ზესტაფონში გურჯაანის დელტას უმასპინძლებს.

gbf.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow